"რა უნდა გააკონტროლოს ადამიანმა, რომელმაც ბიუჯეტის კითხვა არ იცის, ისინი არიან იმისთვის, რომ..."
24-10-2020
"რა უნდა გააკონტროლოს ადამიანმა, რომელმაც ბიუჯეტის კითხვა არ იცის, ისინი არიან იმისთვის, რომ..."
"ყველა არჩევნებში ვხვდებოდით კულტურის მოღვაწეებს, მაგრამ წელს მაინც ბევრნი არიან"

ქვეყანაში არსებული გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გადადებას და როგორც დაგეგმილია, 31 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ეს არჩევნები იმითაც არის გამორჩეული, რომ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც არიან. მათ შორის, მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და ა.შ.
მაგალითად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სიის სათავეშო ქართველი კინომსახიობი და საესსათავეში მღერალი ბუბა კიკაბიძე ჰყავს, ასევე სიაშია ცნობილი ლიტერატორი
როსტომ ჩხეიძე. პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი", როგორც პარტიის თანადამფუძნებელს საარჩევნო სიაში უცვლელად ტოვებს თაკო ჩარკვიანს, რომელიც პროფესიით პიანისტია. "ქართული ოცნების" სიაში იხილავთ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტ ქეთი დუმბაძეს, სპორტსმენებს - დავით კაჭარავასა და ვიქტორ სანიკიძეს. არ დავივიწყოთ "პატრიოტთა ალიანსის" სიაში მოხვედრილი მომღერალი ცისანა
სეფიაშვილი და ახლად დაარსებულ პარტია "ლელოს" სიის პირველ თორმეტეულში, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.

რატომ აკეთებენ არჩევანს პოლიტიკური პარტიები ხელოვანებზე და რამდენად "მომგებიანია" აღნიშნული გადაწყვეტილებები საარჩევნოდ, საკითხებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- კონსტიტუციური უფლებების მიხედვით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია მოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში უეცრად შემოდის ადამიანი, რომელსაც საზოგადოებრივი მოღვაწეობის ისტორია აქვს და აქამდე არ ინტერესდებოდა პოლიტიკით, მხოლოდ ერთადერთი მიზნით აღმოჩნდება პოლიტიკაში, იმისთვის, რომ რაღაც დამატებით ხმები მოიზიდოს. ერთი მხრივ, ეს სევდის მომგვრელი ისტორიაა და ასეთი ტექნოლოგია საბჭოთა ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. ამ შემთხვევეში დეპუტატი პროფესიონალი პოლიტიკოსი, კანონშემოქმედი კი არ არის, არამედ, პულტზე ხელის დამჭერი და ხელისუფლების დირექტივების ტექნიკურად შემსრულებელია. საბჭოთა კავშირის დროს მაშინდელ ერთპარტიულ სისტემაში ტარდებოდა არჩევნები, სადაც დეპუტატები ფეიქრები, დამკვრელები და ცნობილი პიროვნებები იყვნენ.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პარტიების მხრიდან ხმების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა?
- რა თქმა უნდა, ამ ადამიანების გამოყენება ერთადერთი მიზნით ხდება, მათ თავიანთი ცნობადობის ხარჯზე უნდა მოიტანონ დამატებითი ხმები. ბუნებრივია ასეთ ადამიანს პარტიაში სერიოზულად არავინ აღიქვამს, მისი ფუნქციაა დეპუტატის ხელფასის სანაცვლოდ, როდესაც ეტყვიან ხან მწვანე ღილაკს დააჭირონ თითი, ხან წითელს.

შესაძლოა ისინი კარგი ადამიანები არიან, თუმცა საბოლოოო ჯამში, ეს დეგრადიული ხელისუფლების სისტემის შექმნას იწვევს, რადგან თითოეული მათგანი, არაკომპეტენტურია ამ საკითხში, შესაბამისი არაპროფესიონალი პარლამენტი მომავალში შინაარსის პრობლემას გამოიწვევს. პარლამენტი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციებს, რა უნდა გააკონტროლოს ადამიანმა, რომელმაც ბიუჯეტის კითხვა არ იცის, არ აქვს გამოცდილება ამ სფეროში და სხვა. ისინი არიან იმისთვის, რომ ღილაკზე თითი დააჭირონ და ზოგჯერ ეგეც ერევათ ხოლმე, რომ ეტყვიან წითელს დააჭირეო მწვანეს აჭერენ და ასე.

ცხადია, მათი გამოჩენით პარტიები რაღაც რაოდენობის ხმებს მიიღებენ, ეს გათვლა სწორედ იმაზეა, რომ რაღაცა მოიტანოს. პოლიტიკური კარიერა რამდენიმე ეტაპის შემდეგ ეწყობა, ეს არის ცნობადობა, მერე მოდის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, გარკვეული უნარ-ჩვევები და ასე შემდეგ. ცნობადობის პროცესი ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადია და დიდ ინვესტიციას მოითხოვს, შესაბამისად პარტიებს უნდათ ცნობადობის ეტაპი გაიარონ იმის ხარჯზე, რომ ვიღაც კარგად მღერის და არა იმის ხარჯზე, რომ ადამიანმა რაღაც გზა გაიაროს საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობით. მათი ეს ქმედება, ერთგვარი "პოლიტიკური ხალტურააა". ზოგადად, არის შემთხვევები, რომ მარტო ეს ფაქტორი არ მუშაობს.

ბუბა კიკაბიძის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ცნობილია, მისი გამოჩენით პარტიაში უხერხულობა გადაფარეს, სააკაშვილის არყოფნის პირობებში, ლიდერის ანუ პირველი ნომრის დასახელების უხერხულობა გააქრეს, რადგან პირველ ნომრად რომელიმე სხვა მოქმედი პოლიტიკოსი რომ დაესახელებინათ, ეს პარტიაში გარკვეულ შიდა დაძაბულობას გამოიწვევდა, პარტიაში ბევრს აქვს ამბიცია იმისა, რომ სააკაშვილის შემდეგ პირველი ნომერი ის არის. ეს წმინდა ტაქტიკური სვლა იყო, პირველ ნომრად დაასახელეს ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაზე დიდი წარმოდგენები არ აქვს და ამით დაძაბულობის რისკიც შეამცირეს.
ეს ტენდენცია გრძელდება, ყველა არჩევნებში ვხვდებოდით კულტურის მოღვაწეებს, მაგრამ წელს მაინც ბევრნი არიან. უნდა ითქვას, რომ წინა პარლამენტსაც არ აკლდა სპორტსმენები რეჟისორები და სხვადასხვა პროფესიის ხალხი.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის ერთ-ერთი წევრი მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან დუმბაძეა:

- ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საქმის კეთების გამოცდილება დაგროვებულია, როცა ფიქრობ, რომ შენი პროფესიის თუ საყვარელი საქმის კეთებისთვის, შესაძლებლობების გაფართოვებისთვის, მიმართულებების შეცვლისთვის თუ სიახლეების დანერგვისთვის მეტი ბერკეტია საჭირო. როცა, უკვე დიდი ხანია დარგს ემსახურები და ზუსტად იცი, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში ან ორგანიზაციული კუთხით, როცა გამუდმებით გეფიქრება, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს და მაშინ ასეთ შემოთავაზებაზე უარს აღარ ამბობ.

ვფიქრობ, პარლამენტი მეტ შესაძლებლობას და ბერკეტს მომცემს ვემსახურო ქართულ კულტურას, მწერლობას და მის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ მიჩვეული ვარ პასუხისმგებლობით ცხოვრებას. არასდროს დამვიწყებია და მით უმეტეს, არც საზოგადოებას მოუცია ჩემთვის იმის ფუფუნება, რომ წამით მაინც დამვიწყებოდა ვინ ვარ და საიდან მოვდივარ.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები თქვენს გადაწყვეტილებას?
- რა გითხრათ, ოჯახი ნორმალურად, მიჩვეულები არიან, რომ მუდამ რაღაცას ვსაქმიანობ, ერთდროულად რამდენიმე ფლანგზე "ვიბრძვი". ასე, რომ რეაქცია იყო ასეთი - "აწი ალბათ სულ დაგვეკარგები". ზოგმა სიხარული გამოხატა, ჩათვალა, რომ ჩემი სახით ქართული კულტურის კიდევ ერთი გულშემატკივარი მიემატება პარლამენტართა რიცხვს, ზოგმა თქვა, რომ ვენანები ამ მძიმე საქმიანობისთვის. ალბათ იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ მოეწონა ჩემი ხილვა საარჩევნო სიაში.

გამოგიტყდებით, ადრე დიდად არ მომწონდა, როცა კულტურის მოღვაწეები აქტიურად ერთვებოდნენ პოლიტიკაში, ვფიქრობდი, რომ მათი ადგილი სცენაზე, საწერ მაგიდასთან, მოლბერტთან თუ გადასაღებ მოედანზეა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კულტურას სწორედ მათი სახით უნდა ჰყავდეს ლობისტი პარლამენტში, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება ამა თუ იმ სფეროს. საკუთარი გამოცდილება ხომ საუკეთესო მასწავლებელია.

- რას იტყოდა მამა, პოლიტიკოსის ამპლუაში რომ ენახეთ?
- იცით, მამა თავად იყო დეპუტატი და არაერთგზის მომსწრე ვარ რამდენ სიკეთეს აკეთებდა ის ამ სტატუსით. მინახავს მისით მადლიერი ადამიანები, ვიცნობ მათ, ვიცი ქართული მწერლობისთვის გაკეთებული კარგი საქმეების შესახებაც. ასე რომ, მე დეპუტატობის ისეთი მაგალითი მყავს, რომ უფლება არ მაქვს ცუდი ან გულგრილი დეპუტატი ვიყო. ძალიან ვეცდები მას მივბაძო. ჩემი ეს არგუმენტი ალბათ მამას მოეწონებოდა.

(სპეციალურად საიტისთვის)

Status quo
25 ოქტომბერი 2020 16:48
რა ქვეყანაც გვაქვს,პარლამენტიც ისეთია ან პირიქით.
Status quo
25 ოქტომბერი 2020 16:48
რა ქვეყანაც გვაქვს,პარლამენტიც ისეთია ან პირიქით.
ნია
24 ოქტომბერი 2020 22:21
ამ შემთხვევაში, ძნელია არ დაეთანხმო ხუხაშვილს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?