"ერთ-ერთ უგემოვნო ვიდეოთამაშში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობენ..." - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთ უგემოვნო ვიდეოთამაშში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობენ..." - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა?

დიდი ბრიტანეთის ცნობილ ჟურნალ "ეკონომისტში" ("The Economist") დაბეჭდილია სტატია სათაურით - "მიშას დაბრუნება? // გაძევებული ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს", სადაც საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაციაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"ერთ-ერთ უგემოვნო ვიდეოთამაშში, სადაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და ქვეყნის ყველაზე ცნობილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობენ, იმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება.

მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა 2003 წელს მომხდარ "ვარდების რევოლუციას", რომელმაც ქართველებს მკაცრი პოსტსაბჭოური მმართველობიდან თანამედროვე ევროპული მმართველობისკენ, წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრისა და ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისკენ უბიძგა. მაგრამ მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ამჟამად იგი უკრაინაშია და თავისი პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს. მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის მიერ [დაუსწრებლად] უკვე გასამართლებულია, აგრეთვე, წაყენებული აქვს დამატებითი სისხლის სამართლის ბრალდებები.

საქართველოს მთავრობაში დომინირებს პარტია "ქართული ოცნება", რომელსაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ოლიგარქი ხელმძღვანელობს. იგი მომწვანო-ზურმუხტისფერ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუ, რასაკვირველია, არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, თუმცა ამის შანსი დიდი არ არის.

საარჩევნო კამპანია სულ უფრო უსიამოვნო ხდება. 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ, როდესაც იგი საბერძნეთში მიტინგის დროს ქართველ ემიგრანტებს  ხვდებოდა, თბილისში კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორი კარტოგრაფი დააპატიმრეს იმ ბრალდებით, რომ ისინი 14 წლის წინათ, თითქოსდა არასწორად, აწარმოებდნენ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას და ეს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. კიდევ უფრო უარესი მიხეილ სააკაშვილისთვის ის არის, რომ მან სომხეთის მიერ კონტროლირებული მთიანი ყარაბაღის დაბრუნების საკითხში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

საქართველო ორივე სახელმწიფოს - სომხეთს და აზერბაიჯანს ესაზღვრება, შესაბამისად, მის ტერიტორიაზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. თბილისი ცდილობს კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას", - წერია პუბლიკაციაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ