"ნახევარი საქართველო მეორე ნახევარს მოღალატეს ეძახის. ეს არის ივანიშვილის რვაწლიანი მმართველობის შედეგი? ეს თუ იყო მიზანი, მაშინ ვულოცავ, მან ეს მოახერხა" - კვირის პალიტრა

"ნახევარი საქართველო მეორე ნახევარს მოღალატეს ეძახის. ეს არის ივანიშვილის რვაწლიანი მმართველობის შედეგი? ეს თუ იყო მიზანი, მაშინ ვულოცავ, მან ეს მოახერხა"

ე.წ. კარტოგრაფების საქმეს საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების "წინასაარჩევნო ტრიუკად" აფასებს. ოპოზიციის აზრით, გამოძიება პოლიტიკურ მოტივებს ემსახურება და ეს თემა მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ. შეიძლება ითქვას, არც არის გასაკვირი, როცა იმავე საზოგადოებას ყველა არჩევნების წინ (როგორც წინა, ისე - ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში) ახსოვს, როგორ გამოდის დღის სინათლეზე ეროვნული მოტივებით გაჯერებული სისხლის სამართლის საქმეები, როგორ ხდება ღირსების თემებით მანიპულირება და ამომრჩევლის გრძნობებზე თამაში.

საკმარისია, გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნებული ციხის კადრები, 2016 წლის არჩევნების წინ კი - მიხეილ სააკაშვილის ენმ-ის წევრებთან ფარული ჩანაწერები, სადაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე იყო საუბარი.

"კარტოგრაფების საქმის სახით ხელისუფლებას ჩაუვარდა ჯოკერი, რომელიც ამომრჩევლის ტვინების გამორეცხვას ემსახურებოდა. დავით გარეჯის თემის წამოწევისთვის კატასტროფული დრო შეირჩა, რამაც ეს თემა აბსოლუტურად დააკნინა", - ამბობს kvirispalitra.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება. აქ ორი უცნაური რამ მოხდა – ერთი ის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას დღის წესრიგში ადამიანებისთვის ძალიან ფაქიზი თემის შემოტანა სჭირდებოდა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გამოერეცხა ტვინი ამომრჩევლისთვის და აქცენტები ძირითადი პრობლემებიდან (რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას - სიკვდილისა და შიმშილის შიშის თემები), ამ თემაზე გადაეტანა.

გარდა ამისა, იყო მეორე ფაქტორი, როცა ეს ყველაფერი დაემთხვა ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვები, რომ ამ თემის შემოტანა დღეს, ამ მომენტში, უკავშირდებოდა როგორც შიდა პოლიტიკურ თემებს, ასევე - საგარეო პოლიტიკურ მანევრებს. ასეთ ეჭვს აქვს საფუძველი, თუმცა არ ვამტკიცებ, რომ ეს ასეა. ამასთანავე, ხელისუფლება ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტს – დავით გარეჯის თემა არ არის ისეთი ოპერატიული პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ, დღესვე გადასაწყვეტი უნდა იყოს. როდესაც თემა არის ძალიან ფაქიზი, ჯობია, პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ პერიოდში შემოვიდეს ხოლმე ჩვენს სინამდვილეში. არც იმის წინააღმდეგი ვარ, გამოძიება ტარდებოდეს, თუ ამისი საფუძველი არსებობს. პირიქით, მისასალმებელია, თუ რაიმე ახალი რუკები არსებობს, რომელიც მოლაპარაკებებში შეიძლება გამოგვადგეს, მაგრამ თვითონ "თაიმინგი" ანუ დროის შერჩევა იყო აბსოლუტურად კატასტროფული, რამაც თემა დააკნინა. მიუხედავად იმისა, რამდენად არსებობს ობიექტური საფუძველი, ამან ყველაფერი გააფუჭა და, ფაქტობრივად, გახდა პოლიტიკური იწილო-ბიწილოს და არა - სახელმწიფო ინტერესების გატარების საგანი.

- თქვენი აზრით, ამ თემას არჩევნების შემდეგ გაგრძელება ექნება? ან რატომ ხდება ყველა არჩევნების წინ მსგავსი ფაქიზი და მგრძნობიარე თემების აქტუალიზაცია?

- აქაც ცუდი გამოცდილება გვაქვს. ეს ხელისუფლება იმავე ტექნოლოგიით მოქმედებს, როგორითაც წინა ხელისუფლება. რომ გავიხსენოთ 8 წლის ისტორია, ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ოთხი სახელმწიფო გადატრიალების საქმეა აღძრული და ოთხივე - წინასაარჩევნოდ. როგორც კი არჩევნები სრულდება, ეს საქმეები თაროზე იდება და მტვერი ედება. მაგალითად, იყო ფარული ჩანაწერების საქმე, გადატრიალებას რომ აპირებდნენ. რამდენიმე ასეთი საქმეა, რომელშიც გატარებული იყო ხაზი, როგორ თხრიდა სააკაშვილი მორიგ გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე. როგორც კი არჩევნები ჩაივლიდა, ეს თემები უკანა პლანზე გადავიდოდა და მერე ხდებოდა გადასვლა ხან ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე - აი, დღე-დღეზე გამოვიძიებთო, ხან ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს გამოვიძიებთო. სად არის ეს საქმეები? ეს ყველაფერი არის საზოგადოებრივი აზრით ცინიკური მანიპულირების ინსტრუმენტი და მას არანაირი კავშირი რეალურ სამართლიანობასთან არ ჰქონდა. ამის დადასტურება ის არის, რომ ეს საქმეები, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მათ გამო დიდი შარიშური და ხმაური იყო, დღეს თაროზე დევს და არაფერი მოჰყოლია. შესაბამისად, ამ ცუდი გამოცდილებით, ახლაც არ გვაქვს არანაირი საფუძველი, არ ვიფიქროთ, რომ ეს საქმეც თაროზე შემოიდება და არაფერი მოჰყვება.

ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს არანაირი ეფექტი არ ექნება, არიან ადამიანები, რომლებიც 100-ჯერ რომ მოატყუო, 101-ედაც განწყობილები არიან, რომ მოტყუვდნენ. თუმცა ყოველი არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ასეთი ადამიანების წრე ვიწროვდება. ყოველ შემთხვევაში, ის ეფექტი, რასაც ხელისუფლება ელოდა - რომ ამით საერთოდ გადატეხავდა სიტუაციას და ყველას ტვინს გამოურეცხავდა, ასე არ მოხდა. ამ თემას რაღაც მცირე ეფექტი კი ექნება, მაგრამ არა – გადამწყვეტი.

- რა კატეგორიაზე იყო მაინც გათვლილი? საზოგადოების ასეთი დაბალი შეფასება აქვს ხელისუფლებას? - ხელისუფლება საერთოდ ძალიან ცინიკურად უყურებს საზოგადოებას. ჰგონია, რომ ის ბრიყვია და არავინ არაფერზე ფიქრობს. ამ ცინიკური მიდგომით მან ეს ჯოკერი ყველაზე გათვალა. ასეთი რაღაცები ჩვენ ადრეც გვინახავს, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა იმით არის განსაკუთრებული, რომ ამ თემამ შექმნა საერთაშორისო სკანდალის რისკი. წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებებს, კარტოგრაფები დამნაშავეები არიან თუ უდანაშაულოები, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ციხეში ჯდომა ამ საქმის გამოძიებას არაფერში სჭირდებოდა. ფაქტობრივად, ეს ადამიანები იქცნენ შიდა თუ გარე პოლიტიკური თამაშების მძევლებად. თუ ისინი დამნაშავეები არიან, გამოიძიონ და დასაჯონ, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, მათი ციხეში ჯდომა და პატიმრობაში აყვანის საჭიროება რას ემსახურებოდა, როდესაც თემა არის ძალიან ძველი დ, როგორც გაირკვა, არც ეს რუკები ყოფილა მაინცდამაინც დღევანდელი აღმოჩენა - ბევრ კომისიაზე ყოფილა განხილული და ამ ადამიანების გარდა, იმ კომისიებს მინისტრები და პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. ახლა მეისრის ციხეში შეგდება აბსოლუტურად ანტიჰუმანური საქციელი არის, რაც, ჩემის აზრით, უპატიებელია.

- რაკი ამ ტრიუკმა არ გაამართლა და, როგორც ამბობთ, "ამომრჩევლის ტვინების გამორეცხვა ვერ მოხერხდა", ხელისუფლებას რეზერვში ექნება კიდევ სხვა ხმაურიანი თემა, რომელსაც არჩევნებამდე შემოიტანს? - ამათ რაც უნდა შემოაგდონ. როდესაც რაღაც თემა შემოგაქვს და ის არ მუშაობს, ამის შემდეგ შენდამი ნდობა ისე იკლებს, სულ რომ ორჯერ ორი ოთხია იყვირო, აღარავინ დაგიჯერებს. საქმე ის არის, რომ ისეთ ფარსად აქციეს ეს ყველაფერი, ახლა რომ მოიყვანონ მოწმეები და თქვან, რომ ეს რუკა პირადად მიშა სააკაშვილის დახატული იყო, უკვე ამასაც აღარავინ დაიჯერებს. ეს არის ადამიანების ყველაზე ფაქიზ გრძნობებზე ნათამაშები, უხარისხოდ შესრულებული ისტორია, რომელიც კი არ აერთიანებს, ხლეჩს და აპირისპირებს საზოგადოებას. ბევრი ადამიანი დღეს ნამდვილად შეცდომაშია შეყვანილი და ნახევარი საქართველო მეორე ნახევარს მოღალატეს ეძახის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანი მმართველობის შედეგი? სიძულვილის დანერგვა და ქვეყნის სამოქალაქო ომის პირას მიყვანაა მისი მემკვიდრეობა? ეს თუ იყო მიზანი, მაშინ ვულოცავ, მან ეს მოახერხა.

- რის იმედად არის დღეს ხელისუფლება და ამომრჩევლის როგორ აქტივობას ელით 31 ოქტომბერს? - ეს ხელისუფლება არის ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. ის იმის იმედზეა, რომ იქნება დაბალი აქტივობა, ხალხი არ წავა არჩევნებზე. ძირითადად, მარტო მათ მიერ მობილიზებული ამომრჩეველი წავა და ცხვრებივით მისცემს მათ ხმას. ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დარჩენილი იმედი. სხვები, უბრალოდ, არ წავლენ იმიტომ, რომ ვირუსის შეეშინდებათ. მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, ეს კომბინაცია რომც გამოუვიდეთ, დაბალი აქტივობა რომც იყოს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური და, შესაბამისად, ჩვენ შევალთ ძალიან სერიოზული რყევების პერიოდში. დაბალი აქტივობის შემთხვევაში, დაბალი იქნება იმის ალბათობა, რომ ასე არჩეულმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მოახერხოს ქვეყნის მართვა და არ შეიქმნას რევოლუციური სიტუაციები.

(სპეციალურად საიტისთვის)