"რუსეთი ცდილობს აზერბაიჯან-საქართველოს გეოსტრატეგიული კვანძი დაშალოს"
"რუსეთი ცდილობს აზერბაიჯან-საქართველოს გეოსტრატეგიული კვანძი დაშალოს"
"აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნება ბევრი მიზეზის გამო, ამიტომაც ახლა ისინი ამ საკითხის იგნორირებას ცდილობენ"

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთის გარშემო სკანდალი გრძელ­დება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია რუკა, რომლითაც საქართველოს პოზიცია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში გაცილებით უფრო დამაჯერებელი და მტკიცე იქნება, მოგეხსენებათ, პროკურატურამ საქმე აღძრა და ძიება დაიწყო, 7 ოქტომბერს კი დააკავეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს
სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ისინი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები იყვნენ. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის -
დავითგარეჯასთან. ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და არ აღიარებენ. პროცესი ისეთი პოლიტიზებულია, რომ რთულია მტყუან-მართლის გარკვევა, მით უფრო - წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება ამ ვითარებით ხელის მოთბობას ცდილობს, თუმცა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანას შეიძლება ბეწვის ხიდზე მოუწიოს გავლამ. ამ ვითარების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

გია ხუხაშვილი

- როდესაც საქმე დავითგარეჯას ეხება, პრობლემა ფუნდამენტურია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ტერიტორიებზე, უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ეს თემა არ ითვლება კვადრატული მეტრებით, არც არანაირი თანხით, რადგან მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. აქედან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ, რომ საკითხი გადაწყდეს ჩვენი ინტერესების შესაბამისად. მისასალმებელია, თუ დოკუმენტური დადასტურება არსებობს, რომ ეს ტერიტორიები ერთმნიშვნელოვნად საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა საბუთი უნდა მოვიძიოთ ამის დასამტკიცებლად. მეტიც - რომც ვერ მოვიძიოთ, ვფიქრობ, ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ისეთი დამოკიდებულებაა, რომელიც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ პრობლემის გადაჭრისას კომპრომისი გამოიძებნება, თუმცა, რაკი ეს კომპრომისი აქამდე ვერ მოიძებნა, აშკარაა, რომ ამ საკითხს აზერბაიჯანშიც მტკივნეულად უყურებენ. ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ალბანური კულტურის ძეგლებია. ამიტომაც დაკონსერვდა ეს პრობლემა, ანუ რადგან ასეთ ფაქიზ თემას შეეხებოდა, ჩვენმა ყოფილმა ხელისუფლებებმა ეს საკითხი დააკონსერვეს და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი არ დადგენილა, ეს პრობლემას არავის უქმნიდა. სასულიერო პირებსაც რომ ჰკითხოთ, მათ ამ ტერიტორიაზე მიმოსვლა და საეკლესიო რიტუალების აღსრულება თავისუფლად შეეძლოთ. ამ თემის აქტუალიზაცია და ჯინის გამოშვება დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც რატომღაც ალაპარაკდა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მაშინ, როდესაც არც სომხეთთან გვაქვს საზღვარი დადგენილი და რუსეთთან რაც ხდება, ყველამ ვიცით. სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მოჰყვა გაუგებრობა, დაძაბულობა და ადგილზეც უკვე გაჩნდა თოფიანი კაცი, რაც, ჩემი აზრით, იყო დიდი უგუნურება და სახელმწიფოებრივი პროვოკაცია.

- თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა მუდმივად მოუგვარებელი ვერ იქნება...
- გეთანხმებით. ამიტომაც ამ თემაზე მუდმივად უნდა მუშაობდეს კომისია, მოძიებულ იქნეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით ყველაფერი გაირკვევა, საბოლოო გადაწყვეტილებები კი კომპრომისით მიიღება...
რაც შეეხება დღეEვანდელ ვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს პრობლემა არც რუკებია, არც დემარკაცია და არც თუნდაც გამოძიება. პრობლემა არის ახლანდელი კონტექსტი, ფორმა და შესაბამისი ნარატივი. რუკა იპოვეს, რაც, როგორც ამბობენ, ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდის მოხდა ეს? მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ორი სერიოზული ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. პირველი - წინასაარჩევნო პერიოდი, ანუ დრო, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება ისეთი თემის წამოწევა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და გამოდგება ოპონენტების დემონიზირებისთვის. მეორე ფაქტორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული კონფლიქტია. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი სწორედაც საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძვის, რუსეთისთვის კი, როგორც სომხეთის მოკავშირისთვის, უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების დაძაბვა, იწყება ამ თემის აქტუალიზაცია.

საზოგადოების ნაწილის უნდობლობას იწვევს ის, რომ ასეთი დამთხვევა შემთხვევით იშვიათად ხდება. გარდა ამისა, აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - რა ფორმით ხდება ამ თემის აქტუალიზაცია. კომისიის წევრებს­ ჰბრალდებათ, რომ მათ ქართული მიწა გაყიდეს. შეიძლება ამ კონკრეტული ადამიანებისკენ არც იყო მიმართული ეს ბრალდება და ვიღაცამ ოპონენტის დემონიზაციის სურვილით ასე სცადა წინა ხელისუფლებასთან ამ თემის დაკავშირება.

ვფიქრობ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ გატეხდნენ კომისიის წევრებს,­ ხელს იმჟამინდელი ხელისუფლები­სკენ გააშვერინებდნენ და, მაგალითად, ათქმევინებდნენ, რომ ეს მათ მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.
ამ ყველაფრის მერე კი ხელისუფლება გვმოძღვრავს, რომ თურმე ასეთი თემების პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რადგან სწორედ მათ დაიწყეს ამ ძალიან მგრძნობიარე თემით მანიპულირება.

გასაგებია, რომ ხელისუფლება ისე ცინიკურად უყურებს საზოგადოებას, მზად არის, მის ფაქიზ გრძნობებზე ითამაშოს, ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოებრივი, უფრო ფასეული ინტერესი დგას საფრთხის წინაშე. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვიღაცამ ქართული მიწები გაყიდა, რა გამოდის, ეს მიწა აზერბაიჯანმა იყიდა, ანუ უკანონოდ მიიტაცა? ეს ამ ყველაფერს საერთაშორისო სკანდალის ელფერს სძენს, ანუ დღეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აზერბაიჯანს წარმოაჩენს ქვეყნად, რომელიც თურმე მიწებს ზოგან ყიდულობს, ზოგან კი თოფით იტაცებს. არადა, ყველამ იცის, რომ აზერბაიჯანი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვის და სწორედ აქ ჩანს, ასე ვთქვათ, რუსული ინტერესი.

ისმის კითხვა - ვის წისქვილზე ასხამს ეს ვითარება წყალს? პასუხი მარტივია - რუსეთის, რომელიც ამ ომში არის მხარე და დაინტერესებულია როგორც საქართველოში ანტიაზერბაიჯანული, ისე აზერბაიჯანში ანტიქართული განწყობის შექმნით, საბოლოოდ კი ორი ქვეყნის ურთიერთობის დაძაბვით.

- თუ დავუშვებთ, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად დანაშაული მაინც მოხდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, რომ ამდენი ახალი საფრთხე არ გაჩენილიყო?
- ძალიან კარგია, თუ რუკები და რაღაც ახალი დოკუმენტები იპოვეს, მაგრამ ეს ყველაფერი - გამოძიებაც კი, უნდა წარემართა სამუშაო ვითარებაში და არ ექცია აღვირახსნილი პოლიტიკური პროპაგანდის საგნად. მშვიდად, სამუშაო ვითარებაში უნდა დაწყებულიყო აზერბაიჯანთან საკითხის განხილვა. შეიძლებოდა ცოტა ხანს მოცდაც, რადგან ამ ქვეყანას ახლა უფრო დიდი პრობლემები აქვს. გადაგვედო ამ საკითხის განხილვა მანამდე, ვიდრე ყარაბაღში ცხელი ომის ფაზა დასრულდებოდა. ისედაც ხომ ცხადია, რომ საზღვრის დადგენის პროცესი სწრაფად ვერ დასრულდება. უკიდურესად არადიპლომატიური, უხეში ფორმით ამ თემის აფეთქება, ფაქტობრივად, ირიბი ბრალდება აზერბაიჯანის მიმართ ხელს კი არ უწყობს პრობლემის გადაჭრას, პირიქით, აზიანებს და სერიოზულ რისკებს წარმოშობს...

აზერბაიჯანი და საქართველო არის ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძი, რომლის დაშლაც რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ინტერესია, რათა ამიერკავკასია გააკონტროლოს. რა სასწრაფო აუცილებლობა იყო ივერი მელაშვილის დაკავება? რა სახელმწიფოებრივ საფრთხეს წარმოადგენდა ის? ან რატომ ზის ეს ხალხი ციხეში, გირაოთი რატომ არ გამოუშვეს, არ მესმის... ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთ რამეს ხელი მოაწეროს. ხელისუფლებამ ილოცოს, რომ ივერი მელაშვილს არაფერი დაემართოს... მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან ყალბ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ამ თემის წამოწევა გათვლილია საზოგადოების­ ფაქიზ გრძნობებზე თამაშსა და ამისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე...

თუ ეს მხოლოდ შიდა მიზნებით არის გაკეთებული, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ ამაში გარე ხელიც ურევია, ეს გაცილებით დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის. გამოდის, რომ საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრის მცდელობით ვიღაც ნებსით თუ უნებლიეთ ხორცს ასხამს რუსულ ოცნებას. შეიძლება ეს ვიღაცას სიბრიყვით მოსდის - ყოფილა ჩვენს ისტორიაში, რომ პატრიოტულად განწყობილ ხელისუფლებებსაც უთამაშიათ რუსული თამაში. მოკლედ, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ვითარებაა. იმედი მაქვს, აზერბაიჯანი მოიქცევა დინჯად და ამაზე სწრაფი და გაუთვლელი რეაქცია არ ექნება. ვხედავთ, რომ ისინი ჯერჯერობით კომენტარსაც არ აკეთებენ, რაც სწორია.

აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნება ბევრი მიზეზის გამო, ამიტომაც ახლა ისინი ამ საკითხის იგნორირებას ცდილობენ. ეს ქვეყანა, ჩვენგან განსხვავებით, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, ამ დროს კი ჩვენთან სრული ბაკქანალიაა. ქვეყნის ერთი ნახევარი მეორეს მოღალატეს ეძახის, რაც უმძიმეს ფონს ქმნის, ვითარების აფეთქებაზე, ანუ, ფაქტობრივად, პანდორას ყუთის გახსნაზე პასუხისმგებელი კი ხელისუფლებაა. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით და ურთიერთგაგებით.

რუკის პოვნა კარგია, მაგრამ აზერბაიჯანს ბევრი მიზეზის გამო შეუძლია ეს რუკა საქართველოს უკან გადმოუგდოს. საინტერესოა, მერე რას აპირებენ? ამიტომ ასე ჯიქურ კი არ უნდა დაეტაკო პარტნიორს და ბრალდებები თუნდაც ირიბად წაუყენო, არამედ უნდა დაჯდე, დაელაპარაკო, მისცე საშუალება, რომ მან თავის საზოგადოებასაც აუხსნას საქმის ვითარება და მოამზადოს საზოგადოებრივი აზრი, რათა არ მივიღოთ უკონტროლო კონფლიქტის ახალი კერა. სწორედ ამიტომ ამას ყვირილი კი არა, დიპლომატიური მუშაობა სჭირდება...

- როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში ბრალდადებულთა წრე შეიძლება გაფართოვდეს? თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ დივიდენდების მისაღებად წამოჭრა ეს თემა, მაშინ მეეჭვება, კიდევ რაღაც განსაკუთრებული მოხდეს... ვფიქრობ, ამ საკითხის აქტუალიზაცია ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებამდე კარგა ხნით ადრე იყო დაგეგემილი და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აპირებდნენ მის "გამოგდებას", მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის განახლების გამო ანერვიულდნენ და იმაზე ადრე ახმაურდნენ, ვიდრე გეგმავდნენ...
- ეს იყო საარჩევნოდ მომზადებული ფანდი, შეიძლება - რეალური პრობლემაც, რომელსაც წინასაარჩევნო დანიშნულება მიანიჭეს. მათ დაუშვეს შეცდომა და იმ შედეგს ვერ მიიღებენ, რასაც ელოდნენ. ერთი კვირა შეიძლება ემოციით აცხოვრო ადამიანი, მაგრამ როცა ემოციები ცხრება, ირთვება გონება და ჩნდება ბევრი კითხვა, რომლებზე პასუხიც ხელისუფლებას არა აქვს. ამიტომაც დადიან პროკურორები ეთერიდან ეთერში, რაღაცის მტკიცებას ტელევიზიებით ცდილობენ... საოცარი რამ ხდება...

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე აზერბაიჯანს უკავშირდება და აშკარად წინასაარჩევნოდ დაგეგმილი გახლდათ, არის აფგან მუხთარლის საქმის გააქტიურება და მისი საქართველოში ჩამოსვლის მცდელობა, რაც ოპოზიციის მიერ აშკარად პოლიტიკური მიზნით იყო დაგეგმილი და ის საქართველოში ასევე პოლიტიკური ქვეტექსტის გამო არ შემოუშვეს...
- მუხთარლის საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ბნელი საქმეა, თუმცა გეთანხმებით, რომ მისი საქართველოში წინასაარჩევნოდ ჩამოყვანა, დიდი ალბათობით, გარკვეული ძალების პოლიტიკური მიზანი იყო... მოკლედ, რაც ახლა ხდება, ყველაფერი პოლიტიკაა, განსხვავება ის არის, რომ, როცა ოპოზიცია მიუღებელ და ავანტიურისტულ ნაბიჯებს დგამს, ამით შეიძლება დაზიანდეს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ როცა ასე ხელისუფლება იქცევა, ის სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს...

- მოსკოვში, აზერბაიჯანისა და სომხეთის­ საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლეს და ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს...
- ყველა მხარე აღნიშნავს, რომ ეს დროებითი შეთანხმებაა, ამიტომაც აშკარად ჩანს, რომ ეს მძიმე პროცესი ამ შეხვედრით ვერ დასრულდება. არც ერთი მხარე დათმობაზე არ ფიქრობს... ომი ისეთ ფაზაშია, დღეს შედეგზე ლაპარაკი შეუძლებელია... ამ შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი. პირველი - რუსეთს სურდა ყველასთვის დაენახებინა, რომ რაც ხდება, მისი ინტერესის სფეროა და ამ კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი სიტყვა მოსკოვს ეკუთვნის. ჯერ ადრეა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანი შეიძლება დათანხმდეს სამშვიდობოების შეყვანას. აქ მთავარი ინტრიგა იქნება, მხოლოდ რუსეთის სამშვიდობოები განლაგდებიან მთიანი ყარაბაღის ახალ საზღვართან, თუ - რუსეთ-თურქეთის. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ამ კონფლიქტის გასაღები მოსკოვსა და ანკარაშია. მაკრონი კი ცდილობს რაღაცას, მაგრამ მან შეცდომა დაუშვა, როდესაც თავიდან აშკარად პროსომხური პოზიცია დაიჭირა, რითაც აზერბაიჯანი გაანაწყენა. მერე კი სცადა, გამოესწორებინა შეცდომა და ალიევს ტელეფონით ესაუბრა, მაგრამ ვფიქრობ, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციები ძალიან სუსტია. ჩვენ უნდა ვისურვოთ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მშვიდობა კავკასიაში.

- ამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ივანიშვილის განცხადებით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54%-დან 60%-მდე მერყეობს და ზოგჯერ 63%-საც კი აჭარბებს. მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ეკა ბესელიამ მისი მოსაზრებები ასე შეაფასა: "ვხედავ, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში. ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც გარეთ არის."
- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი საინფორმაციო ვაკუუმშია. კი ბატონო, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ მეტისმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ არა მგონია, ახლაც იგივე ხდებოდეს. ის ცდილობს, თავისი მომხრეები გაამხნევოს და გამარჯვების რწმენა ჩაAუნერგოს, რათა სისტემა არ დაეშალოს. ხელისუფლებას მუდმივად აქვს ეს პრობლემა. თუ სისტემამ იგრძნო, რომ ხელისუფლების ცვლილება თეორიულად დასაშვებია, იწყება ბზარის გაჩენა. ჩემი აზრით, ძალიან სახიფათო პრეცედენტია დანიაში საქართველოს ელჩის განცხადება, რომელმაც ივერი მელაშვილს დაუჭირა მხარი. როცა სისტემაში ბზარი ჩნდება, მერე დომინოს პრინციპით იშლება ყველაფერი. მე ეს ბევრჯერ მინახავს და მონაწილეც კი ვყოფილვარ ამგვარი პროცესის. ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია...

რაც შეეხება მის განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არაფრის მთქმელი აღარ არის. მე ამ ადამიანს ვეღარ ვცნობ. დღეს მას აღარ აქვს სახელმწიფოებრივი ამოცანები და გეგმები, მას აქვს მხოლოდ ერთი სურვილი - კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და, სამწუხაროდ, ძალაუფლების გარდა, სხვა მექანიზმს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ვერ ხედავს.­ ის ჩიხშია და გასასვლელ კარს ვერ აგნებს.­ ამას ვამბობ დიდი სევდით, რადგან ის, როგორც პიროვნება, ადამიანი, ჩემთვის სულერთი არ არის. მასთან ბევრი რამ მაკავშირებს, თანავუგრძნობ, ადამიანურად მინდა დავეხმარო კიდეც, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის საინტერესო აღარ არის.

"ქართული ოცნება" რომ პირველ ადგილზე გავა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, ახლა მთავარი ინტრიგა ის არის, ძალაუფლების ექსკლუზიურ შენარჩუნებას თუ მოახერხებენ. ბოლო ხანს ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა და არა იმიტომ, რომ ოპოზიციამ გამოიჩინა განსაკუთრებული ფხა. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" ოპონენტი ოპოზიცია კი არ არის, არამედ ორი ფუნდამენტური შიში - სიკვდილის შიში პანდემიის ფონზე და შიმშილის შიში ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

ეს ორი ძირითადი ოპონენტი ჰყავს ხელისუფლებას და ამ პრობლემის სისტემური გადაწყვეტა მას არ შეუძლია. მისი პოლიტიკაა, როგორმე მიათრიოს ვითარება 31 ოქტომბრამდე ისე, რომ ამ ორმა შიშმა არ იფეთქოს... გრძელვადიანი გეგმა მათ არა აქვთ და არც კრიზისმენეჯმენტი აინტერესებთ...
საეჭვო არ არის, რომ არჩევნების შემდეგ ეკონომიკური ვითარება უფრო დამძიმდება.

- ამ ფონზე როგორია ოპოზიციის შანსი?
- ქვეყანაში უნიკალური ვითარებაა შექმნილი. ბოლო კვლევებით, ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, 38%-ს შეადგენს. მათგან, სავარაუდოდ, 10%-ს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ოღონდ ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ 28%-მა მართლა არ იცის, ვის მისცეს ხმა.
ოპოზიციამ რომ ამ ამომრჩევლის მოზიდვა მოახერხოს, ეს არჩევნების ბედს გადაწყვეტს, ამისთვის კი საჭიროა ამომრჩევლის დარწმუნება, რომ ამ ორ ძირითად პრობლემას - სიკვდილისა და შიმშილის შიშს უკეთესად გაუმკლავდებიან, ვიდრე ამას ხელისუფლება ახერხებს, მაგრამ ეს ლაილაით კი არ უნდა გააკეთონ, არამედ უნდა მივიდნენ ამომრჩეველთან და აუხსნან, რას და როგორ გააკეთებენ. ოპოზიცია ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს, თუმცა რესურსი გადაწყვეტილებამიუღებელი ამომრჩევლის სახით კვლავ დიდია. ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია მათ დარწმუნებას ვერ შეძლებს, შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლის ნაწილი შინ დარჩება, ნაწილს კი ისევ ივანიშვილი იყიდის. როგორც ამბობენ, ფული ბლომად აქვს...

111
16 ოქტომბერი 2020 13:18
აზერბაიჯანს ბოდიში უნდას მოვუხადოთ ჩვენი ბედოვლათი მთავრობის აბსოლიტური უმეცრებით, და მავნებლობით, მოვდა ახალი მთავრობა რომელიც ამ საკითხს პრაგამტულ და მეგობრულ ვითარებაში მოაგვარებს. ეს ე.წ. პატრიოტები, სინამდვილეში ზურგში დანის ჩამრტყმელები, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს მოღალატეების პარპაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები