"ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა" - კვირის პალიტრა

"ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა"

ახლა ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვახტანგ გომელაურის მხრებზე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა - ან სახელმწიფო დამარცხდება ამ ერთი კალაშნიკოვიანი კაცის წინაშე და დაადასტურებს საკუთარ უსუსურობას, ან მოახერხებს და ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სპეცოპერაციის საბოლოო შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

ხიდაშელის თქმით, წარმოუდგენელია, როგორ დაეკარგათ თავდამსხმელი.

ხიდაშელის აცხადებს, რომ მსგავსი რამ ყველაზე ცუდი და მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი ვერ წარმოუდგენია.

„უამრავი პრეტენზია მაქვს გუშინდელი ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაწყებული ნულოვანი კომუნიკაციის მდგომარეობიდან, დამთავრებული იმით, რომ მართლა ამ ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა აჯობა მთელ სახელმწიფო სისტემას, როგორ დაეკარგათ, ეს უბრალოდ, მართლა წარმოუდგენელია, ყველაზე ცუდი და მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი ვერ წარმომიდგენია ასეთი რამ მოხდეს, ამაზე მოუწევს აუცილებლად პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას. მათ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ აქვთ რამოდენიმედღიანი შანსი დარჩენილი იმისათვის, რომ დაამტკიცონ, რომ უნარი აქვთ გაუმკლავდნენ კრიზისულ მდგომარეობს. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ რამოდენიმე ტერორისტი რომ შევარდნილიყო იქ და მართლა ტერაქტი განხორციელებულიყო. აი, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, თუ რას იზამს ახლა საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში არ გაჩნდეს უსუსურობის განცდა. დაუჯერებელია, რომ ადამიანი, რომელიც ასე ხელის გულზე ჰყავდათ, ასე უბრალოდ დაეკარგათ საქართველოში, ეს არის სუპერნულოვანი პროფესიონალიზმის შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მივცეთ მათ 24 ან 48 საათი იმისათვის, რომ გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.

მე ჯერ ჯერობით არანაირ დასკვნას არ გავაკეთებ, მე შს მინისტრს მივყვები ამაში, როცა ის ამბობს, რომ ჯერ სპეცოპერაცია არ დასრულებულა, მაგრამ სპეცოპერაციის პირველი ფაზა იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, ის პირველ ფაზაშივე უნდა დასრულებულიყო, გაგრძელება ვნახოთ, იმედი დავიტოვოთ, რომ დამნაშავეს ადეკვატური პასუხი გაეცემა,“- განაცხადა ხიდაშელმა.

ის ასევე გამოეხმაურა მმართველ გუნდში გაკეთებულ კომენტარებს. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, „წარმოუდგენელი ბოროტებისა და სისულელის ნაკრები ერთდროულად, რასაც კობახიძე ამბობს,“ ხოლო ვოლსკისგან კონსპირაციებზე საუბარი სასაცილოდ ჟღერს.

„ამ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი იყო მაშინ, მე იმ ადამიანებს ვეკუთვნოდი ვინც ხურჩაში დადგმული ტერაქტის გამო აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ დღეს მისგან კონსპირაციებზე საუბარი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, როცა ზუსტად იმ დროს იყო იმ ხელისუფლებაში, რომელიც მოდელირებულ ტერაქტებს გვიდგამდა ქვეყანაში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ გამონაკლისი იყო ვახტანგ გომელაური და „ეს რომ არ დავინახოთ და არ დავუფასოთ არასწორი იქნება.“

„ვეთანხმებით - არ ვეთანხმებით იმას,რაც სპეცოპერაციაზე ისაუბრა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ტონი, დამოკიდებულება, განწყობა სრულიად განსხვავებული იყო ყველა დანარჩენისგან“, - განაცხადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"