ვიცე-სპიკერი პარლამენტის დარბაზიდან გააძევეს - კვირის პალიტრა

ვიცე-სპიკერი პარლამენტის დარბაზიდან გააძევეს

"როგორც ჩანს, ბევრი დავა მოიგეს ბიზნესმენებმა და ამიტომაც გადაწყვიტეს, დავაში მხარე პროკურატურა გახდეს, რომ უკეთ შეაშინონ ბიზნესმენები"

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მითითებით, მანდატურებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს. სხდომათა დარბაზი მას შემდეგ ახმაურდა, რაც უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე არაკვალიფიციურობაში დაადანაშაულა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ლევან ვეფხვაძეს მიკროფონი არ ჩაურთო.

იმის გამო, რომ ვეფხვაძე მიკროფონის ჩართვას დაჟინებით მოითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ორჯერ მისცა შენიშვნა, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა. ლევან ვეფხვაძის თქმით, დავით ბაქრაძე შეეცადა ამ "სპეცეფექტით" გადაეფარა მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ბიზნესზე ზეწოლის გასაძლიერებლად სჭირდება ხელისუფლებას.

ლევან ვეფხვაძე - ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვაში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის გამარტივება მთავრობის ინიციატივაა და პარლამენტი, რომელიც "მთავრობის დანამატად" იქცა, აღმასრულებელ ხელისუფლებას წინააღმდეგობას ვერ უწევს. დღეს უკვე ნათელია, რომ ხელისუფლების დეკლარირებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ ფარსია და სინამდვილეში წნეხი ბიზნესზე კიდევ უფრო მკაცრდება.

პარლამენტში შემოსული ინიციატივის მიხედვით, თუ სახელმწიფოს ექნება დავა რომელიმე უწყებასთან (და ეს იქნება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა) და საქმე შეეხება განსაზღვრული ოდენობის თანხას, სავალდებულო ხდება საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვა. დავისას სახელმწიფოს წარმომადგენელი ხდება არა ის უწყება, რომელთანაც მოქალაქეს ან კომპანიას აქვს დავა, არამედ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.

ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ გვექნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: დღევანდელი იუსტიციის სამინისტრო არის პროკურატურა. დავისას რომ მეორე მხარედ პროკურორი დგება, ეს ქმნის პრობლემას. უმრავლესობის წევრებმა მკითხეს, საიდან ჩანს, რომ ამიერიდან დავებში პროკურატურა ჩაერევაო. გაიხსენონ, რა ჰქვია დღევანდელ იუსტიციის მინისტრს - იუსტიციის მინისტრი-გენერალური პროკურორი. ამის გამო მივიღებთ სასამართლოში არათანაბარ დავას. პროკურატურა აქამდეც ერეოდა სისხლის სამართლის საქმეებში და, სამწუხაროდ, ახალი ცვლილებით, რომელიც მეორე მოსმენით განიხილეს პარლამენტში, პროკურატურის წნეხი სამოქალაქო საქმეებზეც გავრცელდება.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები გადაქცეული არიან შესაბამისი სფეროს  მინისტრების მოადგილეებად.

მაშინ, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე მინისტრს უნდა იბარებდეს და პასუხს სთხოვდეს, სიტუაცია პირიქითაა. ზემოხსენებულ საკითხზე დებატებისას კიდევ უარესი რამ გამოჩნდა:

საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს (ზურაბ მელიქიშვილისა დ პავლე კუბლაშვილის სახით) არაკომპეტენტური და დემაგოგი თავმჯდომარეები ჰყავთ. მათ ვერ ახსნეს, რატომ შემოდის ეს სიახლე კანონში. როგორც ჩანს, ბევრი დავა მოიგეს ბიზნესმენებმა და ამიტომაც გადაწყვიტეს, დავაში მხარე პროკურატურა გახდეს, რომ უკეთ შეაშინონ ბიზნესმენები.

- როგორც ვიცი, არა მარტო დარბაზიდან გაგაძევეს, ერთი დღის ხელფასიც დაგიკავეს.

- ჯერ არ ვიცი, რა ოდენობის თანხით დავზარალდი. ჩემდა სამწუხაროდ, დავით ბაქრაძე მიკერძოებული იყო. მიკროფონის ჩართვა იმიტომ არ ისურვა, რომ თანაგუნდელების არაკომპეტენტურობა გადაეფარა. კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვერ დაასაბუთეს, რატომ არ ეწინააღმდეგება ეს ცვლილება იმ ახალ ეკონომიკურ კურსს, რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა და რომელიც ბიზნესისთვის მეტ თავისუფლებასა და ხელშემწყობი გარემოს შექმნას გულისხმობს.

- როდესაც ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო, ამის მიზეზად ერთ-ერთ საიტზე დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების საქმე ახსენეს.

- მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიზიტის გადადება და ებრაელი ბიზნესმენების საქმე ერთმანეთთან  კავშირშია. ებრაელ ბიზნესმენებს ცუდად მოექცნენ. მათ დავა ჰქონდათ სახელმწიფოსთან და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში მოგვიგეს. მათაც ისე მოექცნენ, როგორც ქართველ ბიზნესმენებს მოექცეოდნენ.

თუ მეწარმე მოუგებს სახელმწიფოს სასამართლო დავას, მას რაღაცას მოუძებნიან, იჭერენ და ეუბნებიან, წაიღე სარჩელი უკანო და ასეთი შეთანხმებით მთავრდება ყველაფერი. ეგონათ, რაც ქართველ ბიზნესმენებთან გასდიოდათ, ებრაელებთანაც გაუვიდოდათ. როდესაც ასეთი მეთოდებით უსწორდება სახელმწიფო ბიზნესმენებს, რამდენად მიმზიდველი იქნება ის ინვესტორებისთვის? ამ კითხვას უსათუოდ დავუსვამ მინისტრებს 22 თებერვალს პარლამენტში.