"ჩემზე მეტად შუაგულში არავის უტრიალია. მე თუ დამემართა, პასუხისმგებლობას ვიგრძნობ საკუთარ თავზე" - კვირის პალიტრა

"ჩემზე მეტად შუაგულში არავის უტრიალია. მე თუ დამემართა, პასუხისმგებლობას ვიგრძნობ საკუთარ თავზე"

ბათუმის შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის "კვირის პალიტრა" მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა.

- ეს მთელი საქართველოს მოქალაქეების განწყობაა და არა მხოლოდ ბათუმის. მოქალაქეები ითხოვენ ცვლილებას, ჩანს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რვა წელზე მეტს ერთ ხელისუფლებას არ აიტანენ.

- რა დაანახვეთ საზოგადოებას ამ შეკრებით, თქვენზე ვზრუნავთო? - არა, ამას კეკლუცობას ნუ დავაბრალებთ. უხერხული კი გამოვიდა - ქვეყანა კოვიდს ებრძვის და ჩვენთან ხალხმრავლობა იყო... განსაზღვრული გვქონდა მხარდამჭერთა რაოდენობა, მაგრამ გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა.

- "ევროპულმა საქართველომ" კოვიდის გამო გადადო შეკრება. - ეს მათი უფლებაა, ჩვენ ვერ გადავდებთ... მე არასდროს არაფერი გადამიდვია, ხვალის კაცი არ ვარ.

- რომ იფეთქოს ისედაც წითელ ზონად ქცეულმა ბათუმმა, პასუხისმგებლობას არ იგრძნობთ? - ჩემზე მეტად შუაგულში არავის უტრიალია. მე თუ დამემართა, პასუხისმგებლობას ვიგრძნობ საკუთარ თავზე და სხვას არ დავაბრალებ.

- მაგრამ სხვებს რომ დაემართოთ? - რომ არ ვიკრიბებით და დღეში 500 კაცს უვლინდება კოვიდი, ამაზე ვინ გრძნობს პასუხისმგებლობას? კოვიდი არ არის ლეტალური დაავადება, მე ასე მგონია...

- თუ გაიმარჯვებთ, დაე, დაემართოთ? - არა, დაე, დაემართოთ - არა! კოვიდის მომიზეზებით შეკრებას ვერ გადავდებდით. შეიძლებოდა მოქალაქეები არ შემოგვეშვა იმ პლაცდარმზე, სადაც ვიდექით, მაგრამ ამის გაკეთება, როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს.