"ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა"

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია და ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია. ასე შეაფასა ბესელიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადება. როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, ივანიშვილის ეს განცხადება ამომრჩევლის გამხნევებაა.

“ვხედავ, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში. ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც გარეთ არის. ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა. მას ასეთი ციფრები ბევრჯერ მოუსმენია. მგონია, ან შეგნებულად იმყოფება ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში და ვერ გრძნობს იმ რეალობას, რაც არის გარეთ, ან მეორე ვერსიაა - იცის, რაც ხდება და ესაა გამხნევება ამომრჩევლების არჩევნების წინ”,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ივანიშვილის თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

"ინტერპრესნიუსი"