"ამ ორი ქვეყნის კონფლიქტი საქართველოსთვის სხვადასხვა საფრთხეს შეიცავს" - როგორ იყენებენ ყარაბაღის ომის თემას საქართველოს წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ამ ორი ქვეყნის კონფლიქტი საქართველოსთვის სხვადასხვა საფრთხეს შეიცავს" - როგორ იყენებენ ყარაბაღის ომის თემას საქართველოს წინააღმდეგ

"თუკი სამხრეთ კავკასიაში არეულობა დაიწყება, დასავლეთი საქართველოსა და საზოგადოდ, რეგიონის მიმართ ინტერესს დაკარგავს"

მთიან ყარაბაღში ორკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შემდგომ 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკება გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეხვედრიდან რამდენიმე საათში ნათელი გახდა, რომ შეთანხმება არ სრულდებოდა. რამდენიმე დღეა შეტაკებები ისევ გრძელდება, განსაკუთრებით ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ჰადრუტის რაიონულ ცენტრში, რომელზეც ორივე მხარე აცხადებს, რომ აკონტროლებს.

ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

"კვირის პალიტრა" პოლიტიკური საკითხების ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

- ამ შეხვედრით მხოლოდ ის გაირკვა, რომ პროცესები იმდენად ღრმად არის წასული, მოსკოვის მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. გაირკვა მხოლოდ ის, რომ გაიცვლებოდნენ ტყვეები და დაჭრილები. გარდა ამისა, რუსეთმა მიიღო დასტური, რომ მოლაპარაკების პროცესი "მინსკის ჯგუფის" ფორმატში დარჩება. სამწუხაროდ, მსოფლიოში სხვა არც ერთი პოლიტიკური აქტორი არ იჩენს ინიციატივას, რომ კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს.

თავიდანვე ჩანდა, რომ მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრები სავაჭროდ დაპატიჟეს და რუსეთი იმის მიხედვით გაიღებს მოწყალებას, თუ როგორ მოიქცევა ესა თუ ის მხარე. სხვათა შორის, რუსეთმა ვერ გაბედა ისეთი აქტიური და თავზე ხელაღებული ჩარევა, როგორიც 2008 წელს საქართველოში და შემდგომ უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეულია დასავლეთის უხერხემლო გამოხმაურებებს. რუსეთის მომლოდინე პოზას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

პირველი - თურქეთმა ამ კონფლიქტში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი და როგორც ჩანს, რუსეთს თურქეთთან შერკინება მესამე ფრონტზე ყარაბაღში - სირიისა და ლიბიის შემდეგ აღარ სურს. გარდა იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთმა ისიც გაითვალისწინა, რომ ერდოღანი იმგვარი ტიპის ლიდერია, რომელიც პუტინს თავს არ დაუხრის, რადიკალურ ნაბიჯებს არ ერიდება და შეშფოთება-აღშფოთების განცხადებებით არ იფარგლება;

მეორე - ფაშინიანი მეტი პროდასავლურობით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედები და მის ხელისუფლებაში მოსვლას სომხეთში რუსული იდეოლოგიის შეზღუდვა მოჰყვა. ამ კონფლიქტში რუსეთის განზე დგომის ხარჯზე სომხეთს დათმობებზე წასვლამ მოუწია და ეს სომხეთში ანტირუსულ განწყობას უფრო გააძლიერებს. გვახსოვს, ალბათ, გიუმრის ბაზის გამო გამოსვლები, რაც ერთგვარი მანიშნებელი იყო, რომ ქვეყანაში ანტირუსული განწყობა მწიფდებოდა. მეორე მხრივ, ამ დღეებში იყო საუბრები, თეორიულად რამდენად არის შესაძლებელი აზერბაიჯანის მხარე დაიჭიროს რუსეთმა, რომ ბაქომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია და ამის სანაცვლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ.

- რუსული ბაზის განთავსებას გულისხმობთ? - დიახ, სამშვიდობოების ეგიდით. სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ბაზა არ არის. თუმცა, ვფიქრობ, თურქეთი აზერბაიჯანში რუსული ბაზის განთავსებას ყარაბაღის დაბრუნების ფასადაც არ დაუშვებს.

- ითქვა, რომ რუსეთს სამშვიდობო ფორმატით სურს იქ ყოფნა. - დიახ, თუმცა შესაძლოა ეს გულისხმობს მრავალეროვნულ ფორმატსაც, როცა რუსების გარდა, იქ თურქები და კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებული სხვა მხარეებიც იქნებიან. ყარაბაღის საკითხზე "მინსკის ჯგუფში" შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთში ჩასული იყო ნატოს გენერალური მდივანი, რის შემდეგაც ბაქოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ასე რომ, აზერბაიჯანი რუსეთში შეთანხმებული თურქულ-აზერბაიჯანული პოზიციით ჩავიდოდა.

ამ ორი ქვეყნის კონფლიქტი საქართველოსთვის სხვადასხვა საფრთხეს შეიცავს. მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ფუნქციისთვის საფრთხის შექმნას, თუკი აზერბაიჯანში გამავალი ნავთობ და გაზსადენები დაზიანდება. თუმცა არა მგონია, მათი დაპირისპირება ამდენად გამწვავდეს. სომხური მხარე იქაურობას საარტილერიო ცეცხლით წერტილოვნად თუ დააზიანებს, თორემ აზერბაიჯანის სიღრმეში სამხედრო მოქმედებებს არ ველი. თუმცა აშკარაა, რომ მილსადენები და სატრანსპორტო კვანძები რისკის ქვეშ მაინც რჩება და ეს საფრთხე ითქმის არა მარტო აზერბაიჯანზე, არამედ საქართველოზეც.

თუკი სამხრეთ კავკასიაში არეულობა დაიწყება, დასავლეთი საქართველოსა და საზოგადოდ, რეგიონის მიმართ ინტერესს დაკარგავს. რუსეთსაც ეს უნდა, რეგიონი დიდი ხნით დარჩება მის გავლენაში, რაც არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ ჩააყენებს სახარბიელო მდგომარეობაში.

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გახანგრძლივდა, ბუნებრივია, აუცილებლად მძიმედ დაარტყამს ორივეს ეკონომიკას და შესაბამისად აისახება საქართველოზეც. თუ კონფლიქტის მასშტაბი გაიზარდა, ეს საქართველოს ჰუმანიტარულ პრობლემებსაც შეუქმნის - თუ ჩვენი საზღვრებისკენ ლტოლვილთა ნაკადი დაიძრა. რაც მთავარია, თეორიულად იმის დაშვებაც შეიძლება, რომ რუსეთმა მოითხოვოს გზა საქართველოს გავლით სომხეთის დასახმარებლად, თუმცა აქამდე საფრთხის ასეთ ფორმულირებაზე თუ ვმსჯელობდით, ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს კონფლიქტის ორივე მხარეს ათასობით ტერორისტი იბრძვის. ტერორისტების არსებობას ორივე მხარე უარყოფს, თუმცა, თუ რუსეთს ძალიან დასჭირდა, შეუძლია ტერორისტებად მონათლოს ის სირიელი და ლიბიელი სომხებიც კი, რომლებიც საკმაო ხანია ყარაბაღში ცხოვრობენ. რუსეთს არასდროს სჭირდება რამის დამტკიცება, მთავარია, დაგაბრალოს...

- ამ ვითარებაში საქართველოს დეზინფორმაციასთან ბრძოლა უწევს... - დიახ, სომხურ და აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმართ ანტიქართული განწყობა გამძაფრდა, განსაკუთრებით სომხეთში, სადაც, საქართველოს შიგნით დესტაბილიზაციისა თუ სეპარატიზმისკენ მოწოდებებიც კი გაისმა. ძალიან კარგია, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებები და დიპლომატიური სამსახურები მუდმივი ახსნა-განმარტების რეჟიმში არიან როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ დაუშვებს დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას. თუმცა ფაქტია, ორივე ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები და რუსეთი.

ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების პრევენციული ნაბიჯები და ამას აკეთებს კიდეც ორივე ქვეყნის დიპლომატებთან ერთად. იმავდროულად, აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია "გუგლისა" და "ფეისბუკის" ადმინისტრაციასთან და მათ პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილებზე, რომლებიც უწევენ მონიტორინგს ამ ქვეყნების სოციალურ ქსელებს და მათ აქვთ მექანიზმები დეზინფორმაციის დასაბლოკად.

- ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება რამდენად სავარაუდოა?

- შესაძლოა, რეგიონის სიმშვიდისა და აქ რუსეთის გავლენის დასრულებისთვის ეს სავარაუდო სცენარი ყველაზე რაციონალურად გამოიყურებოდეს: ანუ უშუალოდ ყარაბაღს მიღმა არსებული, ოკუპირებული შვიდი რაიონი დაუბრუნდეს აზერბაიჯანს, ხოლო სომხებმა აღიარონ ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთზე ზემოქმედების მთავარ ბერკეტებს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში კი ის დაკარგავს გავლენას სრულად სამხრეთ კავკასიაზე. თუმცა ეს სცენარი ჯერჯერობით ნაკლებრეალისტურად გამოიყურება, მათ შორის იმიტომაც, რომ რუსეთს არ აწყობს საკითხის ასე გადაწყვეტა, მას მოუგვარებელი კონფლიქტები ურჩევნია, რათა რეგიონში მისი საჭიროება მუდმივად იყოს.

- დავითგარეჯაზეც გკითხავთ, საზოგადოების ნაწილმა ამ საკითხზე დაწყებული სკანდალი არადროულად ჩათვალა, მეტიც, ეს აზერბაიჯანისთვის მეორე ფრონტის გახსნად მიიჩნიეს. სხვების თქმით, ხელისუფლებამ სახელმწიფო ღალატის დონის დანაშაული გამოააშკარავა. - მე დავეყრდნობი ბერი კირიონის პოზიციას, რომლის თქმითაც, მან დემარკაცია-დელიმიტაციის, რუკებისა და კომისიის თემაზე ბიძინა ივანიშვილის გარდა, "ქართული ოცნების" ყველა პრემიერს მიმართა, თუმცა აქამდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა. შესაბამისად, კითხვა მაქვს: თუ "ოცნებას" დავითგარეჯის ბედი აწუხებდა, ამდენი წლის განმავლობაში რატომ არ მიაქცია ყურადღება?.. შესაბამისად, ჩნდება ვერსიები და კითხვები: პირველი - თუ მაშინ ბერი კირიონის არგუმენტები უსაფუძვლოდ ჩათვალეს, ახლა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, რატომ გახდა მისი არგუმენტები საფუძვლიანი?.. მეორე ვერსიით, კირიონის მონათხრობი არგუმენტირებულად კი მიიჩნიეს, მაგრამ აზერბაიჯანის განაწყენებას მოერიდნენ. თუ ასეა, ახლა რატომ მოინდომეს ეს, როდესაც აზერბაიჯანი ომშია ჩართული?! მესამე ვერსიით კი შესაძლოა კირიონის მოსაზრებები არგუმენტირებულად მიიჩნიეს, მაგრამ დავითგარეჯის მნიშვნელობას არად დაგიდევდნენ და ახლა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახდნენ პატრიოტები. სამივე ვერსია იმაზე მეტყველებს, რომ "ოცნებას" გარეჯა მხოლოდ საარჩევნოდ გაახსენდა. ესეც არ იყოს ვინმეს სჯერა, რომ რუსეთმა რუკა საქართველოს ან აზერბაიჯანის სასიკეთოდ და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოაჩინა?!

ამასთან, თუ ბერი კირიონის არგუმენტები მაშინაც და დღესაც საფუძვლიანი იყო და საქართველოს ინტერესები ნამდვილად დაზარალდა, რა გამოდის, "ოცნება" ამ ხნის განმავლობაში დამნაშავეებს ხელს აფარებდა?! თუ იცოდა და სასურველ დროს ელოდა? ცნობისთვის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულის დაფარვა დასჯადია. შესაბამისად, "ოცნების" იმ მაღალჩინოსნებითაც უნდა დაინტერესდნენ, ვინც ეს დანაშაული დაფარა. მაშინ დავიჯერებთ "ოცნების" გულწრფელ მოტივაციას და სამართლიანობის სიყვარულს.

არ მჯერა მე "ოცნების" პატრიოტობის: საქმეს თუ დასჭირდა, დავითგარეჯას ისევ ჩემი თაობა და ის ადამიანები დავიცავთ, ვინც 80-იანი წლების ბოლოს სწორედ დავითგარეჯის დაცვით დაიწყო ეროვნული მოძრაობა.

თუ ვინმეს სურს დღეს აზერბაიჯან-საქართველოს დაპირისპირება და ამით ხელის მოთბობა, ეს მხოლოდ რუსეთია, რომელსაც უნდა დაანგრიოს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამკუთხედი, დაუკარგოს მას საერთაშორისო ფუნქცია. თუ ჩვენ ყოველივე ეს დავკარგეთ და მილსადენები და საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძები რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, საქართველო გახდება გეოპოლიტიკური ჩიხი, რომლითაც აღარავინ დაინტერესდება.

- სახელისუფლებო გუნდმა განმარტა, დავითგარეჯის თემა ჩვენი შიდა საკითხიაო. - მით უმეტეს, რა გამოდის: აზერბაიჯანელებს ეუბნებიან, თქვენ არაფერზე ინაღვლოთ, ჩვენ გარეჯა კი არ გვაინტერესებს, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით ოპოზიციას ერთ კაი წიხლს ჩავაზელთ და მერე როგორც აქამდე არ გვახსოვდა, ისე მივივიწყებთო. საქმე ის გახლავთ, რომ "ოცნება" მიხვდა, ამ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" ფანტომი ხალხის დასაშინებლად უკვე აღარ გამოდგება იმ დოზით, როგორითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამოდგა, როდესაც "ნაციონალების" რეინკარნაციის შიშით ხალხი საარჩევნო უბნებში მიცვივდა. თანაც, ასპარეზზე ბევრი პერსპექტიული პარტია გაჩნდა, რომელთაც ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვთ იმდენად, რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი და მხარდაჭერა ძალავს ხელისუფლებისას. ჰოდა, "ოცნებამაც" დაგეგმა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით "დავითგარეჯა", რომლითაც ოპოზიციური სპექტრის ჩარეცხვასაც აპირებს და საზოგადოების პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით, გადაუწყვეტელი და ინდიფერენტული ამომრჩევლის მიყვანასაც თავის მხარდასაჭერად."ასე რომ, "გარეჯის საქმე" ყველაზე მეტად ხელისუფლების საარჩევნო შიშებს ათვალსაჩინოებს. ხოლო თუ მოხდა სასწაული და აზერბაიჯანმა გარეჯის სადავო ტერიტორია არჩევნებამდე დაგვიბრუნა, პირველი მე მოვუხდი ქუდს "ოცნების ხელისუფლებას". წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს "ოცნების" მხრიდან საკუთარი სახელისუფლებო ამბიციებისთვის გარეჯის შეწირვა გამოვა.

იხილეთ ასევე: ყარაბაღის ომის საფრთხეები საქართველოსთვის