"პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - რა კომენტარი გააკეთა, ბათუმის აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ? - კვირის პალიტრა

"პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - რა კომენტარი გააკეთა, ბათუმის აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ?

კამპანია რომ შევწყვიტოთ, 4 წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, რომლებმაც მთელი საქართველო გააჩერეს

პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვის ეკისრება ბათუმში, პარტიის მხარდამჭერების შეკრების პასუხისმგებლობა.

შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა რეგულაციები დაცული, ვაშაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა შეკრებაზე ბევრი ხალხი მივიდა.

"სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, 4 წელიწადი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის 1 200 000-მდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს და მთელი საქართველოც გააჩერეს. რეგულაციების დაცვა აუცილებლად შეიძლებოდა და რას იზამ... ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რასაც არ ველოდით. რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.