"ჩვენ ვიცოდით, რომ ზურას რაღაც საშინელებას უმზადებდნენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვიცოდით, რომ ზურას რაღაც საშინელებას უმზადებდნენ"

რამაზ კლიმიაშვილი უკვე რიგით მეორე პოლიტიკოსია, რომელიც "გაზით გაიგუდა", თანაც ნაქირავებ ბინაში...

საზოგადოების ერთი ნაწილი სახიფათო და სისხლიან თებერვალზე ლაპარაკობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჟვანიაც, პატარკაციშვილიც და კლიმიაშვილიც თებერვალში დაიღუპნენ. ამ "უცნაურ პარალელებზე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმას, გოგა ჟვანიას ვესაუბრეთ:

- როცა ქვეყანაში ცნობილი ადამიანი იღუპება, მაშინვე ჩნდება ეჭვი... თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რაღაც ვერსიაზე ვისაუბრო. ამისთვის მყარი არგუმენტები დამჭირდება, მე კი მწირი ინფორმაცია მაქვს. გულწრფელად გეტყვით, რამაზ კლიმიაშვილის მკვლელობის მოტივს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მის საქმიანობაში ჩემზე უფრო ჩახედული ადამიანისთვის ეს მოტივი შეიძლება ნათელიც იყოს.

- თუ ხედავთ "უხილავ კავშირს" ჟვანიას, პატარკაციშვილისა და კლიმიაშვილის საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებას შორის?

- ის, რომ სამივე თებერვალში დაიღუპა, არგუმენტად ვერ გამოდგება, ალბათ, ეს უფრო დამთხვევაა. ზურას სიკვდილი გახდა აუცილებელი იმისთვის, რომ სწორედ ისე განვითარებულიყო პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, როგორც შემდგომ განვითარდა...

ზურას სიკვდილის შემდეგ ბადრიც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო ამ პროცესების შეჩერება, სამწუხაროდ, ეს მცდელობა მისი სიკვდილით დამთავრდა.

მათ გარდაცვალებას შორის უხილავი კავშირი არსებობს, ეს ბუნებრივად მეჩვენება, მაგრამ კლიმიაშვილის თაობაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. დარწმუნებული ვარ, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ნამდვილად არ გამოვრიცხავ ამ  მოვლენებში არც რუსებისა და არც ოსების პასუხისმგებლობას, უფრო მეტსაც გეტყვით, რუსებსაც უნდოდათ ომის დაწყება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებაც ინტენსიურად ემზადებოდა. მილიარდები დაიხარჯა ქართული ჯარის შექმნაზე.

მე თუ მკითხავთ, ეს თანხა ეკონომიკის განვითარებისთვის რომ დახარჯულიყო, კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეც წინ წაიწევდა. მეტი საწარმო და ქარხანა აშენდებოდა ქვეყანაში, მეტი ფული დატრიალდებოდა და სულ სხვა თვალით შემოგვხედავდნენ ოსებიც, აფხაზებიც და რუსებიც.

- კლიმიაშვილის გარდაცვალებამ, თანაც ნაქირავებ ბინაში, ბევრს ზურაბ ჟვანიას სიკვდილი გაახსენა.

- გეთანხმებით, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა ვინმემ გაზი გაუშვა და კლიმიაშვილი ამით მოკლეს ან თავად მოიკლა თავი. ეჭვს აჩენს მარინა ტერენტიევას მონაყოლიც, რაც მედიის საშუალებებით გავრცელდა, - რომ კარი ღია დახვდა, გაზი - გაშვებული, კლიმიაშვილი კი, გარდაცვლილი...

ზურას გარდაცვალება გაზით გაგუდვასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული, ეს ამბავი უბრალოდ მოგონილია.

- როგორ ფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ხელყოფა სპეცსამსახურების ჩაურევლად შესაძლებელი იყო?

- ბუნებრივია, ზურას მკვლელობა არ იყო "შემთხვევითი ხალხის" მოწყობილი. შიში სულ გვქონდა ოჯახში, რომ ზურას მოკლავდნენ. დედაჩემს ეს არაერთხელ  უთქვამს. ბუნებრივია, ვამშვიდებდით, მაგრამ ამ უბედურების მოლოდინი მაინც გვქონდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზურა ძალიან განსხვავდებოდა აზროვნებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის გვერდით იდგნენ... მეორეც,ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ზურას რაღაც საშინელებას უმზადებდნენ. ერთ-ერთი ინფორმაცია ზურას პირადად მივაწოდე, რაც მან საფუძვლიანად გადაამოწმა, მაგრამ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება ვეღარ მოვასწარით, რადგან ძალიან მალე მოკლეს.

სხვათა შორის, ადამიანი თავს ერთგვარად იცავს იმით, რომ მოსალოდნელ საშიშროებაზე ლაპარაკობს. თუმცა ზურას ისეთი თანამდებობა ჰქონდა, ერთი სიტყვაც რომ დაეძრა, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა, ამით  მხოლოდ ისტერიას დათესავდა. ბადრიმ კი სიკვდილამდე გაახმაურა ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი პერსონა ამბობს, თუ ვინ და როგორ უკვეთდა ბადრის მკვლელობას.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება. ის ისეთ მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა გული მართლაც გახეთქოდა. მიუხედავად ამისა, პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აღვირახსნილი კამპანია გააჩაღეს მის წინააღმდეგ. ხელისუფლებას შეეძლო გამოეყენებინა ბადრი პატარკაციშვილის ფინანსური რესურსები და კონტაქტები ქვეყნის ასაშენებლად, მაგრამ ეს არ გააკეთა. უფრო მეტიც, ბადრი პატარკაციშვილი კი არა, სააკაშვილი დაუპირისპირდა ბადრის. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ მისი კონტროლის გარეშე შეიძლებოდა დიდ ფულს ეტრიალა ქვეყანაში.

- თქვენ მცირე ხნით ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყავით. ხომ ვერ გვეტყვით, ბიზნესმენი მაშინ რომელ ოპოზიციურ ძალებს აფინანსებდა, რა გეგმა ჰქონდა და როგორ შეიცვალა ეს გეგმა?

- მე არათუ სხვა ოპოზიციური ძალების, არამედ ჩვენი საარჩევნო შტაბის დაფინანსებაზეც არ მქონია ინფორმაცია.  ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ისრაელში შევხვდი ბადრის, თავისი კანდიდატურის მოხსნას აპირებდა არჩევნებიდან. შემდგომ ეს არ გააკეთა, რატომ, არ ვიცი. ვეღარ მოვასწარი მეკითხა, რადგან მალე გარდაიცვალა. მხოლოდ ის ვიცი, ბადრი ძალიან განიცდიდა იმას, რომ მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც რეალურად მისი მეშვეობით  იკვებებოდნენ.