"გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს. წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება მაგრამ არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას" - კვირის პალიტრა

"გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს. წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება მაგრამ არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას"

ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა,ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია ადამიანებს ყველა რეგიონში კომფორტული და ღირსეული პირობები შეუქმნან, ამისთვის კი, მათ 31 ოქტომბერს გამარჯვება სჭირდებათ.

"ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს. ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ რა თქმა უნდა, ყველანი ერთად, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ხობზე და რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხობი არის „ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხე“.

„ხობი სამეგრელოს შესანიშნავი კუთხე და რაც მთავარია ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხეა. საერთოდ, ხობი სამეგრელოს შუაგულია, აქ მთავრდებოდა დიდი აბრეშუმის გზა და აქედან იწყებოდა მოგზაურობა აღმოსავლეთიდან ევროპაში. ხობმა ბოლო წლებში, განსაკუთრებით, 90-იანებში ბევრი მძიმე დღე გამოიარა და ამის დასტურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მუზეუმი, რომელიც აქ ხიბულაშია და რა თქმა უნდა, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს ჩვენს მეხსიერებაში უნდა დარჩეს და ამ მეხსიერებით შევაბიჯოთ ახალ ევროპაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"