"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე" - რას ამბობს გახარია დავით გარეჯის საქმეზე - კვირის პალიტრა

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე" - რას ამბობს გახარია დავით გარეჯის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წვლილია.

"დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან",- განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია აღნიშნავს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

"აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრების ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება",- განაცხადა გახარიამ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას სურს მას მიწების გაყიდვა დააბრალოს. როგორც გახარია აცხადებს, ეს საქმე გამოძიების პრეროგატივაა.

"ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა, ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს, მითუმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო