"ევროპული საქართველო" საავტომობილო აქციას - "დაუპიპინე ბიძინას" გამართავს - კვირის პალიტრა

"ევროპული საქართველო" საავტომობილო აქციას - "დაუპიპინე ბიძინას" გამართავს

"ევროპული საქართველოს"საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მასიურ საავტომობილი აქციას მოაწყობს.

კაპანაძის განმარტებით, ისინი სიგნალებით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს, რომ "მისი დრო ამოიწურა“.

სერგი კაპანაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მთავრობის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ოთხშაბათს დაგეგმილ აქციაზე სიგნალებით გამოხატონ.

"ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ერთი მხრივ, ეკონომიკურ კრიზისში, რადგან დღითიდღე უფრო მეტი მოქალაქე ღარიბდება მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და პოლიტიკის გამო, რასაც თან ერთვის ჯანდაცვის უმძიმესი კრიზისი. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ დრამატულად იზრდება კორონაინფიცირებულთა რიცხვი.

ამის ფონზე, როგორც ჩანს, ივანიშვილის და მისი უპასუხისმგებლო მთავრობის ერთადერთი სურვილია, არჩევნებამდე ისე მიატანონ, არ იყოს საარჩევნო აქტივობები და ოპოზიციურმა პარტიებმა არ იაქტიურონ. იმედი აქვთ, ამის გამო, ისინი ხელისუფლებას შეინარჩუნებენ.

"ევროპულმა საქართველომ"გუშინდელი დღისთვის მრავალათასიანი აქცია დაგეგმა, მაგრამ იმის გამო, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ჩვენ ეს აქცია გავაუქმეთ, გამოვიჩინეთ რა, პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს, არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსი გაეზარდოს. ოთხშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში მასიურ საავტომობილო აქციას ვგეგმავთ, სახელით "დაუპიპინე ბიძინას“.

შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა.

აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება, ასევე თბილისში. ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს, უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით "დაუპიპინე ბიძინას.“

ასევე, ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ“,- განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს"პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"