უნდა გადაიდოს თუ არა საპარლამენტო არჩევნები?!
უნდა გადაიდოს თუ არა საპარლამენტო არჩევნები?!
"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაკავებული ივერი მელაშვილის პოზიციამ, როდესაც მან უარი თქვა გირაოს მოთხოვნაზე და განაცხადა, ამ ბრალდებით ციხეში ვიქნები თუ გარეთ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო"

საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნო პროცესები საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში, პანდემიის თანხლებით მიმდინარეობს, რაც დიდი გამოწვევაა პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოდ, ქვეყნისთვისაც. გარდა გართულებული ეპიდვითარებისა, კიდევ რითი განსხვავდება წლევანდელი საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პანდემიამ არჩევნების შედეგებზე? - ამ
კითხვებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:


- ვფიქრობ, საკანონმდებლო ცვლილებებმა, რამაც საარჩევნო სისტემა შეცვალა და ამის შედეგად დაწესებულმა 1%-იანმა ბარიერმა მნიშვნელოვნად განმუხტა ის დაძაბულობა, რაც აქამდე თითქმის ყველა არჩევნებს ახლდა. ვფიქრობ, ამან სტიმული მისცა ელექტორატის ოპოზიციური მუხტის იმგვარად განაწილებას, რომ ის კონცენტრირებული არ არის ერთი
კონკრეტული ძალის გარშემო, შესაბამისად, საარჩევნო გარემო შედარებით მშვიდია. არ ვგულისხმობ ცალკეულ ინციდენტებს, რაც უფრო მეტად ხელოვნურად იქმნება ვითარების გასამწვავებლად და იმაზეც არის გათვლილი, რომ ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ამ წერტილოვან გართულებებში თითქმის ყველა მხარე მონაწილეობს. წინა არჩევნებთან შედარებით, დღევანდელ საარჩევნო პროცესს მედია და პოლიტიკური რეკლამები რომ ჩამოვაშოროთ, დავინახავთ, რომ არც იგრძნობა, თუ ქვეყანაში 2 კვირაში არჩევნებია და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. ამგვარი განწყობა არც ერთი არჩევნების წინ არ ყოფილა. საზოგადოება ძალზე ინდიფერენტულია. არ ვგულისხმობ მხოლოდ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. საერთოდ, მდორედ მიმდინარეობს პროცესი.

- თქვენი აზრით, როგორ აისახება პანდემიური რეჟიმი არჩევნებზე? სანამ ხელისუფლება ეპიდვითარების გაკონტროლებას ახერხებდა, ის კორონავირუსის სათავისოდ გამოყენებას ცდილობდა. ახლა კი აშკარაა, რომ უკვე გართულებული ვითარების გამოყენებას ოპოზიცია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ცდილობს.
- ჩემი აზრით, პანდემიურ ვითარებას ოპოზიცია თავიდანვე ძალიან არასწორად მიუდგა და ახლაც ასევე იქცევა. საქმე ისაა, რომ მედიაც და ხელისუფლებაც მუდმივად ავლებდნენ და დღესაც ავლებენ პარალელს იმ ვითარებასთან, რაც მსოფლიოში, მათ შორის წამყვან და ძლიერ სახელმწიფოებშია. აშკარაა, რომ გაზაფხულზე სწორად დაგეგმილი შემაკავებელი ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაინც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ის, რომ მეორე ტალღა იქნებოდა, ამაზე კარგა ხნის წინ ლაპარაკობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, გვეუბნებოდნენ, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებაო. ამიტომაც საზოგადოება მშვიდად შეხვდა შექმნილ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. როდესაც ოპოზიცია ასეთ რამეებზე აკეთებს აქცენტს და ჰგონია, ამით ქულებს დაიწერს, ვფიქრობ, შეცდომას უშვებს. ეს არ არის ის თემა, რაც იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ოპოზიციის საარჩევნო ლოზუნგებიც და ქმედებებიც ძალიან შეეფერება რევოლუციურ განწყობებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ საზოგადოებაშიც იქნებოდა რევოლუციური მუხტი, ანუ ამგვარი განწყობა, ოღონდ "ქართული ოცნება" არა და ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაშიო.

საზოგადოების დიდ ნაწილში ამგვარი დამოკიდებულება არ ჩანს, მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის ხელისუფლების დიდი შეცდომებისა. ოპოზიციის პათოსი და მოსახლეობის განწყობა აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს, ასეთ ვითარებაში კი ის შედეგი არ მიიღწევა, რაც ოპოზიციას სურს. მეტიც, ასეთი მიდგომები ოპოზიციის საწინააღმდეგოდ უფრო მუშაობს. ვფიქრობ, მათ იციან რეალური სურათი, აქვთ შიდა კვლევების შედეგები, შესაბამისად, გაუგებარია, რაში სჭირდებათ ეს რევოლუციური რიტორიკა? როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ, მაშინ ამომრჩეველს უნდა შესთავაზო ალტერნატივა. კარგი, ხელისუფლებას გაექცა კორონავირუსი, მაგრამ ოპოზიციური ძალები როგორ აპირებენ ამ პროცესის გაკონტროლებას? მე მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ მინახავს. უფრო მეტი საწოლი ან სასუნთქი აპარატი ექნება მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანას თუ ისევ კარანტინში დაგვაბრუნებენ? რას უპირებენ ეკონომიკას? მათ ამ კითხვებზე პასუხი არა აქვთ, ამიტომ პანდემიის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ოპოზიციას გამარჯვებას მოუტანს.

- 16 ოქტომბერს ბათუმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერებთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეხვედრა გამართა, სადაც კორონავირუსისგან დამცავი რეკომენდაციები დარღვეული იყო. ეს მაშინ, როცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და ამგვარი შეკრებები არ გამართა. ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებამ საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ისინი თითქოს მიზანმიმართულად შეეცადნენ კორონავირუსის გავრცელების მეტად აფეთქებას. მეტიც, სააკაშვილი უკვე ახალ შეკრებებს აანონსებს, რამაც შეიძლება მართლა კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომაც ჩნდება განცდა, რომ ამ პოლიტიკური ძალისთვის ადამიანი, მისი უფლებები და კეთილდღეობა ოპოზიციაში ყოფნისას ისეთივე უმნიშვნელოა, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნისას იყო.
- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. "ნაცმოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ შეკრებაზე ერთი ინფიცირებულიც თუ იყო, ეს იქნება ვულკანური აფეთქება, თან იქ შეკრებილები არც მარტო ბათუმელები იყვნენ და არც მხოლოდ აჭარლები. როგორც ხდება ხოლმე, მთელ დასავლეთ საქართველოში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების მობილიზება მოხდა, რათა როგორმე მასშტაბური აქცია გამოსვლოდათ. თუ იქ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოხდა, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა გვექნება და ეს უპირველესად დარტყმა იქნება თავად "ნაციონალურ მოძრაობაზე". იმედია, მიხვდებიან, რომ ამგვარი შეკრებები უპირველესად მათთვისვეა საზიანო. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და მათ დაცვას, ეს რთული საკითხია. მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ომს დაემსგავსა. მთავარია, ამ ბრძოლაში გამარჯვება და თუ "მსხვერპლი" იქნება, ეს დიდად არ ანაღვლებთ, მით უფრო არ ანაღვლებს სააკაშვილს.

ამგვარი შეკრებები, სააკაშვილის ჩართვებით, იმ შედეგს მოიტანს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ისევ "ქართული ოცნებისკენ" წავა. რაღაც ბონუსს ამით "ნაციონალებიც" მიიღებენ, მაგრამ შედარებით მცირერეიტინგიანი პარტიები ყველაზე მეტს დაკარგავენ. სააკაშვილის მოქმედება პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის ჩამოყალიბებას უწყობს ისევ ხელს. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს იბრძვის არა გამარჯვებისთვის, არამედ შუა ნაწილის - მესამე, თუნდაც კომპლექსური ძალის გასაკრეფად და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად. ამ პროცესებისგან ელექტორალური დანაკლისი ექნებათ "ლელოს", "ევროპულ საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებელს" და "პატრიოტთა ალიანსს". ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც გადალახოს არა მარტო 40%-იანი ბარიერი, არამედ 50%-იანიც.

- ანუ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის გააქტიურება კვლავ იმ შედეგს მოუტანს "ქართულ ოცნებას", რაც ყველა წინა არჩევნებზე მოჰქონდა?
- მთლად, ალბათ, არა, რადგან 1%-იანი ბარიერის წყალობით ბევრი სხვა პარტიაც მოხვდება პარლამენტში, მაგრამ მმართველი ძალა მიიღებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მნიშვნელოვან ნაწილს. საქმე ისაა, რომ ამომრჩევლის ნაწილში სააკაშვილის აქტიურობა საფრთხის განცდას აჩენს.

- "პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, უნდა ვიმსჯელოთ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე", - განაცხადა პარტია "ლელოს" წევრმა ლევან კობერიძემ. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ არჩევნების გადადება მართლაც დადგეს დღის წესრიგში?
- თუ არ იქნება პანდემიის კატასტროფული აფეთქება, ხელისუფლება შეეცდება არჩევნები ჩაატაროს. სექტემბრის დასაწყისში ოპოზიცია გაიძახოდა, ხელისუფლებას არჩევნების გადადება სურსო და ეს არასწორი მესიჯი იყო - ხელისუფლებას არც მაშინ აწყობდა და არც ახლა აწყობს არჩევნების გადადება. ვითარება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში იცვლება. პანდემიის გამო სულ უფრო ჩაკეტილი ხდება მსოფლიო, რაც დიდ პრობლემებს წარმოშობს. ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ამას მეტ-ნაკლებად უძლებენ, მაგრამ ჩვენ რა დღეში ვიქნებით მომავალ თვეებში, კაცმა არ იცის. ვითარება უფრო დამძიმდება, ამიტომაც ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს არჩევნების გადადება, მით უფრო, აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" უპრობლემოდ მოიგებს ამ არჩევნებს. აქ მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რამდენად შეძლებს ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებას. დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ - თუ ოპოზიცია კვლავ ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცევა, ნამდვილად შეძლებს.

- ალბათ, ამდენი სოციოლოგიური კვლევა არც ერთი არჩევნების წინ არ ჩატარებულა. კვლევების თანახმად, წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლებას უპირატესობა აქვს ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფთან შედარებით. ზოგიერთი კვლევით, მას 50%-იანი მხარდაჭერა აქვს. თქვენც ახსენეთ წეღან და ხელისუფლების წარმომადგენლებიც კარგა ხანია ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის ემზადება. რამდენად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ შეძლოს ამგვარი პროცესების ორგანიზება?
- ბოლო 30 წლის განმავლობაში აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და ვეჭვობ ვცდებოდე, როცა ვამბობ, რომ საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის. ეს განწყობა ნამდვილად არის ოპოზიციური პოლიტიკური ელიტის ერთ ნაწილში. ისინი მუდმივად ამბობენ, რომ მოსახლეობას აღარ უნდა "ქართული ოცნება". შეიძლება ასეც არის, მაგრამ ამავე მოსახლეობას უფრო მეტად არ სურს ოპოზიცია, მით უფრო მისი წამყვანი ძალა - "ნაციონალური მოძრაობა". პრობლემა სწორედ ეს არის. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ხანგრძლივ აქციებს გამართავენ არჩევნების შემდგომ, ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო, რომ სერიოზული დარღვევები ამ წინასაარჩევნო პროცესებში არ არის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რაც ყველა არჩევნებზე ხდებოდა.

არ ვიცი, რის იმედზეა ოპოზიცია. მოსახლეობაში არ არის რევოლუციური განწყობა, დასავლეთსაც ნამდვილად არ სცალია ახლა აქ საპროტესტო პროცესის მხარდასაჭერად. ვხედავთ, ბელარუსში რა ხდება და ევროკავშირი ხელსაც არ ანძრევს
და მით უფრო ჩვენს რეგიონში გართულებული ვითარების ფონზე, ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას, აქ ახალი არეულობის კერის გაჩენა დასავლეთს არ ენდომება. ამგვარი პროცესები მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და თუ ვინმე ასეთ პროვოკაციაზე წავა, უპირველესად საკუთარ თავს ავნებს.

- გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ ვებპორტალ ამბები.გე-სთან საუბრისას განაცხადა, არჩევნების მერე ქვეყანა ჩაიკეტება, რადგან დიდი რიგები იქნება საავადმყოფოებთან, საწოლები აღარ გვეყოფა და სახელმწიფოს სხვა გზა არ ექნებაო.
- ვფიქრობ, შეზღუდვების გამკაცრება საჭირო გახდება, მაგრამ არის მეორე პრობლემა - არჩევნები კი ჩატარდება 31-ში, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში, ვფიქრობ, მეორე ტურები გახდება საჭირო. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პირველივე ტურში გაიმარჯვებს ესა თუ ის კანდიდატი, შეიძლება კიდეც შემოიღონ მკაცრი ღონისძიებები, მაგრამ მთელ ქვეყანაში კარანტინის გამოცხადება არ გამოვა. არჩევნების შემდგომ მინიმუმ 2 კვირას არ ველოდები რადიკალური ზომების მიღებას.

- რას ფიქრობთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთის შესახებ განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე? მოგეხსენებათ, საზღვრის დამდგენი კომისიის 2 ყოფილი წევრია დაკავებული. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯასთან. ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და არ აღიარებენ. თქვენი აზრით, ეს შესაძლოა მართლაც ხელისუფლების წინასაარჩევნო ხრიკია, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს?
- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაკავებული ივერი მელაშვილის პოზიციამ, როდესაც მან უარი თქვა გირაოს მოთხოვნაზე და განაცხადა, ამ ბრალდებით ციხეში ვიქნები თუ გარეთ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. ნებისმიერი თემა, რაც უნდა წამოიჭრას დღეს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ არჩევნების კონტექსტში.

არსებობს ერთი მარტივი კითხვა - ამდენი წელია საზღვრის დადგენაზე ასე თუ ისე მუშაობდნენ, რატომ არ შეიძლებოდა საქმე აღეძრათ და ეს პირები არჩევნების შემდეგ დაეკავებინათ, რა საჭირო იყო ასეთი აჩქარება? ამაზე ხელისუფლებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული პასუხი. როცა მასალა შევაგროვეთ, მაშინ დავიწყეთ პროცესიო, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი.

ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნება, თავის ნება-სურვილზე, იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა ხდება რეგიონში, მით უფრო, თუ საქმე ეხება მეზობლებთან ურთიერთობას, გადადგას ასეთი სერიოზული ნაბიჯები. ჩემი აზრით, როდესაც დროის ფაქტორი არაფერს ცვლის, ამგვარი მტკივნეული თემის ახლა წამოწევა, შეცდომა იყო. შეეგროვებინათ მასალა, თუ ვინმეს მიმალვის საფრთხე იყო, ამის მოგვარების მექანიზმებიც არსებობს და შეეძლოთ გამოეყენებინათ, მაგრამ საკითხი წამოეჭრათ არჩევნების შემდგომ. უფრო უკეთესი კი ის იქნებოდა, დავლოდებოდით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას.

ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიპოვა რუკები, მთავარია, ისინი ავთენტური იყოს და დადგინდეს ის, რაც ყველა ჩვენგანმა იცის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თუ ვინმემ და მით უფრო რუსეთმა მოგვცა ეს რუკები, ცხადია, მას მხოლოდ გარეჯა არ ადარდებს და კიდევ რაღაც დგას ამის უკან, კრემლს, სავარაუდოდ, რაღაც მიზანი აქვს. ეს შესაძლოა იყოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევა, რაც დიდი ხანია სურს. აქ რომ საქმე მხოლოდ კომერციას და ვიღაცის მიერ დიდი ფულის გადახდას არ შეეხება, ცხადია. ყოველივე ეს ბევრ კითხვას ბადებს. მე იურიდიულ მხარეს არ ვეხები, მხოლოდ პოლიტიკურზე ვლაპარაკობ და ამიტომაც გაჩნდა კითხვები. ხელისუფლებამ კეთილინებოს და გასცეს პასუხები. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ყველა ვერსიას, მათ შორის იმას, რომ ეს საარჩევნო ხრიკია, რომ ეს კრემლის გავლენების გამო ხდება ან ვიღაცას სურს საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტი დაარღვიოს და ა.შ., არსებობის უფლება აქვს.

- სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უფრო მასშტაბური ხდება, პროცესში თურქეთი, როგორც მხარე, აშკარად მონაწილეობს, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რუსეთზე. პირიქით, ის სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. დასავლურ პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თითქოს გავლენას კარგავს, რაც პირადად მე ცოტა ნაადრევი დასკვნა მგონია.
- გეთანხმებით, მეც ვფიქრობ, რომ რუსეთი გარკვეულ დრომდე დაიცდის, ე. წ. სამშვიდობო კარტს გაათამაშებს, ერთ მშვენიერ დღეს კი იტყვის, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ამოიწურა ყველა შესაძლებლ ობაო და იმოქმედებს...
საქმე ისაა, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი სომხეთს დაკარგავს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და მეეჭვება, რუსეთმა ეს დაუშვას.

განსაზღვრულ ეტაპზე, ვფიქრობ, რუსეთი ჩაერევა ამ კონფლიქტში. რამდენად გააღრმავებს ეს რუსულ-თურქულ ტრადიციულ დაპირისპირებას, ძნელი სათქმელია. არა მგონია, რუსეთი ან თურქეთი მზად იყვნენ, ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, მაგრამ ეკონომიკურ-დიპლომატიური ომი მოსალოდნელია.

ევრაზიის კონტინენტზე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრებია. ჩვენს რეგიონში მარტო რუსულ და თურქულ გავლენაზე არ არის ლაპარაკი, ჩანს ჩინეთისა და ირანის ინტერესებიც. მე ზოგადპოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ და არა მარტო ყარაბაღის კონფლიქტს. თუ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება გართულდა, მერწმუნეთ, აუცილებლად წამოიწევს ჩინეთის და ირანის ინტერესებიც.
ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენმა ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან.

ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვუთხრათ რუსეთს ან თურქეთს, თუ ისინი მოგვთხოვენ სამხედრო ტექნიკის სომხეთის თუ აზერბაიჯანის მიმართულებით გატარებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა დაგვჭირდება.
საქართველო ძალიან სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას, რაც დღესვე უნდა იქნეს აშშ-სა და ნატოს ქვეყნებთან ერთად განხილული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები