ვინ აფინანსებს პოლიტპარტიებს და რა სქემით ამუშავებენ "შემწირველებს" - კვირის პალიტრა

ვინ აფინანსებს პოლიტპარტიებს და რა სქემით ამუშავებენ "შემწირველებს"

"ხშირად პარტიები არალეგალურ ფულს ლეგალურად აქცევენ, ამისთვის კი მოქმედებენ შემდეგი სქემით: პოულობენ პირებს, რომელთაც სოლიდური შემოსავალი აქვთ და სთავაზობენ თანხას, რათა შემდგომ მათ პარტიას შესწირონ. ასე ხდება "შავი" ფულის "გათეთრება" და პრობლემაც გადაჭრილია"

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებულ ფინანსურ დარღვევებს მომაკვდინებელ ცოდვად აღარ მიიჩნევენ და არც აღარავის ახსოვს, ოდესღაც ამა თუ იმ ფაქტზე დაწყებული გამოძიება რა შედეგით დამთავრდა. ფაქტია, საბოლოო გამარჯვებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ და ფინანსებსაც ისე მოიპოვებენ, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონს არაფრად აგდებენ. თუმცა საინტერესოა, ვის რამდენად მსუყე დაფინანსება აქვს. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ესაუბრა.

- ჩვენ არა მარტო 2020 წლის პერიოდს გადავხედეთ, შევისწავლეთ, თუ რა თანხებს სწირავდნენ პარტიებს 2019 წელსაც. ანალიზმა ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზეა "ლელო". საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს "ქართული ოცნების" შეწირულება 7.036.166 ლარს შეადგენდა. ამავე წელს, როგორც გითხარით, "ლელო" მეორე ადგილზე იყო 520.000 ლარით. თუმცა სხვაობა "ლელოსა" და მმართველ პარტიას შორის თვალში საცემია. რაც შეეხება 2020 წელს, მმართველი პარტიის შეწირულება პირველ 8 თვეში (ანუ არასაარჩევნო პერიოდში) 7.979.888 ლარს შეადგენს, ოპოზიციურ პარტიებში კი ისევ "ლელო" ლიდერობს 2.063.053 ლარით. უკვე საარჩევნო პერიოდის ბოლო ორ თვეში "ოცნების" შეწირულება 8.577.280, "ლელოსი" კი 2.622.240 ლარია.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად, ბიზნესი მმართველ პარტიას სწირავს თანხას, რაზეც მმართველი გუნდის არგუმენტი ასეთია: "ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ბიზნესი წნეხისგან თავისუფალია და ამიტომ გვწირავენ თანხებს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმატება არჩევნებში".

არგუმენტი არგუმენტად, თორემ ძნელად დასაჯერებელია, ბიზნესს მმართველი გუნდისთვის კოლოსალური თანხების გაღება სიამოვნებდეს, თუკი ამას რამე სარგებელი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ეჭვით ვუყურებთ და ამა თუ იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ვიწყებთ, რაც მათ პოლიტიკურ ძალებთან კავშირს ცხადყოფს.

- ამჯერად ბევრი ასეთი კომპანია გამოავლინეთ? - რამდენიმე... საინტერესოდ გვეჩვენა შპს G&K Technology, რომელსაც 2019-2020 წლებში "ოცნებისთვის" შეწირული აქვს 120.000 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის - 60.000 ლარი. საინტერესოა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამ კომპანიას საკმაოდ მსხვილი ტენდერები აქვს მოგებული. ამჯერად მხოლოდ ბოლო ტენდერზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020 წლის მაისში გამოცხადებული ტენდერი, თანხით 11.928.092 ლარი, საავტომობილო გზების გაყვანას ითვალისწინებდა, რომელიც ზემოხსენებულმა კომპანიამ 5.899.991 ლარის შეთავაზებით მოიგო. გაჩნდა კითხვა, რატომ დასახელდა ტენდერში ასეთი მაღალი ფასი, თუ ამ სამუშაოს შესრულება ნახევარ ფასადაც შეიძლებოდა?! ხომ არ იყო გათვლა, რომ ამ კომპანიას ასეთი დაბალი ფასის შეთავაზებით კონკურენტები ჩამოეცილებინა? მსგავს კითხვებს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.

"ოცნების" მსხვილი შემწირველია კომპანია "პეის ჯორჯიაც", რომლის ყველა დამფუძნებელს ცალ-ცალკე სოლიდური თანხა აქვს გაღებული მმართველი პარტიისთვის. ეს კომპანია საზოგადოებისთვის უცხო არ არის - ის "პეის ჯგუფის" მფლობელობაშია, "პეის ჯგუფი" კი ფლობს ნავმისადგომებსა და ტერმინალს ფოთის პორტში. ამ კომპანიას საერთო ჯამში 730.000 ლარი აქვს შეწირული "ოცნებისთვის". ამავე თანხაში შედის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული ფულიც.

აღსანიშნავია, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო ამ კომპანიამ, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობის აშენებისთვის 5491.000 კვმ მიწის ნაკვეთი ფოთში 350.000 ლარად გადასცა.

მოკლედ, მმართველი პარტიისა და ამ კომპანიების კავშირი აშკარაა და, ბუნებრივია, მათთვის სულერთი არ არის, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.

შეიძლება გამოვარჩიოთ კიდევ ერთი კომპანია - შპს "ელექტრომონტაჟსერვისი", რომელიც საკმაოდ მსხვილ ტენდერებს იგებს, სანაცვლოდ კი "ოცნებისთვის" სოლიდური თანხა აქვს გაღებული.

პრობლემა ის კი არ არის, რომ ბიზნესი მმართველ პარტიას თანხებს შესწირავს, არამედ ის, რომ "ოცნების" შემწირველები ტენდერებიდან დიდ შემოსავლებს იღებენ, რაც საეჭვო გარიგებაზე მიგვითითებს.

მთავარია, საარჩევნო კამპანია გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს და "შავი" ფული არ თეთრდებოდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შთამბეჭდავია "ქართული მარშის" საარჩევნო კამპანია. თითქმის ყველგან გახსნილია მათი ოფისები, გაკრულია პლაკატები, იმართება ხალხმრავალი აქციები... ყველამ ვნახეთ, რამხელა კოლონა გაემართა დავითგარეჯისკენ და ყოველივე ეს თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი შეწირულება მცირეა და ამჟამინდელი მონაცემებით, სულ რაღაც, 65.000 ლარამდეა. ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ იხარჯება ფული საარჩევნო კამპანიის ფონდის გვერდის ავლით? ხშირად პარტიები არალეგალურ ფულს ლეგალურად აქცევენ, ამისთვის კი მოქმედებენ შემდეგი სქემით: პოულობენ პირებს, რომელთაც სოლიდური შემოსავალი აქვთ და სთავაზობენ თანხას, რათა შემდგომ მათ პარტიას შესწირონ. ასე ხდება "შავი" ფულის "გათეთრება" და პრობლემაც გადაჭრილია. მსგავსი ფაქტები წელსაც დაფიქსირდა, როცა კაზრეთის ოქროს საწარმოს თანამშრომლებმა "ოცნებისთვის" გაიღეს თანხები. რა თქმა უნდა, საეჭვოა, კერძო სექტორში დასაქმებულმა პირმა, თუნდაც მაღალი შემოსავლის მქონემ, რატომ უნდა გაიღოს თანხა მმართველი გუნდის სასარგებლოდ? სავარაუდოდ, ეს თანხა მისი არ არის და ის მხოლოდ გამოიყენეს. ასეთი ფაქტების გამოძიება აუდიტის სამსახურსაც უჭირს, რადგან შემწირველები სინამდვილეში მაღალი შემოსავლის მქონე პირები არიან და ვის ფულს სწირავენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, ძნელი გასარკვევია.

არის ისეთი ფაქტებიც, როცა შემწირველები ვერ ადასტურებენ თანხის წარმომავლობას და გაღებული თანხის ორმაგი ოდენობით ჯარიმდებიან. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასეთი 14 ფაქტი გამოავლინა, აქედან ორზე გამოძიება შეწყდა, ერთი შენიშვნით დასრულდა და 11 დაჯარიმდა.

- ოპოზიციური პარტიების შემწირველების შესახებ გაქვთ კითხვები? - "სტრატეგია აღმაშენებლის" სია იმით არის საინტერესო, რომ მას 10.000 ლარზე ნაკლები შეწირულებით მხოლოდ 2 პირი ჰყავს, დანარჩენებს 10.000-დან 60.000 ლარამდე აქვთ გაღებული. ეს თვალში საცემია, რადგან სხვა პარტიებსა თუ გაერთიანებებს, როგორც წესი, ჰყავთ შემწირველები 200-300-ლარიანი შენატანებით, რაც უფრო რეალურ სურათს ასახავს. თვალში საცემია ისიც, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" თითქმის ყველა შემწირველი სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული.

გასაოცარი ის არის, რომ "სტრატეგია აღმაშენებელში" ბიზნესმენ ჯონი გიგანის ფული არ ჩანს, ე.ი. მას არ გამოუყენებია უფლება და კანონით განსაზღვრული თანხა არ შეუწირავს პარტიისთვის. საკითხავია, სწორედ ზემოხსენებული სქემით ხომ არ გასცა გაცილებით მეტი, ვიდრე კანონი ითვალისწინებს, და ამისთვის სხვები ხომ არ გამოიყენა? ბუნებრივია, დაგვებადა ასეთი კითხვა, რასაც აუდიტის სამსახური, სავარაუდოდ, ყურადღებას მიაქცევს.

იგივე შემთხვევა გვაქვს "ლელოსთანაც". ამ პარტიის მსხვილი შემწირველები არიან ის პირები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მათ შორის არიან კლინიკა "ვენუს ჯორჯიას" დირექტორი, "გლობალ მედიაჯგუფის" დამფუძნებელი და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჟან-პატრიკ ვუაზა. თუმცა შემწირველებში არ ჩანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. სამაგიეროდ, ბევრია ისეთი, ვისაც საკმაოდ მსხვილი თანხები აქვთ შეწირული ამ ძალისთვის, მაგრამ არ უფიქსირდებათ სამეწარმეო საქმიანობა. სავარაუდოდ, აუდიტორები დაადგენენ, აქვთ თუ არა მათ სათანადო შემოსავალი და შეეძლოთ თუ არა აღნიშნული თანხების გაღება.

რაც შეეხება "გაერთიანებულ ოპოზიციას" და მასში შემავალ პარტიებს, მაგალითად, "ნაცმოძრაობას" უკვე წლებია წევრებად ჰყავს ბიზნესმენები, რომლებიც მისი მუდმივი შემწირველები არიან, ახლა კი გაერთიანებას დაემატა ცეზარ ჩოჩელისა და კახა ოქრიაშვილის პარტიაც. საინტერესოა, რომ ოქრიაშვილი "ოცნების" შემწირველიც იყო და იმ პერიოდში მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებიც აქვთ მოგებული. კერძოდ, 2012-2020 წლებში კომპანიამ 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 900-ზე მეტი სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ამჯერად კი "ნაცმოძრაობის" შემწირველია მისი ძმა, ვაჟა ოქრიაშვილი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, მისი გვარი შემწირველებში არ არის, სამაგიეროდ, შემწირველია მისი მეუღლე, რომელმაც ამ პარტიისთვის 60.000 ლარი გაიღო.