"არ უნდა მოგვერიოს ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით" - კვირის პალიტრა

"არ უნდა მოგვერიოს ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით"

არ უნდა მოგვერიოს ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით, - ასე მიმართა „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში ამომრჩეველს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილი ოზურუგეთში შეკრებილ ამომრჩეველს ონლაინ ჩაერთო.

„ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავთ იმიტომ, რომ არც ერთი ვირუსი და არც ერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს და არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი როგოც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გურიას სათანადოდ ვერ მიხედა მისმა ხელისუფლებამ, რადგან ვერ მოასწრეს.

„მე თავის დროზე დავიწყე ძალიან ბევრი რამ გურიაში, ვერ მივხედე გურიას სათანადოდ , როგორც უნდა მიგვეხედა, რადგან ვერ მოვასწარით უბრალოდ, მაგრამ გვქონდა გრანდიოზული გეგმები გურიაზე,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების კრიტიკას ბათუმის შეკრების შესახებ და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის „წამზომი ჩართულია“. მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხი „გააღატაკა და კიდევ აქეთ ამუნათებს“

„დამთავრებულია ივანიშვილის დრო, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას, არავინ აღარ იქნება არავის ხელის ბიჭი ფეოდალი ყმები და განსაკუთრებით გურიაში მან გადაწყვიტა, რომ მთელი გურია აქციოს თავის ყმებად, თვითონ ხომ გაუნათლებელია და თავისზე სამჯერ უფრო გაუნათლებელ ნათესავებს მისცეს ყმებად“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის ხალხის გაღატაკება და ახლა დროა „გველეშაპის ტყუილის კოშკების დანგრევის“.

„მათ გმართეს ტყუილით, კორონა გაავრცელეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგი 30 წელიწადი. თქვენ ხომ რევოლუციონერების მხარეს ხართ, თქვენ ხომ დიდი ქართველი მოღვაწეების მხარეს ხართ, ბებიაჩემის მხარეს ხართ ბოლოს და ბოლოს, ასე რომ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ",- განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"