"არ ველ­ოდი­ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას" - რას უყვება "კვირის პალიტრას" აფგან მუჰთარლი, რომელიც თბილისში ჩამოსვლას აპირებს - კვირის პალიტრა

"არ ველ­ოდი­ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას" - რას უყვება "კვირის პალიტრას" აფგან მუჰთარლი, რომელიც თბილისში ჩამოსვლას აპირებს

"არჩილ თალაკვაძემაც პირდაპირ თქვა, თითქოს მე საარჩევნოდ ჩამოვდივარ, რათა ანტისახელისუფლებო საარჩევნო კამპანიაში მივიღო მონაწილეობა"

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, 9 ოქტომბერს თბილისში უნდა ჩამოსულიყო, რადგან პროკურატურაში აპირებდა მისვლას, თუმცა ბერლინიდან გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მას ბილეთი გაუუქმეს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის მიერ დევნილი ჟურნალისტი თითქმის სამი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი, მათ შორის იყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და 10.000 ევროს უკანონოდ გადატანა. მუჰთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში... ერთი სიტყვით, მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მუჰთარლი აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები შეთითხნილი იყო. ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს. მიმდინარე წლის 17 მარტს სურაჰანის რაიონულმა სასამართლომ მუჰთარლის სასჯელი პირობითი ვადით შეუცვალა. ჟურნალისტი საპატიმროს დატოვებისთანავე სპეციალური რეისით ბერლინში გაამგზავრეს, სადაც დღემდე ოჯახთან ერთად იმყოფება. მუჰთარლის საქმის შემდგომ თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო და პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

"კვირის პალიტრა" აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბერლინში დაუკავშირდა:

- პოლონურ ავიახაზებზე ბილეთი ჯერ კიდევ აგვისტოს მიწურულს შევიძინე, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, ევროკავშირის ქვეყნებისა და იქ მცხოვრები პირებისთვის საზღვრები გახსნილიაო. თუმცა გამოფრენამდე საქართველოს მთავრობამ ყველა რეისი გააუქმა და ვეღარ ჩამოვედი. მას შემდეგ, რაც გერმანიის და ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საქართველოში ჩამოსვლა დასაშვები გახდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შევავსე ბლანკი, სადაც სარეგისტრაციო ნომერიც მომცეს. შემდეგ ბილეთი ხელახლა შევიძინე და "კოვიდ-19"-ის ტესტიც გავიკეთე. აეროპორტში ერთი კაცი დამხვდა, Georgian Airways-ის წარმომადგენელი ვარ, თქვენ ხომ ის ჟურნალისტი ხართ, თბილისიდან რომ გაიტაცესო?! ვიფიქრე, რადგან ქართულ ტელევიზიებში ჩემზე არაერთი სიუჟეტი გაკეთდა, ქართველები მცნობენ-მეთქი, მან კი გამაფრთხილა, თბილისში არ გაგიშვებენ, რადგან დოკუმენტები წესრიგში არა გაქვთო. როგორ არა, ყველა სრულყოფილი მაქვს-მეთქი, თან ყველაფერი ამოვქექე, რომ მეჩვენებინა. მან ჯერ საელჩოში დარეკა, მერე საკონსულოში, დოკუმენტებს ფოტო გადაუღო და საკონსულოს გადაუგზავნა, საიდანაც ნახევარ საათში უთხრეს, გაუშვიო. ბარგი გამომართვეს და ბორდინგპასიც მომცეს. კონტროლი უპრობლემოდ გავიარე, თუმცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ბორდინგპასი შეამოწმეს და მითხრეს, დადასტურებული არ არის და თვითმფრინავში ვერ ჩაჯდებიო. ასე რომ, ბევრი გარემოება მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემაც პირდაპირ თქვა, თითქოს მე საარჩევნოდ ჩამოვდივარ, რათა ანტისახელისუფლებო საარჩევნო კამპანიაში მივიღო მონაწილეობა. არადა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არა მაქვს ისეთი ურთიერთობა, თანამშრომლობაზე ვიფიქრო. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობა არასდროს მიფიქრია. პროკურატურის მოწვევის საფუძველზე ერთი თვის წინაც ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას, რათა ჩვენება მიმეცა და დანაშაულის ადგილი მეჩვენებინა... მე ერთადერთი კითხვა მაქვს, რამდენი აიღო საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანისგან?

- პროკურატურის ცნობით, უკვე მიეცით ჩვენება გერმანიაში. - რამდენიმე თვის წინ გერმანულმა პოლიციამ ჩემი გერმანელი ადვოკატის თანხლებით თბილისიდან გამოგზავნილი კითხვების შესაბამისად დამკითხა, თუმცა მე მინდოდა ქართველი პოლიციელებისთვის მეჩვენებინა ადგილი, საიდანაც გამიტაცეს.

საქართველოში ჩემი ჩამოსვლა რატომ არის პრობლემა? თბილისში 10 დღით დარჩენას ვაპირებდი, რადგან ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიურია, აქ რამდენიმე წელი გავატარე და გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაფრის მიუხედავად, რეგიონში საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა. ამიტომაც არ ველოდი დღევანდელი მთავრობისგან ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას.

თუ პრობლემა იყო, ოფიციალური მოწვევა არ გამოეგზავნათ. არადა, თავდაპირველად, როდესაც "ფეისბუკზე" მივწერე, მიპასუხეს. შემდეგ ჩემმა ადვოკატმა მიმართა გენერალურ პროკურატურას ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც საქართველოში მიმიწვიეს. პარლამენტის სპიკერი კი ამბობს, ბევრი კითხვა დამებადაო, მაგრამ მეც მაქვს კითხვა - რამდენი აიღეს ალიევისგან, რომ საქართველოში არ შემოვეშვი? არ ვაპირებ Georgian Airways-ს ეს ყველაფერი შევარჩინო, მისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიმიღია, მხოლოდ მედიას განუმარტეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო არ ჩამომიშვეს. თითქოს რადგან აზერბაიჯანის მოქალაქე ვარ, ის არ შედის მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთაც საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ. ამიტომ ავიაკომპანია ვერ გამიწევდა მომსახურებას, რადგან სხვა რომელიმე მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეც არა ვარ და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით ვსარგებლობ. თუ რამე პრობლემა იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ბლანკის შევსებისას უნდა ეთქვათ, გავეფრთხილებინე მაინც. გარდა ამისა, უკვე დავუკავშირდი ევროსაბჭოს, ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩემი საქმით დაინტერესდნენ.

არაერთხელ შემომთავაზეს ევროპაში მეცხოვრა მშვიდად, მაგრამ არ მინდა. მე ზაქათალაში დავიბადე, თბილისში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, იქ ვსწავლობდი და მეგობრებიც მყავს. მე ხომ ტერორისტი და კრიმინალი არა ვარ, რატომ არ უნდა მქონდეს იქ ცხოვრების უფლება? თბილისში ვიცხოვრებ და ვიმუშავებ, ჩემს სამშობლოსთან ახლოს ვიქნები და აზერბაიჯანის თემებზე დავწერ.

თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს ჩემი გატაცება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებულია. სიმართლის დასამტკიცებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მივმართავ.

- თქვით, რომ გატაცებამდე რამდენიმე წელი თბილისში გაატარეთ. რა მოხდა 2017 წლის მაისს? - აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს ბაქოდან თბილისში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი პირი ჩამოვიდა, მათ შორის ჟურნალისტები და სხვადასხვა აქტივისტი. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თბილისში მათზე ინფორმაციის მოსაგროვებლად სპეციალური თანამშრომლები გამოგზავნა. მათ გაარკვიეს, რომ აქ ყველა წამოსული თავისთვის მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ იმისთვის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას თავისი აგენტების დაფინანსება გაეგრძელებინა, ლეგენდა შეთხზეს, თითქოს თბილისში არსებობს აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობი საიდუმლო გეგმა აქვს. როგორც ჩანს, მათ ჩემი პერსონა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კადრად აღწერეს. შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა "ამბოხება" ჩანასახშივე ჩაეხშო და თბილისიდან ჩემი გატაცება და დაპატიმრება დაგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით მოახერხა კიდეც. არც 10.000 ევრო მქონია, ჩამიდეს. ეს აზერბაიჯანში ყველამ იცის.

- აზერბაიჯანში რა გახდა თქვენი დევნის მიზეზი? - წლების განმავლობაში ვამხელდი ალიევის ოჯახისა და მისი კლანის უკანონო ბიზნესებს. ვმონაწილეობდი პოლიტიკურ პროცესებში, რაც მათთვის მიუღებელი იყო.

ბოლო წლებში, აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია, ფაქტობრივად, არ არსებობს. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ევროპაში არიან წასული და იქიდან მუშაობენ. ციხეებში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია და ყველა მათგანის "დანაშაული" ხელისუფლების კრიტიკაა.

- თქვენი სამშობლო ახლა მეზობელ სომხეთთან ომობს. რას ფიქრობთ ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე? - ახლა აზერბაიჯანის არმია საკუთარ ტერიტორიაზე ებრძვის რუსების დაფინანსებულ და წახალისებულ ტერორიზმს. მთიან ყარაბაღში სომხეთს კი არა, რუსეთს ვებრძვით. ის ოცნებობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალების განთავსებაზე. ეს ომი თავად სომხებსა და ჩვენზე მეტად აწყობს რუსეთს, რათა როგორმე სადავეები ისევ ხელში აიღოს, დიპლომატი შუამავლის როლს თამაშობს, სინამდვილეში კი ყველაფრით ეხმარება სომხეთს. ამ ომს რომ თავი დავანებოთ, რომელიც მას წაგებული აქვს - ისედაც წლებია ჭაობში აცხოვრებს. ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთს წელში გადატეხს.

სომხებს რატომღაც არ ესმით, რომ რაც უფრო ღრმად შემოვუშვებთ რუსეთს რეგიონში, მეტი პრობლემა გვექნება, სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, აფხაზები და ოსები სულ ერთმანეთის ხოცვაში ვიქნებით, რითაც ისევ და ისევ რუსეთი იხეირებს. სადაც რუსეთია, მშვიდობა და განვითარება ვერასდროს იქნება, ამის მაგალითია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, ყველგან მძიმე სოციალური ფონი, კორუფცია და კრიზისია.

- სომხური მხარე თავის მხრივ აზერბაიჯანისთვის თურქეთის მხარდაჭერაზე ლაპარაკობს. - თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამის მიუხედავად, თურქი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ ამ ომში, რადგან აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული და კარგად მომზადებული რეგულარული არმია, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლია. სომხეთის შეიარაღებული ძალები საგრძნობლად ჩამოგვრჩება. დიდი ალბათობით, ერთ კვირაში მხარეები ცეცხლს შეწყვეტენ, ოღონდ ისევ დროებით.

რუსეთი ამ კონფლიქტს მისთვის მორიგ ხელსაყრელ პერიოდამდე გაყინავს, რადგან ყარაბაღი მისთვის სამხრეთ კავკასიაზე გავლენის ბერკეტია.

ასე რომ, ამ ომს ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს - პუტინი. კავკასიელი ხალხები რუსეთის კეთილდღეობისთვის ვებრძვით ერთმანეთს. ეს ქართველებმა საკუთარ ტყავზე იწვნიეს და გააზრებული აქვთ, სხვა ერებმა კი ვერ გაიაზრეს. დიდი ალბათობით, ამ ომის შემდგომ სომხეთი რუსეთის ორბიტას უფრო მიეჯაჭვება და რეგიონში ვითარების ესკალაციის საფრთხე კვლავ დარჩება. სომხეთს საფრანგეთიც უჭერს მხარს, თუმცა არც ის და არც სხვა ქვეყნები ამ კონფლიქტში არ ჩაერევიან. აზერბაიჯანს ამერიკა მხარს რომ არ უჭერს, ალიევის ბრალია. მან ვერ შეძლო ევროსაბჭოსა და ნატოსთან ურთიერთობის დალაგება. არადა, შეეძლო ამის გაკეთება, მით უფრო, რომ რუსეთი სომხეთს მხოლოდ "კალაშნიკოვებით" კი არა, რაკეტებითაც ამარაგებს და ამის მაგალითი დაბომბილი განჯაა, რომელიც საომარ ზონაში არ არის. იმ თავდასხმას 50-მდე მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. იგივე მოხდა დაბა მინგაწევირსა და ბარდაში...

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების შესვლის საჭიროებას ვერ ვხედავ, თუმცა კონფლიქტის დასარეგულირებლად \რუსი სამხედრო "დამკვირვებლების" შესვლა სწორი იქნებოდაო. - იქ ნებისმიერი სტატუსის მქონე რუსის შესვლა ძალზე სახიფათოა.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ალიევი ამას დათანხმდეს. მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროები არაოფიციალურად ყოველთვის იყვნენ, ახლა რა მოხდება, ძნელი სათქმელია. იქ 5 წლის განმავლობაში მომიწია ყოფნამ, ვიბრძოდი. 17 წლისა ჯერ მოხალისედ წავედი, შემდეგ რეგულარულ არმიაში ჩავირიცხე. ორჯერ დავიჭერი... მაშინაც ვიცოდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ - ეს არის ომი, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება.

- პერიოდულად ორივე ქვეყანაში მწვავდება ანტიქართული პროპაგანდა, თითქოს ამ ომში რომელიმე ქვეყნის მხარე გვიჭირავს. - კარგად ვიცნობ აზერბაიჯანში სოციალურ ქსელებს და მსგავსი განწყობა არ შემინიშნავს, თუ სადმე გაიელვებს, სერიოზულად არც აღიქვამენ, რადგან იციან, რომ საქართველო მსგავს ვითარებაშია რუსეთის პირისპირ. სომხეთში კი ხომ ვიცით, ვინც მუშაობს, - რუსეთი და ირანი, რომელიც ისლამური სახელმწიფოა, თუმცა სირიასა და აღმოსავლეთ რეგიონში მათი ინტერესები ემთხვევა. ისინი მოკავშირეები არიან და შესაბამისად, თეირანში აწყობთ აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო სტრატეგიული ფუნქცია დაკარგონ. მათ კავკასიიდან დასავლეთის გაძევება სურთ და ამისთვის მარტივი გზა არსებობს - ქაოსი რეგიონში. ამიტომ უშენდა სომხეთის არტილერია აზერბაიჯანში სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენებს. რაც შეეხება რუსეთს, ის თავად სომხეთის მოსახლეობაშიც კი ქმნის საზოგადოებრივ აზრს თავიანთ ხელისუფლებაზე...

ჩვენ ქართველებთან პრობლემა არასდროს გვქონია, ოჯახურ დონეზეც კი - ჩემს მეუღლეს ქართველი ნათესავები ჰყავს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს არაფერში სჭირდება დამატებითი პრობლემები. აზერბაიჯანის არ იყოს, მისი ტერიტორიებიც წლებია ოკუპირებულია და ორივე რეგიონში რუსეთის ბაზაა...

მულტიკულტურულ საქართველოს ჰყავს ეთნიკური აზერბაიჯანელებიც და სომხებიც და კონფლიქტის უფრო გაფართოების შემთხვევაში, საფრთხე შესაძლოა საქართველოსაც დაემუქროს, ამიტომაც, ქართულ დიპლომატიას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. სომხეთი რუსეთის ფორპოსტია, მას იქ 5000-კაციანი სამხედრო ბაზა აქვს.

რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დროს სომხეთმა მას საჰაერო სივრცე დაუთმო, რუსული მოიერიშეები სწორედ გიუმრის ბაზიდან ფრინდებოდნენ.

- ეს გადამოწმებული ინფორმაციაა? - მე აქტიური ჟურნალისტი ვარ, დიდი სტაჟით, მათ შორს სამხედრო სფეროში და ჰაერზე არაფერს ვამბობ, თუმცა

მესმის, რომ სომხეთიც მეზობელია და დიპლომატიურ ურთიერთობას ინარჩუნებს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოძლიერება წამგებიანია როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. სომხეთისთვის ბევრი არაფერი იცვლება, მას ძველ რელსებზე მოუწევს ცხოვრება.

- ალბათ, არ გამოგრჩენიათ დავითგარეჯის საკითხზე ატეხილი სკანდალი.

- სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცნობ ადრინდელ მონაცემებს და არ ვიცი, ზუსტად სად გადიოდა საზღვარი, თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა ემოციურად მოქმედების დრო არ არის - უპირობოდ უნდა გაიხსნას იქაურობა ქართველი სასულიერო პირებისა და მომლოცველებისთვის და შემდგომ მშვიდად დაიწყოს მსჯელობა საზღვრის დემარკაციასა და სხვა სადავო საკითხებზე. საქართველოსა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აქვთ და პრობლემების მშვიდად გადაწყვეტაც უნდა შეძლონ. ვითარების გამწვავება ახლა ნამდვილად არ ღირს.