ილჰამ ალიევი: "დღეს საქართველოს ტერიტორიიდან იარაღს გზავნიან კონტრაბანდული გზით" - კვირის პალიტრა

ილჰამ ალიევი: "დღეს საქართველოს ტერიტორიიდან იარაღს გზავნიან კონტრაბანდული გზით"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ, 16 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა თურქული ტელეკომპანიის A-Haber-ის ჟურნალისტს, რომელშიც ქვეყნის მეთაური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებულ სამხედრო მოქმედებების შესახებ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს.

თურქი ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა სომხეთისათვის იარაღის კონტრაბანდულ მიწოდებას ეხება:

- ბატონო პრეზიდენტო, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის დროიდან სატრანსპორტო თვითმფრინავებს მუდმივად მიაქვთ რაკეტები სომხეთში, კერძოდ, ირევანის აეროპორტში. ანუ, შეიძლება ითქვას, ხდება დანაშაულის ჩადენა. თქვენ ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტს როუჰანისაც ესაუბრეთ. სომხეთს რუსეთიდან იარაღი უანგაროდ მიეწოდება. კიდევ რას ეტყოდით ირანს და რუსეთს ამის შესახებ? - ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს ირანიდან სომხეთში იარაღის მიწოდების თაობაზე. პირიქით - შემიძლია ვთქვა, რომ ირანმა და საქართველომ თავიანთი საჰაერო სივრცე და სახმელეთო გზები დახურეს სომხეთში იარაღის გადასაზიდად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ირანს და საქართველოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს საქართველოს ტერიტორიიდან იარაღს გზავნიან კონტრაბანდული გზით როგორც სამოქალაქო, ასევე სატვირთო თვითმფრინავებით.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა აზერბაიჯანის მეთაურის აზრით თურქეთის პრეზიდენის რეჯეფ ერდოღანის მიმართ. აი, როგორ ახასიათებს ილჰამ ალიევი თავის თურქ კოლეგას:

"რეჯეფ ერდოღანი ჩემი ძმაა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი მსოფლიო ლიდერია. მან თურქეთი უმაღლეს მწვერვალებამდე მიიყვანა, განადიდა თავისი ქვეყანა. მისი წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ როგორი ღირსეული და ამაყი სახელმწიფოა თურქეთი. მის მიმართ ძალიან დიდ უსამართლობას იჩენს როგორც ზოგიერთი ქვეყანა, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თურქეთის შიგნითაც. მე, რასაკვირველია, ამ სიტუაციაში ჩარევა არ შემიძლია, მაგრამ როგორც ადამიანი, ვერ დავრჩები გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ - იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თურქეთისათვის. დღეს თურქეთში არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც ასევე შეიძლება უყვარდეს სამშობლო და მის ინტერესებს იცავდეს, რომ მზად იყოს მისთვის ყველაფერზე წავიდეს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. და ეს აზერბაიჯანში ყველამ იცის, თურქეთშიც. მე მინდა მათ ვუთხრა, ვინც ეს არ იცის: პოლიტიკური ბრძოლა ყველგან არის, მაგრამ არსებობს აგრეთვე ეროვნული საკითხი, რომელშიც არანაირი პოლიტიკური ბრძოლა არ უნდა იყოს. საფრთხის წინაშე ჩვენ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. დღეს თურქეთს ყოველი მხრიდან თავს ესხმიან და აკრიტიკებენ. ამ ყველაფრისადმი გამკლავება დიდ გაბედულებას მოითხოვს, დიდ პროფესიონალიზმს, ცოდნას და ნებისყოფას. სწორედ ასეთი ადამიანია ჩემი ძმაც. ამას აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ, რადგან მას კარგად ვიცნობ. მინდა ვუსურვო წარმატებები. მისი სიტყვები, მისი მოქმედება, მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია თურქული სამყაროსათვის. ჩვენ მომავალშიც დიდ ძალისხმევას მოვახმართ და გავაღრმავებთ თანამშრომლობას თურქულ სამყაროსთან". (წყარო)

იხილეთ ასევე: საგარეო უწყება: "სამწუხაროდ, მედიაში კვლავ გრძელდება სპეკულაციები, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით"

მოამზადა სიმონ კილაძემ