"კედელთან ხალხი კი არა, ხელისუფლებაა მიყენებული" - კვირის პალიტრა

"კედელთან ხალხი კი არა, ხელისუფლებაა მიყენებული"

(იხ. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/2359-gubaz-sanikidze-qkedelthan-khalkhi-ki-ara-khelisuflebaa-miyenebuliq.html)

"მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლებაში ზოგი "აბრატნი ვალსს" ცეკვავს"

"კადაფისა არ იყოს, მიშასაც ჰგონია, რომ თავის ხალხს უყვარს"

"ხელისუფლებასთან მოლაპარაკება  იქნება  ღია და მხოლოდ ერთ საკითხზე, - ხელისუფლების გადმობარებასა და მისი წასვლის პირობებზე. ვინც ამ საარჩევნო გარემოში არჩევნებზე წავა, მოღალატე იქნება", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც 9 მარტისთვის ელოდებოდა ხელისუფლების პასუხს, ჩატარდება თუ არა საქართველოში სამართლიანი არჩევნები. რა პასუხი მიიღო ოპოზიციამ ხელისუფლებისაგან და როგორ ხედავს "ეროვნული ფორუმი"  მოვლენების განვითარების პერსპექტივას, გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- ხელისუფლების პასუხმა დაგვარწმუნა, რომ მის რიგებში დაბნეულობაა. ვერც ცვლილებებზე გვეუბნებიან უარს და არც თანხმობის თქმა უნდათ. უკვე არჩევნების ჩატარებაზე  კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, აპირებს თუ არა ეს ხელისუფლება არჩევნებით წასვლას.   ხელისუფლება დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავს, მაგრამ მარტის ბოლოს საბოლოოდ  მოუწევს თქვას, რას აპირებენ და ჩვენც ვეტყვით ჩვენსას. საკითხი ასე დგას: სააკაშვილი ან არჩევნებით უნდა წავიდეს, ან რევოლუცია მოხდება. სააკაშვილის წამმზომი ჩართულია. ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც საარჩევნო გარემოზე მუშაობს, ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით უნდა. ჩვენც ამის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ თუ თავად არ უნდათ არჩევნებით წასვლა, რა პრობლემაა? რევოლუცია იქნება.

- ნინო ბურჯანაძე აცხადებს, თავიდანვე ვიცოდი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდაო.

- მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან მეორე მხარის პასუხს იგებ. ჩვენ დადასტურებულად უნდა მივიღოთ პასუხი სააკაშვილისაგან, რომ მერე არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ იყოს ლაპარაკი, რადიკალები და ტერორისტები ხართო.

სააკაშვილი ცეცხლს ეთამაშება, რომ გვიწვევს,  უზრდელი ბავშვი ვარ და მოდი, აბა, მომერიეთო. ამას პოლიტიკური შანტაჟი ჰქვია და ისტორიის მაგალითების მიხედვით, შანტაჟისტები ყველაზე მწარედ ისჯებიან.

გაიხსენეთ სადამ ჰუსეინი, მილოშევიჩი, ბაკიევი და მუამარ კადაფი, რომელიც ძალიან ჰგავს სააკაშვილს.  კადაფისა არ იყოს, მიშასაც ჰგონია, რომ თავის ხალხს უყვარს. ამ გაზაფხულზე დიდი ამბები იქნება. არაფერს ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ აქეთ მიჰყავს სააკაშვილს ყველაფერი.

დღეს ფეთქებადსაშიში ვითარებაა და ვერ გამოიცნობ, რა საბაბით მოხდება აფეთქება. რამდენიც უნდა იძახონ, გარე ფაქტორებს არა აქვს მნიშვნელობაო, მაინც აქვს. ორი ძალიან მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი მოქმედებს ამჟამად სააკაშვილის საწინააღმდეგოდ: აშშ-ის პრეზიდენტი აღარ არის ჯორჯ ბუში და აღმოსავლეთის რევოლუციებს საქართველოზეც აქვს გავლენა.

- აქამდე ხალხის აქტიურობას უფრო სკეპტიკურად უყურებდით.

-  ყველაფერს ზღვარი უდევს. გული მწყდება, რომ კოდორისა და ახალგორის დაკარგვაზე ხმა არ ამოიღო არავინ, მაგრამ მინების დამუქების გამო ხომ მაინც ამოიღეს ხმა ქართველებმა. ე.ი. თუ მინების დამუქების გამო გამოვიდა ხალხი, ლუკმაპურისთვისაც გამოვა.

აჯანყების საბაბს ეს ხელისუფლება ყოველდღე იძლევა. ჩვენ რომ ევროპელები ვიყოთ, ამ კაცს აქამდე მივუჩენდით ადგილს, მაგრამ... ბაგრატის ტაძარში შეიყვანა სააკაშვილმა ბულდოზერები! ეს იგივეა, კრაკოვში, მეფეთა საძვალეში,  ან რეიმსში, საფრანგეთის მეფეთა განსასვენებელში, ან აახენში (სადაც  გერმანიის  36 იმპერატორია დასაფლავებული) შეიყვანოს ვინმემ ბულდოზერები. იცით, რა მოჰყვება ამას? გარეთ გამოვა მთელი ხალხი. ჩვენთან კი ვერავინ ვერაფერი გაიგო.

გამოდის, ეროვნული ღირსების დასაცავად არ ვვარგივართ, მაგრამ შიმშილი სხვა ამბავია და ამის გამო მაინც ამოიღებს  ხალხი ხმას.

ჩემგან ეწყინათ, ერთხელ საქონელი რომ ვახსენე, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ მთელ ქართველ ხალხს საქონელივით ექცევა სააკაშვილი?

ქართველებს რამდენიმე წმინდა ადგილი გვაქვს, რომელიც ხელუხლებელი უნდა იყოს: მცხეთა, ბაგრატი, ძველი თბილისი და ბედია, რომელიც დღეს ჩვენი აღარ არის. ყველას შეეხო სააკაშვილი.

მცხეთაში პლაჟების გაკეთებას აპირებს. იქ, სადაც წმინდა ნინომ ქართლის მოსახლეობა მონათლა, შიშველმა უცხოელებმა უნდა იარონ, ძველი თბილისის ხედი  კი ბროლის ხიდით დაგვიჩრდილა.

კაცი ბარათაშვილის ხიდზე რომ დადგებოდა, თვალწინ ძველი თბილისის უნიკალური ხედი ეშლებოდა. დედამიწაზე ვერ ნახავდი მსგავსს, სააკაშვილმა კი ჩვენს თხუთმეტსაუკუნოვან ისტორიას შუშის ხიდის ფარდა ჩამოაფარა. სააკაშვილი თანამედროვე ბარბაროსია, რომელსაც შენება არ შეუძლია, მას მხოლოდ ნგრევა ძალუძს. ეს შეგნებული ქმედება მგონია, ვიდრე უგუნურება - შენი ისტორია არ უნდა დაინახო, არ უნდა შეიცნო, რადგან ეს ღირსებას გაგიღვიძებს.

როცა ხალხს შია, მაღალ იდეალებზე არ უნდა ელაპარაკო. თუმც ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშიერ ხალხს დიადი საქმეები გაუკეთებია. ჩვენი საზოგადოება დიადი საქმეებისთვის არ არის მზად. სააკაშვილს რომ ამდენი ხანი ვიტანდით, ლოგიკური იყო და ასევე ლოგიკური იქნება ისიც, რომ ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში ზოგი "აბრატნი ვალსს" ცეკვავს და თავის გადარჩენას ლამობს. ვიღაცებს ეუბნებიან,  მე ხომ ბევრი არ დამიშავებია, მე სხვაზე უკეთესი ნაძირალა ვარო. ზოგიერთი ხელისუფლებიდან ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელთან ლაპარაკობს პოსტსააკაშვილისეულ პერიოდზე. ბუნებრივია, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს უნდა გარანტიის მიღება, მაგრამ მინდა ყველა გავაფრთხილო ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც:  ხელისუფლება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის იმედზე ნუ იქნება. ასევე მოვუწოდებ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თამასუქებსა და გარანტიებს გასცემენ:  ასე ნუ გათამამდებიან, რადგან ვინმესთვის გარანტიის მიცემა შეიძლება მათი გადასაწყვეტი არ გახდეს.

"ნაცმოძრაობის" პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ.

ძალიან საინტერესო პროცესები იქნება ამ გაზაფხულზე. ეს ამბები დიდ გავლენას იქონიებს საქართველოს მომავალზე. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ფიალა უკვე ავსებულია.

რაც შეიძლებოდა, ჩვენს ხალხს ყველაფერი დაემართა. რისი შიშიც ჰქონდა, ვერ აიცილა. ყველაფერი იგემა: სამსახურიდან გამოგდება, ეკონომიკის დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, შიმშილი და რისღა უნდა შეეშინდეს?

ხელისუფლება საარჩევნო გარემოზე ლაპარაკით დროს წელავს, მაგრამ როდემდე უნდა გაწელოს, ბოლოს ხომ გაწყდება?

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ყოჩაღობენ ტელეეკრანების წინ, მაგრამ რევოლუციის ეშინიათ, რადგან მაშინ ფიზიკურ გადარჩენაზე იქნება ლაპარაკი. ამბოხება უკონტროლო რევოლუციაა და ეშინიათ, ხალხი სახლებში არ მიუვარდეს. ორ წყალს შუა არიან, რევოლუციისაც ეშინიათ და არჩევნებში წაგებისაც. დაბნეულები იმიტომ არიან, რომ გამოსავალი აღარ აქვთ. კედელთან  ხალხი და ოპოზიცია კი არა, ხელისუფლებაა მიყენებული.