სააკაშვილის ტყუილი - კვირის პალიტრა

სააკაშვილის ტყუილი

გასულ კვირას, ვიდრე ამერიკაში გაემგზავრებოდა, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოატყუა: რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პენსია თბილისში ათი ლარით გაიზრდება, რეგიონებში - ოცით.

კარგია ეს თუ ცუდი? მოდი, ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: ეს არის ცუდზე უკეთესი. კარგი რა იქნებოდა? კარგი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობას გაცილებით ადრე მიეღო, რადგან დღეს ათი და თუნდაც ოცი ლარით პენსიის მომატება გაზრდა აღარ გამოდის, რადგან ყველაფერი საშინლად გაძვირდა. თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, როგორ სცადა პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუება. პირველად ხომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იცრუა, რომ განაცხადა, თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, 2009 წლის განმავლობაში პენსია ასი დოლარის ეკვივალენტი იქნებაო, მეორედ კი წინა კვირას, რომ თქვა, არასდროს მითქვამს, პენსია ასი დოლარი იქნებაო, მე ყოველთვის ვამბობდი, ასი დოლარის ეკვივალენტი საპენსიო პაკეტი იქნება-მეთქი.

თან განმარტა, რას გულისხმობდა საპენსიო პაკეტში, ანუ მასში შედის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა 30-ლარიანი დახმარებაც და სახელმწიფო დაზღვევაც, რომელიც ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილიო. პრეზიდენტის ამ ნათქვამიდან მარტივად ჩანს, რომ ის პენსიონერები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში არ შედიან, ასდოლარიან საპენსიო პაკეტსაც კი ვერ ეღირსებიან.

ჩვენ რომ ქვეყანაში წესიერი ტელევიზიები გვქონდეს (მთელ ქვეყანაზე რომ მაუწყებლობენ, ისეთ ტელევიზიებს ვგულისხმობ), ამ თემაზე სიუჟეტში მოსახლეობისთვის გრაფიკები კი არ უნდა დაეხატათ და მოეყოლათ, როგორ უმჯობესდება მათი ცხოვრება, როცა მთავრობა პენსიას მინიმალურად ზრდის, არამედ უნდა ამოეღოთ არქივიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთებული სააკაშვილის განცხადებები და მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, მართლა ახსენა ბატონმა მიხეილმა "საპენსიო პაკეტი", თუ მხოლოდ პენსიის გაზრდაზე ლაპარაკობდა.

ეს რომ გაეკეთებინათ, ნათლად ნახავდა ყველა, რომ სააკაშვილი მაშინ არანაირ პაკეტს არ ახსენებდა, თუმცა ასეთი ტელევიზიები რომ გვყოლოდა, მაშინ ასეთი ტყუილის თქმას, ალბათ, ვერც გაბედავდა.

ქალის აღფრთოვანება

სულ სხვაა ქალის აღფრთოვანება, მით უმეტეს - პოლიტიკოსი ქალის. და მით უმეტეს, როდესაც იგი საკუთარი პარტიის ლიდერებითაა აღფრთოვანებული. ამ დროს, ალბათ, მას განსაკუთრებული აღმაფრენა იპყრობს და ძნელია მას ზომიერების დაცვა მოსთხოვო. არის "ქართულ პარტიაში" ერთი კარგი ადამიანი - სოფო ხორგუანი, რომელიც ადრე სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ჰოდა, ქალბატონმა სოფომ პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების დროს საკუთარი პარტიის ლიდერების დახასიათება გადაწყვიტა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბევრი კომენტარი საჭირო არ არის, საკმარისია, ქალბატონ სოფოს მოვუსმინოთ:

"სოზარი, რომელიც სინდისივითაა, ყოველთვის სიმართლის მხარესაა და როგორც სინდისსა და სიმართლეს ვერ დაამარცხებ, შეუძლებელია სოზარის დამარცხება! ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ყველაზე გულწრფელია სამშობლოს სიყვარულში, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც 700 ათასი ხმა მიიღო, რომელმაც ქართული ღვინო ბრენდად აქცია და მსოფლიოს გააცნო! კოკა გუნცაძე, ყველაზე პრინციპული ადამიანი, რომელიც არასოდეს ღალატობს პრინციპებს და არ ეშინია მისი დაცვა!

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არათუ ყველაზე თანამედროვეა, ის ერთი ნაბიჯით უსწრებს ყველას, ის მომავლის ადამიანია! ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ყველაზე მეტად ამაყობს ქართველობით და ჩვენ ყველანი ვამაყობდით, როცა მის შექმნილ ქართულ ჯარს ვუყურებდით, რომელშიც ირაკლიმ სული და გული ჩადო!" - ასე დაახასიათა ხორგუანმა პარტიის ლიდერები. მისი თქმით, "ქართული პარტია" წარმატებული და ღირსეული ადამიანების პარტიაა, რომელიც დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.