"დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას ზუგდიდში კონკურენციას ვერავინ ვერ გაუწევს" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას ზუგდიდში კონკურენციას ვერავინ ვერ გაუწევს"

ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატიზება, ჯიბეში ჩადება, სახელმწიფოებრიობის დასუსტება, კრიმინალთან ხელშეკრულების დადება და მათთან ხელისუფლების გაყოფა, სიღარიბის გაზრდა, თანამოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრება ლუკმა-პურის საშოვნელად. თითოეული ჩვენგანი ამას ვეწინააღმდეგებით და ეს არის მიზეზი რის გამოც აქ ვდგავარ და გიგი უგულავას მხარს ვუჭერს,- ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეცდომების მიუხედავად, "ვარდების რევულიციამ" ძლიერი პოლიტიკოსების თაობა შექმნა, რომლებმაც ქვეყნის შენებაც იცოდა და მისი მართვაც და სწორედ ასეთი ადამიანია გიგი უგულავა. ოქრუაშვილმა 31 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განმარტა, რომ ეს განსაკუთრებული ცვლილებების არჩევნებია.

"კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც მე აქ ვდგავარ, შარშან 20 ივნისს მე ვიყავი ე.წ. მოწინავე და მედროშე რუსთაველზე, როდესაც მომცელეს და დროშა დამივარდა, ეს დროშა აიტაცა გიგიმ და მან წინსვლა გააგრძელა. მერე, რა თქმა უნდა, ისიც მოცელეს და ორივე ერთად აღმოვჩნდით ციხეში. ციხეში აღმოვჩნდით მარტივი მიზეზის გამო, ბიძინა ივანიშვილმა, გადაწყვიტა, რომ სასამართლოც მას ეკუთვნის, ქვეყანაც მას ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიებიც მას უნდა ეკუთვნოდეს და ზოგადად, საზოგადოება არაფერს არ უნდა გამოთქვამდეს კრიტიკულს და ის რასაც შემოგვთავაზებს, ეს უნდა მივიღოთ აპრიორად. ეს ასე ვეღარ იქნება! ჩვენ გვინდა ცვლილებება ჩვენს ქვეყანაში, ცვლილებება უკეთესობისკენ , პროგრესისკენ, ნათელი მომავლისკენ, ჩვენი შვილებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ ამ ცვლილებას მივაღწევთ. ჩვენი ერთად დგომა ემსახურება ზუსტად ამას.

ეს არჩევნები არის განსაკუთრებული არჩევნები, განსაკუთრებული ცვლილებებისა და მოლოდინის მქონე არჩევნები, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება და ავირჩიოთ კარგი ექიმი, კარგი მეწარმე, კარგი ისტორიკოსი, ეს არის პოლიტიკოსების არჩევნები და იმ ადამიანების არჩევნები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის მართვა და ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ასეთად მე დღეს ზუგდიდში მესახება გიგი უგულავა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სფეროში და ამ მიმართულებით ვერავინ კონკურენციას ვერ გაუწევს. მიუხედავად რაღაც წარსული შეცდომებისა თუ პერიპეტიებისა, "ვარდების რევულიციამ" შექმნა პოლიტიკოსების ახალი განსაკუთრებული თაობა და ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის შენებაც შეგვიძლია და მართვაც,"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.