"1938 წლის რუკის გაქრობა საქართველოს არქივებიდან სახელმწიფო მასშტაბის დივერსიაა" - კვირის პალიტრა

"1938 წლის რუკის გაქრობა საქართველოს არქივებიდან სახელმწიფო მასშტაბის დივერსიაა"

"არჩევნების გადადება "ნაცკლასტერს" აძლევს ხელს"

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე მწერალი კოტე ჯანდიერი გვესაუბრება.

- პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება. ვითარების სიმძიმეს ზოგი სახელმწიფო ინსტიტუტების ბრალეულობით ხსნის, ზოგი საზოგადოების დაუდევრობით. რატომ დავდექით ასეთი სიტუაციის წინაშე? - ვირუსის ამ უკონტროლო აფეთქებაში ცოტ-ცოტა ყველამ შეიტანა წვლილი. ის, რაც აგვისტოში აჭარაში ხდებოდა, ნორმალურ ადამიანს მაშინვე აფიქრებინებდა, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა:

არავითარი პირბადე, არავითარი დისტანცია, არავითარი თერმოსკრინინგი თუ დეზობარიერები დუქნებსა და მაღაზიებში; ორასკაციანი ქორწილები, სამასკაციანი ქელეხები, ზედახორა საკონდიტროებში, ზედახორა ღამის კლუბებში... რას უყურებდა ადგილობრივი ხელისუფლება? რატომ არ უწესებდა ელემენტარულ სანქციებს წესების დამრღვევებს?

კარგი, ვთქვათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ბიზნესი და მოსახლეობის შემოსავლებია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოაშიშვლა პანდემიასთან ბრძოლის ფრონტი. ცენტრალური ხელისუფლება ვერ ხედავდა ადგილობრივი ინსტიტუტების უმოქმედობას? დავიჯერო, ეპიდემიოლოგები არ აფრთხილებდნენ მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუ ყოვლისშემძლეობის ილუზია გაუჩნდათ და დაფნის გვირგვინი ნაადრევად დაიდგეს?

ხშირად გაიგონებდით, კორონა არა, ეგ სულ ტყუილიაო. ეს გონებაჩლუნგი "ყოვლისმცოდნეები" ბრძნული სახეებით ავითარებდნენ გიჟურ თეორიებს ხელისუფლების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მასონების თუ, კიდევ რა ვიცი, ვის პიარშეთქმულებაზე საქართველოსა და პლანეტა დედამიწის მოსახლეობის დემორალიზაციისა და გაყვლეფის მიზნით. ამ ვაიანალიტიკოსებს თავ-თავიანთი მრევლი ჰყავდათ და ახლაც ჰყავთ. არც ისე მრავალრიცხოვანი, თუმცა ხომ ჰყავთ? ხალხის უფრო დიდი ნაწილი კი ყოვლად უპასუხისმგებლოდ არ იცავდა უსაფრთხოების წესებს. ყოველივე ამის მიზეზია კრიტიკული აზროვნების, საღი აზრის მზარდი დეფიციტი ქვეყანაში, რაც, ჩემი აზრით, ჩვენი განათლების სისტემისა და მედიის მრავალწლიანი "მოღვაწეობის" ერთობლივი შედეგია.

ასეთ ვითარებაში მიაწყდნენ დასასვენებლად აჭარის კურორტებს საქართველოს ყველა კუთხიდან, ყველაზე მეტი თბილისელი დამსვენებელი იყო, და მოხდა ეპიდაფეთქება. დამსვენებელთა ეს უკონტროლო მასა დაუბრუნდა თავ-თავიანთ საცხოვრებელს და ვირუსი მარაოსავით გაიშალა მთელ საქართველოში. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო. ახლა ვიღაც პოლიტიკანები გვიმტკიცებენ, რომ ეს თურმე დენდროლოგიური პარკის ბრალი ყოფილა. როგორც ჩანს, სულელები ვგონივართ.

ამ დროს რას აკეთებს ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალა? საქართველოს სხვადასხვა რაიონში კრებს თავის შეთხელებულ მომხრეებს, ავტობუსებით ჩაჰყავს ეპიდემიის ეპიცენტრ ბათუმში და მასობრივ თავყრილობას მართავს ვირუსისგან თავდაცვის ელემენტარული წესების იგნორირებით.

რა უნდა ვიფიქროთ? ორი ვარიანტია: ან გონება იმდენად აქვთ დაბნელებული ძალაუფლების დაბრუნებისა და რევანშის წყურვილით, რომ არ იციან, რას სჩადიან, ან ამას გამიზნულად აკეთებენ, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უფრო დამძიმდეს და ხელისუფლება იძულებული გახდეს არჩევნები გადადოს. ეს "ნაცებისთვის" მაშველი რგოლია, ალბათ, იმიტომ, რომ ახლა მოგების შანსი არა აქვთ. მესამე ვარიანტი ლოგიკურად არ არსებობს.

ჩვენ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო, ძალაუფლების მანიაკური ჟინით შეპყრობილ და ყველაფერზე წამსვლელ ძალასთან, რომლის ხელახლა მოშვება ქვეყნის სათავეში დაუშვებელია. რაც შეეხება იმას, გაუძლებს თუ არა ამას ჯანდაცვის სისტემა და რა გველის?.. პირადად მე პესიმისტური პროგნოზი მაქვს, მაგრამ ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

- რას მოგვიტანს 31 ოქტომბერი, როგორ გამოიყურება წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი, ოპოზიცია, საზოგადოება? - როგორც უკვე ვთქვი, არჩევნების გადადება "ნაცკლასტერს" აძლევს ხელს.

რაკი გამარჯვების შანსი არა აქვთ, ვარაუდობენ, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება თანდათან კრიტიკულ სიტუაციას შექმნის ჯანდაცვის სისტემაში, საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ დაიტევს, მედპერსონალი ვეღარ აუვა ავადმყოფთა ასეთი რაოდენობის მოვლას, გაიზრდება სიკვდილიანობა, მთავრობა იძულებული გახდება ლოკდაუნი გამოაცხადოს, ეს კი მძიმე დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას, ბევრი მოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩება და ქუჩაში გამოვა ხელისუფლების დასამხობად. "ნაცებს" ასეთი სცენარი აწყობთ და ესიზმრებათ.

დღეს ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა, მეორე მხარეს კი ბუნებრივი მოკავშირეები კორონავირუსი და "ნაცმოძრაობა".

- არჩევნებამდე რამდენიმე საკითხი გააქტიურდა, მათ შორის ძალზე მნიშვნელოვანია დავითგარეჯაზე ატეხილი სკანდალი. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ საქმემ? - კარტოგრაფიასთან შეხება მქონია და ვიცი, რომ საბჭოთა კავშირის დროს და შემდგომაც საშუალო და მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები სახელმწიფოებრივი, სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომლებთან წვდომა შეზღუდულია და მათი გამოყენება შეუძლიათ შესაბამისი სტატუსის ან სპეციალური ნებართვის მქონე პირებს.

1938 წლის 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზედაც მკაფიოდ ჩანს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დღეს სადავო მონაკვეთი, საშუალებას იძლევა მკაფიოდ დავინახოთ, რომ დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს საზღვრებშია დატოვებული. ეს ხელმოწერილია ორივე მეზობელი რესპუბლიკის იმდროინდელი ხელმძღვანელებისა და საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მიერ. ამიტომაც წარმოადგენს ეს რუკა რეალურ არგუმენტსა და ინსტრუმენტს აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, რამაც გასული საუკუნის 90-იან წლებში იჩინა თავი. ასეთივე რუკები, მხარეების მხრივ ხელმოწერილი და დადასტურებული, ინახებოდა ბაქოშიც და მოსკოვშიც და ისინიც ისეთივე ორიგინალებია, როგორიც თბილისში დაცული რუკები. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საერთაშორისო ტერიტორიულ დავებში მხოლოდ ორიგინალებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილებები, ასლებს კი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ბუნებრივია, შევარდნაძის მთავრობამ ჰეიდარ ალიევთან მოლაპარაკების დაწყებისთანავე მოიძია 200 000-მასშტაბიანი რუკის ორიგინალი და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი არც სახელმწიფო და არც სხვა რომელიმე ქართულ არქივში არ იძებნებოდა, გამქრალი იყო. როგორც ვიცი, შევარდნაძემ დაიწყო მისი მოძიება - ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში დაიგზავნა მოთხოვნა და ა.შ., მაგრამ ორიგინალის გამოჩენა, ბუნებრივია, არც აზერბაიჯანულ მხარეს აწყობდა და არც კავკასიის დესტაბილიზაციით დაინტერესებულ კრემლს. ამიტომაც სადემარკაციო მოლაპარაკებას საფუძვლად დაედო არა ეს, არამედ 500 000-მასშტაბიანი რუკა, რომელზეც წვრილი მასშტაბის გამო გარეჯის კომპლექსის მდებარეობა მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ამოიკითხო. ბუნებრივია, საზღვრის ამ მონაკვეთზე შეთანხმება ვერ შედგა, მოლაპარაკება უსასრულოდ გაგრძელდა, საკითხი კი ღიად დარჩა.

1938 წლის რუკის გაქრობა საქართველოს არქივებიდან, ცხადია, სახელმწიფო მასშტაბის დივერსიაა და ამის ჩამდენი კანონის მთელი სიმძიმით უნდა დაისაჯოს. მე არ ვიცი, როგორ მოხვდა ეს რუკა ქალბატონ ილიჩოვასთან, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, ცხადია, მას, როგორც საზღვრების დელიმიტაციის კომისიის წევრსა და პროფესიონალს, წვდომა ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის კარტოგრაფიულ დოკუმენტებთან. ისიც ფაქტია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მას არ გაუმჟღავნებია რუკის ადგილმდებარეობა, რაც მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა.

საინტერესოა სააკაშვილის მთავრობის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. შევარდნაძის დროს ღიად დარჩენილმა საკითხმა მისი "მეფობის" დროს ხელახლა შეიძინა აქტუალურობა და აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე დაჟინებით წამოაყენა პრეტენზიები. სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია 1938 წლის რუკის მოსაძიებლად და მოლაპარაკება ისევ იმ 500 000-მასშტაბიან რუკაზე დაყრდნობით წარიმართა. მაღალი თანამდებობის პირები თავიანთ საჯარო განცხადებებში გარეჯის კომპლექსს აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებდნენ. ბერთუბანში მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ჩადგნენ - ყოველივე ეს მოვლენათა ხილული ზედაპირია, რა ხდებოდა მთავრობის კულუარებში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ასე რომ, თუკი ის უდანაშაულოა, პირიქით, უნდა აწყობდეს, რომ საკითხს ნათელი მოეფინოს, მაგრამ ოპოზიციის ისტერიკული კივილი დაკავებულთა უდანაშაულობასა და ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკებზე იმის დასტურია, რომ დინგი მოსვრილი აქვთ და მხილების ეშინიათ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დასაცავია ნებისმიერ დროს - არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც და არჩევნების მომენტშიც, მაგრამ ამათ ხომ ეს არ აღელვებთ.

- ამ ყველაფერთან ერთად სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას ერთმანეთთან ომი აქვს. საქართველო მაქსიმალურად ცდილობს მეზობელ სახელმწიფოებთან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, თუმცა ეს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე არ არის ადვილი. ამას ემატება რუსეთის როლიც, რომელიც დაძაბულობაში ვითომ არ ერევა, მაგრამ აშკარად ცდილობს რეგიონში გავლენის გაფართოებას; ორივე მხარეს მუშაობს დეზინფორმატორთა არმიაც. როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბეწვის ხიდზე როგორმე მშვიდობიანად გავიაროთ?.. - ჩვენთვის მართლაც ძალიან სახიფათო პროცესს ვადევნებთ თვალს. თურქეთის გავლენის გაძლიერება აზერბაიჯანში, ფაშინიანის დასუსტება, ხოლო ყარაბაღული კლანისა და მისი მფარველი კრემლის გავლენის უფრო გაძლიერება სომხეთში, ამერიკაში მიმდინარე არაპროგნოზირებადი პროცესების ფონზე, შესაძლოა ამიერკავკასიაში ძალთა ბალანსის დარღვევამდე მივიდეს. ამ სიტუაციაში ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ხელისუფლების შეცვლა კოალიციური მთავრობით საქართველოსთვის ძალიან მაღალი რისკების შემცველი იქნება. კოალიციური მთავრობა იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მრავალპარტიული მართვის გამოცდილება, ჩემი აზრით, კოლექტიურ უპასუხისმგებლობას ნიშნავს. პანდემიისა და ყარაბაღში მიმდინარე ომის ფონზე ამან შეიძლება უმძიმესი შედეგები მოუტანოს საქართველოს.

ლალი პაპასკირი