რა წერია ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში - კვირის პალიტრა

რა წერია ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში

იმისთვის, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი კომისიის რეკომენდაციასთან მოვიდეს თანხვედრაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გულისხმობს, საჭიროა, კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთების პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობის გასაჯაროვება, რომელმაც ხმა მისცა, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნა.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით წავიდა, როდესაც ფარული კენჭისყრა გააუქმა და უზრუნველყო, რომ ყველა ხმას თანდართული უნდა ჰქონოდა წერილობითი დასაბუთება, რაც ამასთანავე, საჯარო ინფორმაცია გახდა. თუმცა კომისიის განმარტებით, ჯერ კიდევ რჩება ვენეციის კომისიის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც კანონში ასახული არ არის და შემდგომ მუშაობას საჭიროებს.

„იმისთვის, რომ კანონი კომისიის სხვა რეკომენდაციასთან მოვიდეს თანხვედრაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გულისხმობს, საჭიროა კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთების პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობის გასაჯაროვება, რომელმაც ხმა მისცა. იმავე მიზნით საჭიროა დასაშვები გახდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მეორე და საბოლოო გასაჩივრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების. უნდა გადაიხედოს რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, უნდა განიხილებოდეს არამოსამართლე კანდიდატების მოთხოვნა, გაიარონ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა,რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ „სამართლის დარგში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი“. მსგავსი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი კი არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს გამოცდა იმის დასამტკიცევლად, რომ შუძლია გაუმკლავდეს კანონის საკითხებს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსია. რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, უნდა იყოს გამორიცხული ყველა პროცედურიდან, რომელიც დაკავშირებულია ამ კანდიდატების წარდგენასა და არჩევასთან, ასევე, რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა ინიცირებული უნდა იყოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ამოწურვამდე, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ უზენაეს სასამართლოში არ შეიქმნას მოსამართლეთა სიმცირე, გათვალისწინებული იყო 2019 წლის პირველ მაისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით. 2019 წლის ივნისში ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული სხვა რეკომენდაციები, როგორც ჩანს, გათვალისწინებული არ არის და ჯერ კიდევ საჭიროებს მუშაობას.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე და უკანასკნელი მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დატკიცდა, თუმცა რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში მომავალი დახმარებისთვის“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვითარება უჩვეულოა და ის მოითხოვს ძალიან მაღალი დონის გამჭვირვალობას, რაც არ არის სტანდარტული მოლოდინი ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში, - წერია დასკვნაში, რომელიც კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნა.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ წარსულში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა სირთულეები ქართულ სისტემაში სანდობიის დამყარებასთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიას სურს შექებით აღნიშნოს ის დეტალური შრომა, რომელიც გაწეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, შეფასებისა და ხმის მიცემის პროცესის შეცვლაში, რომლის შედეგადაც გაუქმდა ფარული კენჭისყრა და უზრუნველყოფილ იქნა მეტი გამჭვირვალობა კანდიდატების საჯარო მოსმენის ფორმატში გამოკითხვითა და ამასთანავე, წერილობითი დასაბუთების წარმოდგენით. ეს ინფორმაცია და წერილობითი დასაბუთება გადაცემული უნდა იყოს პარლამენტში, მათი კენჭისყრისთვის. ეს, პროცედურას საკმაო ხარისხის გამჭვირვალობას სძენს და ამასთანავე, იუსტიციის უმაღესი საბჭოს გადაწყვეტილებებს საჯარო კონტროლს უქვემდებარებს. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, „საერთო სასამართოების შესახებ“ ორგანული კანონის ეს ცვლილებები სწორი მიმართულებით წავიდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პირველ ნაწილთან მოვიდა თანხვედრაში, რომლის თანახმადაც, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და გამორიცხვის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი,“- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

"ინტერპრესნიუსი"