"არ არის გამორიცხული, უფრო მაღალ დონეზე და უფრო დიდი თანხა მოეთხოვათ, ამის სანაცვლოდ კი აზერბაიჯანულ მხარეს მიეღო ეს მონაკვეთი" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, უფრო მაღალ დონეზე და უფრო დიდი თანხა მოეთხოვათ, ამის სანაცვლოდ კი აზერბაიჯანულ მხარეს მიეღო ეს მონაკვეთი"

ექსპერტი მამუკა არეშიძე სკანდალური საქმის ირგვლივ გვესაუბრება და თავის სავარაუდო ვერსიებს გვთავაზობს.

- მართალია, პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაულის მოტივი დადგენილია, მაგრამ მას დღემდე არ ახმაურებს. ბრალდებულების ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ მოტივი საქმეში არ ჩანს, თქვენ რა ვერსიებს განიხილავთ?

- ძალიან რთული დასადგენია, ეს არის ანგარებით ჩადენილი დანაშაული, არაპროფესიონალიზმი თუ ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება. თუმცა ყველა შემთხვევაში საქართველო ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყველა ჩამოთვლილი მიზეზი სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ფორმით ფიგურირებს ამ საქმეში. მხოლოდ დაპატიმრებულებს არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართული. აქ ჩანს საბოტაჟის ელემენტებიც. ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა და თუ კარგად გავაანალიზებთ მოვლენებს, ამას მივხვდებით.

გავიხსენოთ ის პერიოდიც, როდესაც 2006-2007 წლებში კომისიამ შუალედური მუშაობა დაასრულა. მაშინ მნიშვნელოვანი იყო, რომ ამას ხელი არ მოაწერა საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ბეჟუაშვილის მოადგილე მანჯგალაძემ, რატომ არ მოაწერა ხელი? ან საიდან გაჩნდნენ ამ მოლაპარაკების შემდეგ ძალიან მალე იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? მანჯგალაძის საკითხი ისე ჩაფარცხეს, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩუმად გამოჩნდნენ მესაზღვრეებიც და როცა სააკაშვილს საზოგადოების წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რატომ ხდება ეს ამბავიო, თქვა ბუნდოვანი ფრაზა - ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის, მაგრამ დავითგარეჯა საქართველოსიაო. ამას მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება, აქციები, საპატრიარქოს მკაცრი პოზიცია, მაგრამ ხელისუფლება იყო პასიური. მერე კი უცებ გამოხტნენ ნინო კალანდაძე და ნიკა რურუა და დაიწყეს მტკიცება, რომ ჩიჩხიტურის და უდაბნოს მიწები არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

ბუნებრივია, მაშინაც გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაცაში იცვლებოდა ეს ტერიტორია. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო აგვისტოს ომი და ამას მოჰყვა უცნაური გასხვისება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების, როგორიც იყო ყულევის ტერმინალი, სუფსის ტერმინალი... ჩნდებოდა კითხვა, რატომ ვყიდდით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, მაგრამ ხელისუფლების პასუხი არ იყო. მერე ისიც გაირკვა, რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანულმა ბიზნესსტრუქტურებმა ხელში ჩაიგდეს მონოპოლია ხორბლისა და შაქრის შემოტანაზე. როცა აზერბაიჯანის ფინანსური სტრუქტურების წარმომადგენლებს კითხვებს უსვამდნენ, ისინი პასუხობდნენ, ჩვენ იმდენი ფული დაგვახარჯვინეს ჩვენთვის არაპროფილურ საქმეში, რაღაც ხომ უნდა მიგვეღო სამაგიეროდო. არაპროფილური იყო, მაგალითად, გზების, ხიდების მშენებლობა და სხვადასხვა რამ. წარმოიდგინეთ, ენერგოსტრუქტურას მოსთხოვეს, გაეყვანა გზა! რა შუაში იყო ენერგოსტრუქტურა გზასთან? იმან იმაში დახარჯა ფული, რომ სამაგიერო მიეღო და არ არის გამორიცხული, უფრო მაღალ დონეზე და უფრო დიდი თანხა მოეთხოვათ, ამის სანაცვლოდ კი აზერბაიჯანულ მხარეს მიეღო ეს კონკრეტული მონაკვეთი... ეს არის ვერსიები, დანარჩენის გარკვევა კი გამოძიების საქმეა.

- ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, იმასაც იტყვიან, 70-80 მილიონი აიღესო. მისი ეს განცხადება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. თქვენ რას იტყვით ამ განცხადებაზე? - აქ ვხედავ თამაშს, ვიდრე სხვები იტყოდნენ, თვითონ ეთქვა. ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ეს თანხა აქვს აღებული, მაგრამ ძალიან კომიკურია ეს ფაქტი. შეიძლება მეტიც იყო და ნაკლებიც. საზოგადოებას ამ განცხადებიდან თანხის რაოდენობის გარდა არაფერი დაამახსოვრდა.

- ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მოტივი არ ჩანს... - ადვოკატი ვალდებულია, თავისი კლიენტის უფლებები დაიცვას, ის სუბიექტურია. მე მინდა ყურადღება მიექცეს კომისიის ძველი წევრების საუბრებს. საინტერესო ფაქტებს მივაგენი. ამბობენ, კომისიის სხდომამდე ხმალამოღებული ბრძოლა მიდიოდა ქართულ და აზერბაიჯანულ დელეგაციებს შორის და განსაკუთრებით მონდომებული ამ საქმეში იყო ბატონი მელაშვილიო. კომისიის ერთმა წევრმა ისიც მითხრა, ამ კაცს რომ ვუყურებდი, მეგონა, ამაზე დიდი დამცველი არ ჰყავდა საქართველოს. ვთვლიდი, რომ პერსპექტიული და პროფესიონალი ხალხის ხელში იყო ეს საქმე, მაგრამ მერე ვატყობდით, რომ უცებ თემა იკარგებოდა და გუმანითაც ვგრძნობდით, რაღაც ისე არ ხდებოდა და ცუდად მიდიოდა საქმე, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი გვქონდაო. ვერ ვხვდებოდით, რატომ იყო აზერბაიჯანის პოზიცია მყარი ყოველთვის იმ მონაკვეთებზე, რომელთა შესახებ ჩვენ მწირი დოკუმენტები გვქონდა. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ ამ დოკუმენტების დეფიციტი ხელოვნურად იქმნებოდა ქართული მხარისთვისო. ამას ამბობს ის ხალხი, ვინც კომისიაში იყო.

ერთმა მითხრა, ჩემ თვალწინ უცებ გათამაშდებოდა სპექტაკლი, რომლითაც ნასიამოვნები ვრჩებოდი, მაგრამ იქიდან რომ გამოვდიოდი, ვხვდებოდი, ყველაფერი სწორად არ კეთდებოდაო. ეს ადამიანი საფინანსო საკითხების სპეციალისტი იყო, არ იყო კარტოგრაფი. აქ რამდენიმეშრიანი თამაში მიმდინარეობდა. კომისიის ერთ-ერთი წევრი იმასაც მეუბნება, ვიყავით 1938 წლის რუკის გამოყენებაზე შეთანხმებული, მაგრამ ხშირად ვხმარობდით 70-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს და როცა მე კითხვა მიჩნდებოდა, რატომ ვხმარობთ ამ რუკებს და არა იმას, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, მეუბნებოდნენ, 1938 წლის რუკაზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მეც ვჩუმდებოდი, რადგან ამ საქმის სპეციალისტი არ ვიყავიო.

ადვოკატები ცდილობენ საზოგადოებას ტვინი აურიონ. აშკარაა, რომ შეცდომებია დაშვებული, ეს დადასტურებულია საქართველოში ცნობილი, ძლიერი ექსპერტების ჩატარებული ექსპერტიზით. არ შეიძლება ყველა იდიოტი ეგონოთ და გაუთავებლად ატყუონ. ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტის კლასიკა. იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე მივა.