პანდემია, კრიმინალი და არჩევნები ანუ რატომ მართებს ყველას დიდი სიფრთხილე - კვირის პალიტრა

პანდემია, კრიმინალი და არჩევნები ანუ რატომ მართებს ყველას დიდი სიფრთხილე

"დანაშაულზე ხელისუფლების რეაგირება, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, თუმცა ვიმეორებ - ვერ ვიტყვი, რომ მათ პროცესის მართვა ხელიდან გაექცათ"

კორონავირუსული პანდემიის მეორე ტალღა სულ უფრო მასშტაბური ხდება. საქართველო, რომელმაც მკაცრი შეზღუდვებით, ფაქტობრივად, ადვილად მოახერხა პირველ ტალღასთან გამკლავება, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ისმის კითხვა: მოახერხებს კი ქვეყანა, რომელსაც ერთ კვირაში არჩევნები აქვს ჩასატარებელი, ამ მძიმე პროცესთან გამკლავებას? პანდემიის ფონზე დამძიმდა კრიმინოგენული ვითარებაც. "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული მძარცველის თავდასხმამ და მძევლების აყვანამ ბევრი პრობლემა გამოამზეურა, მათ შორის ისიც, პოლიტიკური უმწიფრობის გამო ქართული პოლიტიკური სპექტრი ამგვარ უმძიმეს კრიმინალურ მოვლენებსაც კი როგორ აქცევს პოლიტიკის ნაწილად. სასიხარულოა, რომ მოხერხდა მძევლების მშვიდობიანად გათავისუფლება, მაგრამ დამნაშავე, რომელმაც სოლიდური თანხა წაიღო და მიიმალა, კვლავაც თავისუფალია. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან:

- ვერ გეტყვით, რომ ამგვარი დანაშაულების სპეციალისტი ვარ, მაგრამ როგორც მოქალაქეს, მიჩნდება ეჭვი, რომ ვითარება მთლად ისეთი არ იყო, როგორსაც ეკრანზე ვხედავდით. ეს ეჭვი გამიჩინა რამდენიმე გარემოებამ. პირველი არის ის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულზე, როგორც წესი, თანამზრახველების გარეშე არ მიდიან. არ არის აუცილებელი, ეს თანამზრახველი მძარცველს გვერდით ჰყავდეს. შესაძლოა ის იყოს შენობაში, როგორც მძევალი, ანაც იყოს შენობის გარეთ. თუ ვინმე მარტო გეგმავს ასეთ რამეს, ის, ძირითადად, ფიასკოთი ამთავრებს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანის ნაფიქრალ-ნამოქმედარი არ ჩანდა. მოკლედ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ეხმარებოდნენ. მოგეხსენებათ, დრამის რეჟისურის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, სადაც გვასწავლიდნენ სხეულის ენას, ანუ როგორ გამოხატავს ადამიანი ემოციებს სიტყვების გარეშე ამა თუ იმ ვითარებაში. იმ მძევალთა ნაწილის საქციელი, ჩემი აზრით, არ ემთხვეოდა იმ ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდნენ... თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

ამასთანავე, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა მუდმივად ეჭვიანობისკენ გვიბიძგებს, ისმის კითხვები - მაგალითად, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ზუგდიდში - კონფლიქტის ზონასთან ახლოს? რატომ მოხდა წინასაარჩევნოდ? და ა.შ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს მართავენ, რაშიც პოლარიზებული მედიასივრცე უწყობთ ხელს. ხშირად ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისე უპასუხისმგებლოდ იქცევა (და ეს ამ დანაშაულებრივ პროცესშიც გამოჩნდა), აღარ მიკვირს, საზოგადოება სულ შეთქმულების თეორიებზე რომ ფიქრობს. ახლაც საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ კრიმინალური ამბების უკანაც პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი დგას, სხვა ფიქრობს, რომ ამის უკან მეორე ჯგუფი დგას და ასეა გაუთავებლად... სხვათა შორის, ეს განწყობა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად კარგად გამოჩნდა.

რადგან საზოგადოება პოლიტიზებულია და, ძირითადად, ისევ ორ ბანაკად არის გაყოფილი - ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად, ამიტომაც ერთმანეთს აბრალებენ, საკუთარ მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ აქეზებენ, თან საკუთარი სისუსტეების სკანდალებით გადაფარვას ცდილობენ... სამწუხაროდ, არ გამოჩნდა ოპოზიციაში სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს არ გაჰყვებოდა...

თუმცა უნდა ითქვას, რომ ობიექტური რეალობაც არსებობს - ბოლო კვირების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება მძიმე დანაშაულები... ჩემთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საქართველოში, კერძოდ, წალკის რაიონში მცხოვრები უცხოელების ოჯახზე თავდასხმა. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის რაღაც ტალღა. მინდა ვიფიქრო, რომ ეს განპირობებულია ფსიქოლოგიური ფონით, რომელიც პანდემიის გამო შეიქმნა, მაგრამ ამასთანავე, ვხედავ საზოგადოების ნაწილის განწყობას, რომელიც ფიქრობს, რომ შეიძლება ეს მძიმე პროცესი პოლიტიკური დაკვეთით იმართებოდეს, მით უფრო, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სიურპრიზები დაგვიანონსა. მაგალითად, წალკაში უცხოელების ოჯახზე თავდასხმა რაღა მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა, როცა ეს ხალხი, წლებია, იქ ცხოვრობს? რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ქვეყანაში არის ურთულესი და უმძიმესი მდგომარეობა პანდემიური ფონის გამო, რამაც უკიდურესად დაამძიმა ფსიქოლოგიური ფონი, ამის შემდეგ კი ობიექტურად არსებობს საფუძველი კრიმინალების გააქტიურების, თუმცა ეს შესაძლოა სუბიექტური ფაქტორებითაც იყოს წახალისებული...

- დამეთანხმებით, იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა... იმაზეც, თუ ვიღაცის დაკვეთით ხდება ამგვარი მძიმე დანაშაულები... აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა - ხომ არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კრიმინოგენული ვითარების კონტროლი ხელიდან გაექცა? - რასაკვირველია, ყველაფერზე - კარგზეც და ცუდზეც, პასუხისმგებელია ხელისუფლება, მაგრამ ვერ გავიზიარებ თქვენს ნათქვამს, რომ კონტროლი გაექცათ, რადგან ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, კრიმინალის კატასტროფული მატება არ ყოფილა და თუ იყო, ისეთ სფეროებში, სადაც კრიმინალური შემთხვევები მანამდე არ აღირიცხებოდა. ამას არ ვამბობ ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით. საქმე ის არის, რომ  როდესაც ბოლო წლებში დაიწყო ლაპარაკი კრიმინალის ზრდაზე, დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა და გავარკვიეთ, რომ პროცენტული მაჩვენებლით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან ნამდვილად არის განსხვავება, მაგრამ სწორედ დანაშაულის იმ სახეობების ხარჯზე, რომელთაც იმ პერიოდში საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება.

ბანკში შეჭრისა და მძევლების აყვანის შემთხვევებს ვერ ვიხსენებ, თუმცა ბანკების დაყაჩაღება, მკვლელობა, ბანდიტიზმი ამაზე არანაკლები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც. ამას ვამბობ 2019 წლის ჩათვლით, თუმცა 2020 წელს, განსაკუთრებით - კარანტინის დასრულებიდან მოყოლებული, ვითარება გაუარესებულია. ვფიქრობ, რომ ეს შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური ფონის ბრალია, რასაც განსაკუთრებით ართულებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

აქვე უნდა ვთქვა, რომ დანაშაულზე ხელისუფლების რეაგირება, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, თუმცა ვიმეორებ - ვერ ვიტყვი, რომ მათ პროცესის მართვა ხელიდან გაექცათ. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ დემაგოგიის ფაქტორიც, რასაც იყენებენ ოპოზიციური პარტიები და მათი რუპორი მედიასაშუალებები. თან დემაგოგიას ეწევიან ადამიანები, რომლებსაც, მორალის თვალსაზრისით, ხმა არ ამოეღებათ, მაგრამ საზოგადოების ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს განცხადებები მოქმედებს.

- თუ უახლოეს დღეებში ბანკზე თავდამსხმელის დაკავება ვერ მოხერხდა, როგორ ფიქრობთ, ეს კრიმინალებს ხომ არ წაახალისებს?

- სამწუხაროდ, დიახ. ამგვარი მძიმე ფაქტები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოქმედებს საზოგადოებაზე. ეს სერიოზული პრეცედენტია. მედალს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია და ამით სპეცოპერაცია წარმატებულია, მაგრამ, ამასთანავე, ის ბოლომდე წარმატებულად ვერ ჩაითვლება, თუ დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხერხდა. ბოლო დღეებში სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავდათ. მეც ვიცი ეს მაგალითები, ბევრგან მომხდარა ასეთიც და უარესიც, ამაზე დიდი თანხაც წაუღიათ და მათი კვალისთვის ვერ მიუგნიათ, მაგრამ არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში რა ხდება. მე არ მინდა, ჩემს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული განვითარების პროცესი ძალიან მყიფეა, ასეთი პრეცედენტები შეიქმნას. აუცილებლად უნდა ვახსენოთ პოლიციელი გალდავა, რომელიც არ შეშინდა, დაიწყო მოლაპარაკება, მძევლებს ჩაენაცვლა და ის ბიჭები, რომლებიც, როგორც ვიცი, საკუთარი ნებით ბოლომდე გაჰყვნენ მძევლად ბოროტმოქმედს.

- ერთი კვირა რჩება არჩევნებამდე. იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ზოგიერთ რეგიონში მოხდა - ვგულისხმობ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცემა-ტყეპასა და სროლასაც კი, წინ მძიმე კვირა გველოდება... - სამწუხაროდ, დაძაბულობის ტალღა სულ უფრო გაძლიერდება. ეს ყოველ არჩევნებს ახლავს, მაგრამ ახლა უჩვეულო ვითარებაში გვიწევს ცხოვრება ჩვენც და მსოფლიოსაც - ვგულისხმობ პანდემიას. ეს, ბუნებრივია, ბევრ რამეს ართულებს; თანაც ვხედავ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების დასაბრუნებლად. ბოლო კვირების განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ მათ თურმე ძალოვანების ნაწილი მხარს უჭერს და საჭირო შემთხვევაში მათ გამოიყენებენ. ჯერ სამხედროების რაღაც ჯგუფი გამოიყვანეს, მერე - ყოფილი პოლიციელების. პოლიციელებზე არაფერს ვიტყვი - იქ ვინც იყვნენ, არავის ვიცნობ, მაგრამ სამხედროების, ვეტერანების მართლაც გამკვირვებია, იმიტომ, რომ კარგად მახსოვს, რამდენიმე მათგანს "ნაციონალების" მმართველობის დროს მემორიალთან როგორ სცემეს, როდესაც სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჩანს, თავმოყვარეობაზე მეტად ამ ხალხში სხვა ბერკეტები მუშაობს. მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მეგობრები მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. ეს მათ ახასიათებდათ ხელისუფლებაში ყოფნისასაც და მერეც. ჩეხოვის ნათქვამისა არ იყოს, როდესაც პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, ის ბოლო მოქმედებაში აუცილებლად გაისვრის.

არ არის გამორიცხული, კონკრეტულ მომენტში მავანს სიტუაციის მართვის სადავე ხელიდან გაუსხლტეს - ასეც ხდება ხოლმე, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას - ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყანა მათთვის არის მეორეული, სამშობლო კი ცარიელი სიტყვაა და არა - ღირებულება. მთავარია, როგორმე საკუთარი პოლიტიკური მომავალი გაჩარხონ...

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომლებს საარჩევნო პროცესში იყენებს "ქართული ოცნებაც". - არ მესმის, ეს რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას". აქვე ვიტყვი, რომ აქამდე ქვეყანაში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელსაც საარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალოვანები არ გამოეყენებინა. ეს მავნე ტრადიცია ნამდვილად მოსაშლელია!

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა შედეგი გვექნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? მოგვიწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, თუ "ქართული ოცნება" მაინც შეძლებს ისე გამარჯვებას, რომ ერთპიროვნულად დააკომპლექტებს სამთავრობო კაბინეტს? - ამ ეტაპზე კვლავ ვერ ვხედავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, რადგან "ქართულ ოცნებას", მიუხედავად ყველაფრისა, გამარჯვების მაინც მეტი შანსი აქვს. არა იმიტომ, რომ ის ყველაზე მისაღები პოლიტიკური ძალაა, არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგე მთავარი ოპოზიციური ძალა უფრო მიუღებელია, მაგრამ ვითარება ისეთია, რომ საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას მოახდენს პანდემია. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ძალიან მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე. მიჭირს პროგნოზის გაკეთება იმიტომ, რომ ახალი და მოულოდნელი უბედურება ეწვია ქვეყანას და მსოფლიოს, რასაც პანდემიის მეორე ტალღა ჰქვია. ეს ცვლის ვითარებას, მათ შორის - საარჩევნო სიტუაციასაც. ხელისუფლების სიძლიერე, რაც პირველი ტალღისას თვალსაჩინო იყო, დღეს ასე აღარ ჩანს. ხალხი ამითაც გაღიზიანებულია. ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ხელიდან გაუსხლტა სიტუაცია, თუმცა მე ასე არ მგონია. ხელისუფლება, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რაღაც მდგომარეობაში შეენარჩუნებინა, იძულებული გახდა, შეღავათები დაეწესებინა, ამან კი ეს შედეგი მოიტანა. ჩვენს მეზობლებში უარესი მდგომარეობაა, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობთ, რადგან შევეჩვიეთ, რომ ჩვენ უკეთესად ვუმკლავდებოდით ეპიდპრობლემებს...

- არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას უკეთესად უნდა გამოეყენებინა ის დრო, რაც მკაცრი შეზღუდვების შემდეგ მიეცა ქვეყანას. ბოლოს და ბოლოს, სამედიცინო კადრები მაინც მოემზადებინა მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის უფრო მასშტაბურად... - სამწუხაროდ, ამ დეტალებში არ ვარ ჩახედული, მაგრამ არა მგონია, რომ რამე მიაყურისძირეს. ჩვენ მცირე რესურსების ქვეყანა ვართ და მეეჭვება, რომ ამაზე უკეთესად შეიძლებოდა მომზადება. შეხედეთ წამყვან ევროპულ ქვეყნებს, რა ხდება. თუმცა კონკრეტული მიმართულებებით, ანუ რაც თქვენ თქვით, ალბათ, უკეთესად შეიძლებოდა რაღაცების გაკეთება. მაინც მგონია, რომ ისეთი გარემოებები შეიქმნა, სიტუაციის ხელში დაჭერა ძალიან გართულდა. მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში არაფრით შეიძლებოდა, ტურისტული ობიექტებისთვის შეღავათები არ დაწესებულიყო - ეს ხალხი შიმშილით დაიხოცებოდა. გარდა ამისა, ამ ოთხთვიანი ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა იყო საჭირო, ადამიანებს სჭირდებოდათ სახლებიდან გასვლა.

ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაც უნდა დავინახოთ. როგორ ვიქცეოდით, ვიცავდით ან დღეს ვიცავთ წესებს?

ზოგიერთი ჩვენი მოქალაქისთვის კორონავირუსი კვლავაც არ არსებობს და გამოგონილია იმისთვის, რომ არჩევნებში ხელისუფლებამ გაიმარჯვოს. ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დაგვჩიპონ, ზოგისთვის ამერიკა გვებრძვის და ა.შ. მოკლედ, სულ მითებში ვართ და ჩვენს პრობლემებს ვაბრალებთ ყველას, საკუთარი თავის გარდა.

- მთიან ყარაბაღში კვლავ მძიმე ვითარებაა. სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი, როგორც ჩანს, კარგა ხანს არ დასრულდება. ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთში, შესაძლოა, საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნოს. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს რეგიონში სამხედრო რევანში სურთ, ამიტომ რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი ქვეყანაა. - დიახ, ის, რაც ახლა რეგიონში ხდება, კარგა ხანს არ დასრულდება. აქ მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომზე არ არის ლაპარაკი, აქ დიდი გეოპოლიტიკური ჭიდილია - სერიოზული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის და ნელ-ნელა ამ დაპირისპირებაში სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩათრეული. საბოლოოდ, სამწუხაროდ, ყველაფერი აუცილებლად გადატყდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე - თავისთავად ცხადია, აზერბაიჯანსა და სომხეთზე და ასევე საქართველოზეც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აზერბაიჯანი ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვა ისე, როგორც მას უნდა, ძალიან ცდება. ჯერ ერთი, ვერ გამოვა იმიტომ, რომ უდიდესი დარტყმა მიაყენა თავის საერთაშორისო პრესტიჟს ისლამისტების გამოყენებით. ამას უახლოესი წლების განმავლობაში ვერაფრით გამოასწორებს. სულ მიკვირდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება რატომ ებრძვის რელიგიური ფაქტორის გამოყენებას. ახლა გასაგებია - ისედაც ისეთი რთული ვითარება აქვს თავის რიგებში ისლამისტების მიღებით, ახლა რელიგიური ფაქტორიც რომ დაამატოს, აზერბაიჯანისთვის მთლად დაიხურება დასავლეთისა და ევროპის კარი.

ამას რა მოჰყვება, როგორ გაიზრდება ისლამისტების რაოდენობა რეგიონში? როგორ დაეტყობა ეს მთელ კავკასიას? რა ფორმით ჩაერთვება პროცესში ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთი? მოკლედ, ეს არის მრავალასპექტიანი პრობლემა.

რაც შეეხება სომხეთის მდგომარეობას, ისიც მძიმე სიტუაციაშია. ჯერ ერთი, სომხური არმია სამხედრო მარცხს მართლა განიცდის; ასევე ცხადად ჩანს, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ცდილობს წაუგებელ თამაშს და შუაში ჩადგომას მაშინ, როცა სომხეთს მისგან დახმარება სჭირდება. მოკლედ, სომეხი საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებულია...

ამავდროულად, ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, როდესაც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც სრულიად პასიურია. ხელისუფლებას ბევრს ვერაფერს მოსთხოვ ღია პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ საზოგადოების პასიურობა არ მესმის. ვის აღარ შევთავაზე, რომ უფრო მეტად ვიხმაუროთ და ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს, მაგრამ არ ინდომებენ - ამით არაფერი გამოვაო, რაც მცდარი მიდგომაა. ამ დროს ვისაც არ ეზარება, ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს, განსაკუთრებით - სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნიკურ უმცირესობებთან. ვერც წარმოიდგენთ, როგორი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს! ამ ყველაფერთან დაპირისპირებას სჭირდება აბსოლუტურად ახალი სტრატეგიის შემუშავება, რაზეც მუშაობენ თუ არა, არ ვიცი. ზატულინის განცხადება რატომ გაგვიკვირდა?! რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება? რა თქმა უნდა, არა. და რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს? ამიტომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმაური და საერთაშორისო თანამეგობრობის მოკავშირეობა. მაოცებს, როგორ ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი მტრები, როდესაც სომხურ და აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში იარაღის მთავარ მიმწოდებლად ლამის საქართველო გამოჰყავთ. ამ შავ პროპაგანდაზე მუშაობს რუსეთი, რომელიც თვითონ არის მთავარი მიმწოდებელი და არ გამორიცხოთ თურქეთიც. ქართველი საზოგადოება კი გადაჰყვა არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას! უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ იმ გამოწვევებსა და რისკებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე წარმოიშვა, ნელ-ნელა იზრდება და ხვალ-ზეგ უფრო სერიოზული გახდება.