"სააკაშვილი წარსულის ლიდერია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი წარსულის ლიდერია"

"საქართველოს აქვს შანსი, ცვლილებები ეგვიპტეზე უკეთესად განახორციელოს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" Lლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც, ოპოზიციის ერთი ნაწილის აზრით, სააკაშვილის ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოზე დიალოგით წინასწარ წაგებულ თამაშში მონაწილეობს:

- ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დიალოგი მნიშვნელოვანი პროცესია და ბოლომდეა მისაყვანი. ეს არ არის ალასანიას ან თუნდაც ოპოზიციური რვიანის პროცესი. საარჩევნო გარემოს შეცვლას ქართველი საზოგადოება ითხოვს. ხელისუფლებამ გაგვაცნო თავისი ხედვა, რომელიც არ არის საკმარისი, მაგრამ მასში ჩანს, რომ  ხელისუფლებაც ხედავს საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობას. ჩვენ არ დავთმობთ პოზიციას ამომრჩეველთა სიების სრულყოფის, მედიის გათავისუფლებისა და პოლიციის დეპოლიტიზაციის საკითხებზე.

ტრაგედიას ვერ ვხედავ, როდესაც ჯანსაღად აკრიტიკებენ იმ გზას, რომელსაც მე დავადექი. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განსხვავებული გზა აირჩია. პატივს ვცემ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი გზა აქვთ, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადიოდეს ძალადობაზე.

- მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ დაუპირისპირდებით იმ ძალას, რომელიც რევოლუციისკენ წავა.

- არ მითქვამს, იმათ დავუპირისპირდები, ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს-მეთქი.

ჩვენ სააკაშვილივით არ უნდა მოვიქცეთ, რომელიც საზოგადოებას თავისიანებად და მტრებად ყოფს.

მე დავუპირისპირდები იმ ძალას, რომელიც ძალადობით შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას ან ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ რევოლუციური არჩევნები გვჭირდება და არა რევოლუცია იმისათვის, რომ ვიღაცები ხელისუფლებაში მოვიყვანოთ.

- რამდენად ატყობთ ხელისუფლებას იმის მზაობას, რომ არჩევნებით აპირებს წასვლას?

- ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი არჩევნების, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის. ეს გამოჩნდა მოლაპარაკებების პროცესშიც. სახელისუფლებო გუნდს ჩამოყალიბებული არა აქვს მოქმედების ტაქტიკა. ამიტომაც ოპოზიციურმა რვიანმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა, რომლის დარღვევის იმედიც ჰქონდა ხელისუფლებას. ჩვენი ძლიერება ერთობასა და საზოგადოების მხარდაჭერაშია.

სააკაშვილს რაიმეს შეცვლის უნარი აღარა აქვს. ის ქვეყანას ვერ წაიყვანს პროგრესისკენ, რადგან წარსულის ლიდერია. მაგრამ ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ იმის გააზრებას, რომ სააკაშვილის დასამარცხებლად ქართულ სახელმწიფოებრიობას არ უნდა შევუქმნათ საფრთხე.

- თქვენი ასეთი განცხადებების გამოა, ალბათ, რომ ამბობენ, ირაკლი ალასანია ქართულ ოპოზიციაში ტროას ცხენის როლს თამაშობსო.

-  თუ ვინმეს უნარი აქვს, ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვალოს, მე ავუკრძალე? Aარავის ხელს არ ვუშლი, თუ ვინმეს შეუძლია ვითარების მშვიდობიანად შეცვლა, ალასანია წინ არ აღუდგება, მაგრამ წინ აღვუდგები ძალადობას.

- ამას წინათ ბრძანეთ, რომ გისმენენ, თქვენს პირად ელექტრონულ მიმოწერას აკონტროლებენ.

- ამაში დამნაშავე მაშინ აგებს პასუხს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება.

- გიგა ბოკერიასთან თქვენი შეხვედრის ამბავი საზოგადოებამ იცის. ამბობენ, რომ შეხვდით გია ბარამიძესაც და ორივე შეხვედრაზე საუბარი იყო სააკაშვილის შემდგომ პერიოდზე, ასევე ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლისთვის გარანტიების მიცემაზე.

- გეთანხმებით, რომ სახელისუფლებო გუნდის დიდ ნაწილს უკვე გააზრებული აქვს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. ის აღარ არის ლიდერი, რომელიც თავისი ვადის ამოწურვის შემდეგაც გაუძღვება ქვეყანას. ამიტომაც, ბუნებრივია, ხელისუფლებაში ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება. მე შევხვდი მხოლოდ გიგა ბოკერიას და ეს იცოდა "ოპოზიციურმა რვიანმა". ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან საუბარი მქონდა საარჩევნო გარემოზე, პოლიციის დეპოლიტიზაციასა და მედიის გათავისუფლებაზე. ამავე საკითხებზე მოლაპარაკება გვაქვს პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. ასე რომ, არანაირი კულუარული შეთანხმებები არ იქნება.

- ვმო-ში რუსეთის გაწევრებაზე დიალოგისას ქართულმა მხარემ როკისა და ფსოუს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ქართველი მებაჟეების დაშვება მოითხოვა, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თქვენი აზრით, რა საკითხის დასმა აჯობებდა რუსებთან მოლაპარაკებისას?

- მისასალმებელია, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან. ვმო-ში რუსეთის გაწევრება საქართველოს დადებით შედეგს მოუტანს. რუსეთი იძულებული გახდება თამაშის წესებით იმოქმედოს და პოლიტიკური ნიშნით ვერ დაბლოკავს ჩვენს პროდუქციას თავის ბაზარზე. საბაჟო საზღვრები გადის იქ, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია და სწორია, რომ რუსეთთან საუბარი აქედან დავიწყეთ.

ხელისუფლებას შევთავაზე, გაითვალისწინოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, - როდესაც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვართან ვერ ხერხდება სუვერენული ქვეყნის საბაჟო სამსახურების მიყვანა,  შეიძლება გამოვიყენოთ მონიტორინგის პრინციპი და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივცეთ ლეგიტიმაცია, გააკონტროლონ საბაჟო საზღვარი.

- თქვენ სააკაშვილს წარსულის ლიდერი უწოდეთ, ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა კი - მსოფლიოს კერპი და ერთ-ერთ უდიდეს ლიდერად მოიხსენია.

- დონალდ ტრამპი არ არის საქართველოს მოქალაქე და მისთვის უცნობია ის გაჭირვება, უდიდესი პრობლემები, რის წინაშეც დააყენა სააკაშვილის მმართველობამ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი. Aამიტომაც ტრამპის მოსაზრებას ანგარიშს არ გავუწევ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპი მილიონობით დოლარის ინვესტირებას აპირებს საქართველოში, ჩემი წარმოდგენით, სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდაა.

აღმოსავლური რევოლუციების ტალღამ შექმნა ახალი საერთაშორისო რეალობა -  ავტორიტარული რეჟიმებისა და ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა. ქართველი საზოგადოების გამბედაობასთან ერთად სწორედ ეს მაძლევს ოპტიმიზმს, რომ შევცვლით საარჩევნო გარემოს და თავისუფალი არჩევნების გზით გავუშვებთ ხელისუფლებიდან სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას".

- სააკაშვილს პრემიერის სავარძელში ვერ ხედავთ?

- მას პრემიერის სავარძელში უპირველესად ქართველი საზოგადოება ვერ ხედავს და შესაბამისად, ვერც მე.