"ბევრი მიხვდა, რომ ამ ქვეყანაში მამაკაცებისგან მართული სახელმწიფო ხეირიანად არ ფუნქციონირებს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა ცნობილმა იურისტმა
"ბევრი მიხვდა, რომ ამ ქვეყანაში მამაკაცებისგან მართული სახელმწიფო ხეირიანად არ ფუნქციონირებს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა ცნობილმა იურისტმა
წინასაარჩვენო კამპანია საქართველოში კარგა ხანია დაიწყო. ამ ბრძოლაში დაგვიანებით ჩაერთო ცნობილი იურისტი, უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია. ის დღეს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია. ქალბატონი ლია, პოლიტიკური პარტია "დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას" სიის მესამე ნომერია. მას საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. წლების წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" დააფუძნა და ევროსასამართლოში მოგებული პირველი ხმაურიანი, ჩეჩნების საქმეც, სწორედ ქალბატონ ლიას სახელს უკავშირდება, ამის შემდეგ იყო ბევრი ხმაურიანი სასამართლო პროცესი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა
დაცვის სასამართლოში, რაც მისი დასაცავების გამარჯვებით სრულდებოდა. ქალბატონი ლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) დამფუძნებელია; გაერო-ს - ექიმები ადამიანის უფლებებისათვის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი და ა.შ.

ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე წელია ის თბილისიდან გურიაში, სოფელ შუხუთში გადავიდა საცხოვრებლად. იურისტობის პარალელურად ენერგიულმა ქალბატონმა იქ სოფლის მეურნეობას მიჰყო
ხელი. კარ-მიდამო თავისი ხელით გაალამაზა და მის ეზოში დღეს უამრავი ყვავილი, ხეხილი და სოფლის პროდუქტები ხარობს. ლანჩხუთის სოფლებში კარდაკარ იარა და ადამიანებს საინტერესო იდეა შესთავაზა. აიყოლია კიდეც გურულები და ლანჩხუთის ცენტრში თხილის საამქრო გახსნა და კოოპერატივი ჩამოაყალიბა.

ახლა ლია მუხაშავრიამ საკანონმდებლო ორგანოში მოსვლა გადაწყვიტა და იმედი აქვს ნაძალადევის მოსახლეობა აირჩევს და ამ გზით პარლამენტში ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა წარმატებულმა იურისტმა, ამ და ბევრ სხვა საკითხზე, ლია მუხაშავრიას ვესაუბრეთ:

- უკვე 58 წლის ვარ და რომ გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ბოლო 30 წელზე მეტია, 1988 წლიდან, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევი. უცებ აღმოვაჩინე, რომ თითქოს უშედეგოდ ჩაიარა ჩემმა მთელმა შრომამ, ამხელა ძალისხმევამ და გადავწყვიტე ახლა ამ ნაბიჯით უკეთესობისკენ ცვლილებას შევუწყო ხელი, რადგან ძალიან არ მომწონს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

- ალბათ ბევრი პარტიიდან გექნებოდათ შემოთავაზება, რატომ აირჩიეთ დავით ჭიჭინაძის ტრიბუნა?
- შემოთავაზება სხვა პარტიებიდანაც ყოველთვის მქონდა, მაგრამ ტრიბუნაში იმიტომ გავწევრიანდი, რომ ამ პარტიისთვის მთავარი, პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაა. დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედაპირულია, არასერიოზულია, მაშინ როცა ადამიანებს ლუკმა პური უჭირთ, არსებობისთვის შემოსავალი არ აქვთ, ამიტომ პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე უნდა ვიფიქროთ. მერე უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც დააშავა და რომლებსაც ძალიან სერიოზული დანაშაული მიუძღვით მთელი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების წინაშე. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, იმიტომ რომ მათ აქვთ ჩადენილი ხანდაუზმელი დანაშაული. მე ამაში ვგულისხმობ როგორც სააკაშვილის, ისე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდს და მის საჯარო მოხელეებს, რომლებსაც კონსტიტუციაც და ძალიან ბევრი კანონი აქვთ დარღვეული.

- ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ხართ, რატომ აირჩიეთ ეს რაიონი?
- თემქაზე, ზღვის უბანში გავატარე ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს და კარგად იციან ჩემი შესაძლებლობები. ასევე პოლიტიკური გათვლაც იყო, ის კონკურენტები, რომლებიც ამ რაიონში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან, მათთან კონკურენტულ საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა ჩემთვის მისაღები იყო.

- როგორ შეაფასებთ კონკურენტების შესაძლებლობებს?
- პირველ რიგში მინდა ქალი ამომრჩევლების მხარდაჭერა მოვიპოვო. ის რაც ახლა ხდება, როდესაც სავალდებულოა კვოტირების წესით სიებში ყოველი მეოთხე უნდა იყოს ქალი, ამან გახსნა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში. ამან უნდა გამოიწვიოს ქალი ამომრჩევლების გააქტიურება ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად. ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ ამ ქვეყანაში მამაკაცებისგან მართული სახელმწიფო მგონი ხეირიანად არ ფუნქციონირებს. ქალის როლი მნიშვნელოვანია და საერთოდაც მგონია, საზოგადოებამ უარი არ უნდა თქვას ქალ კანდიდატებზე. მაღალი კვალიფიკაციის ბევრი ქალია დღეს და ქალის როლი კარგად გამოჩნდა ბოლო წლებში, როდესაც უმძიმესი კრიზისები გამოვიარეთ. ცხოვრებამ დაგვანახა რომ ქალებს მეტი ადაპტაციის უნარი გვაქვს, უფრო მეტად აუღეს ალღო სრულიად შეცვლილ ცხოვრებისეულ რეალობას, გაუსწორეს თვალი და საკუთარი ოჯახებისთვის რომ დახმარება გაეწიათ, ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. პოლიტიკაში ქალების მოსვლა საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება და ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები, მათთან მუდმივი კომუნიკაცია მექნება იმისათვის, რომ მათი რეალური მოთხოვნები და ინტერესები პარლამენტში გაზიარებული იყოს და არსებული პრობლემები გადაწყდეს.

- მაინც რას ჰპირდებით თქვენს ამომრჩეველს?
- რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, ეს საბანკო მონოპოლიების შეცვლაა. ისინი უნდა გაქრნენ სამეწარმეო და ბიზნეს სფეროდან და ის კაბალური ვითარება, რომ თითქმის ყველა ოჯახს ბანკის ვალი ადევს მხრებზე და ვერ ზიდავს იმ მხრებს, ეს პრობლემა უნდა მოვხსნათ. ადამიანებს აქვთ უზარმაზარი ვალები, ან უკვე აქვთ დაკარგული ქონება, რომელიც ბანკებმა მიიტაცეს, ეს ადამიანები დღეს ვერ ბედავენ არათუ საქმიანობის წამოწყებას, საერთოდ ვერ ხედავენ პერსპექტივას საკუთარ ცხოვრებაში და ის უიმედობა, სასოწარკვეთა, რაც საზოგადოებაშია, ძირითადად ამით არის განპირობებული. ყველა ახალგაზრდა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორმე გაიქცეს ამ ქვეყნიდან და სადმე ნორმალურ ქვეყანაში მოიწყოს ცხოვრება, ესეც აქედან გამომდინარეა. ბევრმა ოჯახმა დაკარგა სახლი, უძრავი და მოძრავი ქონება. ვითარება ძალიან მძიმეა. ვხედავთ ვალუტის კურსი როგორ მიიწევს ზემოთ და ყოველდღიურად მატულობს ფასები. ვხედავთ მთავრობას არ შეუძლია ამ პროცესის ქვეყნის სასიკეთოდ შემოტრიალება. ისინი უპირატესად დაკავებულნი არიან საკუთარი ოჯახის და ბიზნესის მოწყობით, ეს ვითარება თუ არ შეიცვალა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ არ გვიოცნებია ასეთ საქართველოზე.

ნამდვილად ვერ წარმომედგინა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პოლიტპატიმრები რომ გაჩნდებოდნენ და ამდენი წელი ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო გზით ეს საკითხი არ გადაწყდებოდა. არავის წარმოედგინა დავით გარეჯი მლოცველებისთვის დაიკეტებოდა. ბევრჯერ ვარ იქ მოსალოცად ნამყოფი, ფეხით მაქვს ყველაფერი შემოვლილი, ვერ წარმომიდგენია ახლა წავიდე და ვერ მოვხვდე ყველგან. ეს ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს და თავიდან აიცილოს ძალიან მძიმე მდგომარეობა როგორც პოლიტიკურად, ისე რელიგიურად, საზოგადოებას შესთავაზა ორი პოლიტპატიმარი, რომელზეც უნდა ახლა ჯოხი გადატეხოს. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა ეკონომიკურად, ოჯახები შიმშილობენ, ცხოვრება უკან მიდის. კორუფციის ის დონე, რაც არის საქართველოში და მონოპოლისტური მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ კლანებს უკავიათ და საბანკო მონოპოლიების მდგომარეობა სრულიად დაუშვებელია. ეს ამბავი უნდა დამთავრდეს.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საიმისოდ, რომ ხელისუფლება ვერ მიიღებს დიდ უმრავლესობას და პარლამენტში წვრილ- წვრილი, ახალი პარტიები შევალთ გარკვეული რაოდენობის ხმებით. ჩვენ იქ უნდა შევქმნათ კოალიცია, რომ არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაცმოძრაობას" არ მივცეთ უპირატესობა და დომინანტური პოზიცია არ დავაკავებინოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს საკითხები მთავრობის ფორმირების დროს, იმიტომ რომ პირველად გვეძლევა შანსი კოალიციური მთავრობა შევქნათ, რომელიც დაკომპლექტდება საუკეთესო კანდიდატებით და ვფიქრობ იმის მიხედვით, თუ ვინ იქნებიან კანდიდატები და რა შემოთავაზებები იქნება სამთავრობო გუნდისთვის, შეიძლება ძალიან კარგი თანამშრომლობა გაიშალოს ყველასთან. არ იგულიხმება "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა".

- რამდენიმე წელია თქვენ გურიაში გადახვედით საცხოვრებლად, იქ ეწევით მეურნეობას, გული გწყდებათ იქაურობის დატოვება რომ მოგიწევთ?
- ძალიან მწყდება გული ამაზე. სიმართლე გითხრათ, ეს არის ერთადერთი უარყოფითი ამ საქმიანობის, მაგრამ ვფიქრობ, ეს 4 წელი შემიძლია შევწირო საქმეს, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. თან 300 კილომეტრი არც ისე შორი მანძილია და ვიპოვი დროს, რომ ჩავიდე ჩემს გურიაში და მთლად არ მოვწყდე იქაურობას, ამასობაში კი 4 წელიც გავა.

- თქვენ ოჯახი არასოდეს შეგიქმნიათ და ალბათ ერთ-ერთი პირველი იყავით, როცა მარტოხელა ახალგაზრდა ქალმა წლების წინ პატარა გოგონა იშვილეთ. მას მერე დიდი დრო გავიდა და მარიამი უკვე გაგითხოვდათ, ისიც ცნობილია, რომ 2 წლის წინ 7 წლის ირაკლი იშვილეთ და ახლა მას ზრდით, გვიამბეთ თქვეს შვილებზე, ოჯახზე
- მარიამი დაოჯახდა. ძალიან კარგი სიძე მყავს, ქართულ რეალობაში სიძე-სიდედრზე უამრავი ანეკდოტი დადის, მაგრამ ჩვენს რეალობაში არის ახალი ანეკდოტი, მე სიდედრიც ვარ და სიმამრიც, რადგან იცით, რომ მარტოხელა დედა ვარ და ფუნქციურადაც ორივე როლს ვითავსებ, მაგრამ არამგონია ეს იყოს საშიში ან ჩემი სიძისთვის ან ჩემი ქალიშვილისთვის. ბექა წულაია ჩემთვის სიძე კი არ არის, ჩემი შვილია, ზრდასრული ვაჟი, რომელიც შევიძინე და ჩემი ოჯახის წევრი გახდა. ის ფოლკლორულ ანსამბლის "იბერიას" სოლისტია, შესანიშნავად მღერის და ძალიან პოპულარულია ეს ჯგუფი ახალგაზრდებში. შევეცდები ამ ახალგაზრდა ოჯახს ყველანაირად დავეხმარო რომ ისინი წელგამართულები იყვნენ, ამ მძიმე ცხოვრების პირობებს გაუძლონ და შედარებით მსუბუქად გადაიარონ ის.

რაც შეეხება ირაკლის, ის უკვე 10 წლის არის. ჩამოვიყვანე სოფლიდან, მოუწევს ცოტა ხნით სკოლის გაცდენა, მაგრამ ვფიქრობ მისთვის და მისი მომავალი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს დღეები, როდესაც ჩემთან ერთად შეხვდება ამომრჩეველს. იმიტომ რომ მგონია ამ შეხვედდრებზე ბევრ სასიკეთო რამეს ისწავლის და მასაც აუმაღლდება თვითშეფასება. ის გახდება მოქალაქე და გაიგებს მოქალაქეებისთვის რატომ არის სააარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი და რა არის დემოკრატია. თუ ამას ადამიანი ბავშვობიდან ეზიარება, მგონია კარგი მოქალაქე დადგება. მეც გამიჭირდებოდა ირაკლის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან მივეჩვიე და მისთვისაც ძნელი იყო სოფელში მარტოობა. ამიტომ ახლა ერთად ვივლით შეხვედრებზე. ბავშვი ორი წელი რუსთავში მინდობით აღზრდაში იყო. მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ბებია და ბაბუა გარდაცვლილი ჰყავს, ახლობლები არ ჰყავდა, ამიტომ გადაწყდა მისი გაშვილება. რუსთავიდან წამოვიყვანე გურიაში, სოფელ შუხუთში. ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და კარგი დედა- შვილი ვართ.

ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა, აქვს დიდი ეზო, სახლი, ჰყავს შინაური ფრინველები, ცხოველები, ძაღლები ძალიან უყვარს. ბუნებასთან ახლოს ყოფნა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, მით უფრო ბავშვობაში, ამიტომ ის კარგად შეიგრძნო. იცის, რომ, ეს არის მისი ოჯახი, მისი სახლი, უყვარს შინაური ცხოველები, ფრინველები და ეს მესაკუთრული გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობიდან ჰქონდეს ადამიანს. მგონია რომ ჩვენი უკვე დიდი ხნის დედა-შვილი ვართ, თუმცა ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა. ახლა მე მგონი არც მას და არც მე არ წარმომიდგენია ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე.

- ალბათ პირველი იყავით, როცა მარტოხელამ წლების წინ იშვილეთ მარიამი და ეს უცხო იყო მაშინ საზოგადოებისთვის, ხალხის დამოკიდებულება როგორი იყო?
- ეს მოხდა ჯერ კიდევ 2000 წელს, მაშინ საჯაროდ ადამიანები არ აცხადებდნენ რომ ნაშვილები ჰყავდათ ბავშვი. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვიყავი მარტოხელა, არ გავთხოვილვარ, ბევრი ადმიანი მიცნობდა, იცოდნენ რომ არ მყავდა მეუღლე და ეს ბავშვი საიდან გაჩნდა, ეს კითხვა დაისმებოდა. ბუნებრივია ვერ მოვისულელებდი თავს და ვერ მოვიგონებდი რაღაც ისტორიებს. არ მქონდა არც არჩევანი და ღიად ვთქი, რომ მე ვიშვილე პატარა მარიამი და მისი დედა გავხდი. ეს კი იწვევდა ადამიანების გაოცებას და სხვადასხვა რეაქციებს, მაგრამ ძალიან მალე დაიძლია. მახსოვს, 2000 წელს მერი კობიაშვილმა გააკეთა გადაცემა ამ თემაზე და მითხრა, შენ არ მალავ ამას და მოდი გადაცემაშიო. სექტემბერში გავიდა ეს გადაცემა და წლის ბოლოს მან მითხრა, ამ გადაცემის შემდეგ 28 ოჯახმა იშვილა ბავშვიო. ამ ადამიანებს გაუჩნდათ მოტივაცია. რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც ნაშვილები ჰყავდათ ბავშვები, განიცდიდნენ და არ იცოდნენ, როგორ ეთქვათ შვილებისთვის ეს ამბავი, ვუთხარი, მოეყოლათ მათთვის ჩემი და მარის ამბავი, ხომ ვართ კარგი დედა-შვილი, ეს ბავშვი მე ვიშვილე, ეს მან იცის, მაგრამ, ჩვენ მაინც ძალიან კარგი დედა-შვილი ვართ და ეს არაფერს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში. 6 წლის იყო მარიამი ეს ამბავი რომ ვუთხარი. მას თავის და-ძმებთან ურთიერთობა თავიდანვე ჰქონდა. ყოველთვის ვამბობ, ღმერთმა მისცა ადამიანს და-ძმები და მე რა უფლება მაქვს ისინი ერთმანეთს დავაცილო და ერთმანეთი დავუკარგო. პირიქით, ყოველთვის ხელს ვუწყობდი, სანამ პატარები იყვნენ, რომ ერთმანეთი ენახათ. მისვლა-მოსვლა ჰქონოდათ. დაბადების დღეებზე აუცილებლად დავდიოდით, ახალ წელს აუცილებლად ჩამოდიოდნენ ჩვენთან. ახლა ყველა სრულწლოვანია და ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ.

- იურისტობის პარალელურად გურიაში სოფლის მეურნეობას მიყავით ხელი. ლანჩხუთის ცენტრში თხილის საამქროც გახსენით და მახსოვს კარდაკარ სიარულით, კოოპერატივიც ჩამოაყალიბეთ. ამ საქმის მიტოვება მოგიწევთ?
- წელს ძალიან კარგი მოსავალი იყო, თხილის ხარისხი გაუმჯობესდა, საკმაო რაოდენობით თხილი გადავამუშავეთ. მოვასწარი დაგვესრულებინა სეზონური სამუშაო და თუ გაგრძელდება თხილის მიღება, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც სრულად ვენდობი, იქ მუშაობენ და გააგრძლებენ ამ საქმეს. რაც შეეხება კოოპერატივს, ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას კოოპერატივიც და თხილის ქარხანაც. ასევე გავაგრძელებ იმ საქმეებს, რომელიც აღებული მაქვს და ევროსასამართლოშია გაგზავნილი. ევროსასამართლოს საქმეები ხელს არ მიშლის, 10 წელზე მეტია ვმუშაობ იმ გაგზავნილ საქმებზე და ასე ვერ მივატოვებ, მითუმეტეს დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კლიენტები არ იქნებიან თანახმა ჩემი დაწყებული საქმეები სხვას გადავულოცო. ბევრ საქმეზე ველოდები გამამართლებელ ვერდიქტს.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები