"ოცნებიდან" გვაწვდიან ინფორმაციას, ასევე პროკურატურიდან, პოლიციიდან და სუს-იდანაც" - კვირის პალიტრა

"ოცნებიდან" გვაწვდიან ინფორმაციას, ასევე პროკურატურიდან, პოლიციიდან და სუს-იდანაც"

"გახარია იმ ადამიანის წარმომადგენელია, რომელმაც საქართველო მიიტაცა, ხელისუფლებაში მოვიდა ტყუილით და უტიფრობით... და ეს უტიფრები ამბობენ, რომ სხვები არიან მოღალატეები და ტოქსიკურები?!" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ბარამიძე პრემიერის განცხადებას, რომლის შინაარსიც ასეთია: "ძალიან ტოქსიკური ორი კვირა გველის, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს". წინასაარჩევნო პოლიტიკურ ვითარებაზე გიორგი ბარამიძე გვესაუბრება:

- "ოცნება" არის გუნდი, რომელმაც ააფეთქა საყდრისი, სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო გელათი და ახლა დავითგარეჯის გაყიდვაში სააკაშვილის დადანაშაულებას ცდილობს. ეს მაშინ, როცა თავად დავითგარეჯა მთელი 8 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ. ხმა არ ამოუღიათ, როცა ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მაგრამ ამავე დროს საზღვარზე მოდავე აზერბაიჯანელებმა სადავო ტერიტორიაზე შარშან სამხედრო ბაზა ააშენეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პრეზიდენტმა საზღვართან პროვოკაციული განცხადებები გააკეთა.

ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატიმროდან გამოუშვა კრემლის ჯაშუშები და პოლიტპატიმრის სტატუსები დაურიგა, მოსკოვს კი ქართველი პატრიოტი მებრძოლების სრული სია გადასცა. "ოცნებას" უშიშროების სამსახურში 4 ათასი კაცი ჰყავს, მაგრამ 8 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუშიც არ დაუპატიმრებია.

- თქვენი ოპონენტები იხსენებენ 2010 წელს, როცა გორაკზე, სადაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ფერდობიდან თხემზე გადმოინაცვლეს და უდაბნოს მონასტერი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, აზერბაიჯანის გახდა. რა შეთანხმებით მოხდა ეს? - არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, დამამტკიცებელი საბუთი ხომ უნდა არსებობდეს? ეს ტერიტორია ყოველთვის სადავო იყო. საბჭოთა ბელადების "წყალობით" რუკები ისე იყო შედგენილი, აზერბაიჯანსაც ჰქონდა სადავო არგუმენტები.

ერთადერთი შეთანხმება იყო სააკაშვილსა და ალიევს შორის - მათ 2012 წელს ჩიკაგოს სამიტზე მოილაპარაკეს, რომ დავითგარეჯის კომპლექსის სადავო ტერიტორიები სხვა მიწებში გაცვლილიყო. ამას მამა კირიონიც არ უარყოფს. ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან დაბლა გადაინაცვლეს. შემდეგ, როცა პრეზიდენტი ჩავიდა იქ, მესაზღვრეები უკან ამოვიდნენ და სადავო ტერიტორიაზე ბაზაც კი ააშენეს.

თუ ესენი ამტკიცებენ, რომ ვიღაც ჩვენიანმა ტერიტორია ქრთამის სანაცვლოდ მეზობელ სახელმწიფოს გადასცა, ხვალ მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დავსხდებით, ხომ გვეტყვიან, მოგვეცით ჩვენი ნაყიდი ტერიტორიაო?! თუ მართლა რამე მოხდა, თავისას მოითხოვენ. ოღონდ ვიღასაც რაღაც დააბრალონ და ქვეყანას წირავენ.

- სააკაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ მას დავითგარეჯის თემაზე შეედავებოდნენ და კონკრეტული თანხაც დაასახელა, რომლის სანაცვლოდაც ტერიტორიების გაყიდვას დააბრალებდნენ. საიდან იცოდა ეს? - "ოცნებიდან" გვაწვდიან ინფორმაციას, ასევე პროკურატურიდან, პოლიციიდან და სუს-იდანაც. "ოცნების" გეგმა, სახელწოდებით "ჯოკერი", გაშიფრულია. თავად მამა კირიონმაც თქვა, ხუთი წელია დავითგარეჯის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და ხმას არ იღებდნენო. ესე იგი, ხუთ წელიწადს გეგმავდნენ ამ "ოპერაციას".

- ოპოზიციის სხვა ლიდერები, მათ შორის თქვენი ყოფილი თანაგუნდელები, ამბობენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთია. არ ფიქრობთ, რომ ოდიოზური განცხადებებით თქვენი ლიდერი მართლაც აფრთხობს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს? - საზოგადოება თავად გაერკვევა, ვინ ვინ არის, ვინ ვისთვის და რატომ თამაშობს. ამიტომ თავად გასცემს პასუხს ივანიშვილსაც და ამგვარი განცხადებების გამკეთებელ ძალასაც. ჩვენი მთავარი სამიზნე ივანიშვილია და სხვა პარტიებთან, რაც უნდა უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ, გასარჩევი არაფერი გვაქვს.

ხათუნა ბახტურიძე