ქალები გვთხოვენ, შეფიცულთა რაზმებში მიგვიღეთო" - კვირის პალიტრა

ქალები გვთხოვენ, შეფიცულთა რაზმებში მიგვიღეთო"

ინტერვიუ "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" მიერ ახალშექმნილი "შეფიცულთა რაზმების" ხელმძღვანელ გია ბურჯანაძესთან.

- შეფიცულთა რაზმების შექმნა წინა წლების გამოცდილებამ გვიკარნახა. "შეფიცულები" დავიცავთ  თანამოქალაქეებს ზონდერბრიგადებისაგან. ჩვენი ხალხი არა მხოლოდ ფიზიკური ხელყოფისაგან, არამედ უსამართლობისაგანაც უნდა დავიცვათ. უსამართლო ხელისუფლებას აღარ მივუშვებთ თავის  ნებაზე.

- რამდენი წევრია "შეფიცულთა რაზმებში"?

- კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით, რადგან საიდუმლოა. სხვათა შორის, რაზმებში გაწევრებას უამრავი ქალი ითხოვს. როგორც ჩანს, უსამართლობასთან  ბრძოლის ჟინი მათ უფრო გამძაფრებული აქვთ. ჩვენ არ ვქმნით ზონდერბრიგადებს, რომელთა ამოცანა ვინმესთვის თავის გახეთქვაა. მთავარი ღონე კი არა, სულია.

- შეფიცულები ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელების ანალოგიით დაირქვით?

- შეფიცულები ქაქუცამდე გაცილებით ადრე  იყვნენ საქართველოში. შეფიცულების ინსტიტუტი ოფიციალურად არსებობდა იმერეთის სამეფოში, მეფე სოლომონის დროს. "ნაფიც კაცებს" ლორთქიფანიძეები ხელმძღვანელობდნენ. ჩვენ მათსავით შევფიცეთ ერთმანეთს სამშობლოსა და ერთმანეთისთვის თავდადება.

ჩვენთან უამრავი ისეთი ადამიანია, რომელიც სამაჩაბლოსა და აფხაზეთშია  ნაბრძოლი. ისინი არაფრით ჰგვანან პრეზიდენტს, რომელიც გორში გარბოდა, და არც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ომის დროს მოგვიწოდებდა, ტაფებით დაიცავით თავიო. ჩვენ შიშველი ხელებით დავიცავთ ყველა დაჩაგრულს.

- შიშველი ხელებით როგორ დაიცავთ?

- წესდებაში გვიწერია, რომ ვიბრძოლებთ მშვიდობიანი ხერხებით. შეფიცულებს არა აქვთ იარაღის ყიდვისა და ტარების უფლება. როდესაც რაიმე უსამართლობა მოხდება, შემთხვევის ადგილზე წავა იურისტი, გადამღები ჯგუფი და "შეფიცულთა რაზმი". ვერ გეტყვით, რომ ამით ხვალ-ზეგ კანონის ისეთი უზენაესობა დამყარდება, რომ მგელი და ცხვარი ერთად მოძოვენ, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ სოლიდარობის მოძრაობას.

საზოგადოება ამ სიახლეს დადებითად შეხვდა, სამაგიეროდ, ზოგიერთმა ტელეკომპანიამ ისეთი სიუჟეტი გაუშვა, თითქოს კრიმინალური ბანდა შეგვექმნას. "შეფიცულთა რაზმის" შექმნა "მხედრიონსა" და ქაქუცას რაზმს დაუკავშირა. ზოგმა ჟურნალისტმა ისიც კი იკითხა, ქაქუცა ბოლშევიკებს ებრძოდა და თქვენ ვის ებრძვითო? განა ესენი ბოლშევიკები არ არიან?!

გამოკითხვაც ჩაატარეს ვითომ და გამოაცხადეს, მოსახლეობის 90%  "შეფიცულთა რაზმების" შექმნას უარყოფითად შეხვდა და მას "მხედრიონთან" აიგივებსო. ნეიტრალურად განწყობილი საზოგადოებაც კი მტრულად განეწყობა იმ ხელისუფლებისადმი, რომლის სამსახურშიც ასეთი ტელევიზიაა. ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლება წავა და ხომ უნდა იფიქრონ, როგორ იცხოვრებენ მერე. ადამიანმა სახე ისე არ უნდა დაკარგოს, როგორც  საწყალმა "პადოშამ" და ჩახვაძემ. დემოკრატიის მბჟუტავი სინათლე მხოლოდ ბეჭდურ მედიაში დარჩა.

- მინდა ოპოზიციაზე გკითხოთ, რომელიც "სახალხო კრებისაგან" განსხვავებულად ხედავს ბრძოლის გზას.

- მათ რომ პირველ ადგილზე ქვეყანა დაეყენებინათ, ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენი სამშობლო. ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ ყველაზე სარფიანი ბიზნესი პოლიტიკა ყოფილა. მოლაპარაკებებით რომ დანიშნავდეს ეს ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს, ეს ყველაზე კარგი გზა იქნება ცვლილებისთვის, მაგრამ ვის უნდა ველაპარაკოთ სამართლიან არჩევნებზე, სააკაშვილის ხელისუფლებას? სააკაშვილის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დამღუპველია, რადგან ეს ამ ხელისუფლების "გაპრავებასა" და მისი ვითომ დემოკრატიულობის წარმოჩენას ნიშნავს.

რადიკალურად შერაცხილ  ოპოზიციაში ვერ ვნახე ერთი კაციც კი, რომელიც იტყოდა, სისხლი უნდა დავღვაროთ და ტანკით უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ვიღაცო. "სახალხო კრებაში" ყველა ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება წავა. როცა ეს მოხდება, ვეღარ მნახავთ პოლიტიკაში.