"რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი, თუ მისი "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს?" - რას წერს "ვაშინგტონ პოსტი" სააკაშვილსა და ივანიშვილზე?
25-10-2020
"რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი, თუ მისი "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს?" - რას წერს "ვაშინგტონ პოსტი" სააკაშვილსა და ივანიშვილზე?
აშშ-ის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტ“-მა («The Washington Post») გამოაქვეყნა სტატია სათაურით "საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინიდან პოლიტიკურ დაბრუნებას ცდილობს“, რომელშიც, საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო ვითარების ფონზე, ყურადღებაა გამახვილებული როგორც ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების“, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის პოლიტიკურ პერსპექტივაზე.
გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:
------------
წინასაარჩევნო მიტინგს ყველა ატრიბუტი ჰქონდა - შეკრებილი ხალხი, პლაკატები, მისალმებები, შეძახილები. მოკლედ, მიტინგზე ყველაფერი იყო, არ იყო მხოლოდ პარტიის ლიდერი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა
მისი გამოსახულება შავიზღვისპირა საპორტო ქალაქ ბათუმში 16 ოქტომბერს შეკრებილ მომიტინგეებს გიგანტური ეკრანიდან უყურებდა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი ორი ვადით იყო, შეიძლება ამომრჩევლებს პრემიერ-მინისტრის რანგში მოევლინოს. იგი ამჟამად ემიგრაციაშია და უკრაინის მთავრობაშია დასაქმებული, მას ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული იმ
ქვეყანაში, რომლის პოლიტიკაშიც იგი დაბრუნებას იმედოვნებს. ასეთი გაბედული გამბიტი შეიძლება მოხდეს 31 ოქტომბერს იმ შავიზღვისპირა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ნატოს წევრ თურქეთსა და რუსეთს შორისაა მოქცეული.

ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა შეიცვალოს მმართველობა იმ პარტიისა, რომელსაც საქართველოს უმდიდრესი ოლიგარქი და ქვეყნის ფაქტიური ლიდერი ხელმძღვანელობს. ამას ემატება რუსეთის გავლენის საფრთხეც ქვეყნისათვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის და რომელსაც რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი სეპარატისტული რეგიონი აქვს.
საინტერესოა, რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, თუ არჩევნებში მისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც გაიმარჯვებს.

მოქალაქეობის გარეშე: მოკლე ისტორია

2015 წელს, როცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა უკვე თვითონ პეტრო პოროშენკომ, მაგრამ დაუბრუნა ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომელმაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი რეფორმების გამტარებელი სტრუქტურის ხელმძღვანელად დანიშნა. ამის საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, საქართველომ უკრაინიდან თავისი ელჩი გაიწვია, რომელიც კიევში დღემდე არ დაბრუნებულა.

2018 წელს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე ბრალდებით დაუსწრებლად იქნა გასამართლებული და საბოლოო ჯამში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა... იგი ბრალდებებს უარყოფს, მისმა მხარდამჭერებმა კი ჩათვალეს, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

ჯერ-ჯერობით საქართველოს ოფიციალურ პირებს საჯაროდ არ გაუკეთებიათ კომენტარი იმაზე, თუ რა იურიდიული შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის [პარტიის] გამარჯვებას: მისი მსჯავრდებულობისა და მოქალაქეობის საკითხი პრობლემად რჩება.
"ხალხს რვა წელი არ ვუნახივარ, მხოლოდ ეკრანი მეშვეობით გვაქვს ურთიერთობა“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქში“ ბათუმში ჩატარებული მიტინგის შემდეგ, რომელიც მან ქალაქის ისტორიაში უდიდესად შეაფასა, თუმცა რადგანაც მისი მტკიცების სიზუსტე არ დასტურდება, ასეთი შეფასება უფრო მიხეილ სააკაშვილის ბრავადას (ყოყოჩობას) ჰგავს.

"ვარდების რევოლუცია“

მიხეილ სააკაშვილისათვის მოულოდნელი სიტუაციები უცხო არ არის. 2004 წელს - მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის დიდი ხნის ლიდერი ედუარდ შევარდნაძე დაამხო - იგი პრეზიდენტად აირჩიეს, ხმების 96%-ით. მიხეილ სააკაშვილის [მთავრობის] მიერ გატარებული რეფორმებით საქართველო, რომელიც მანამდე კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, გადაიქცა ისეთ საიმედო ქვეყნად, რომელსაც ("ოდესმე“) ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება აღუთქვეს.

მაგრამ მეორე ვადით მმართველობის დასასრულს, 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი შერყეული აღმოჩნდა: ამისთვის მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი გახდა 2008 წელს რუსეთთან მომხდარი კატასტროფული ომი, რომლის შედეგად საქართველომ სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაკარგა - ისევე როგორც კიდევ ერთი რეგიონის - აფხაზეთის ნაწილზეც.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაიმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი პრეზიდენტობის ვადა თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც დაუმთავრდა.

სხვაობა გამოკითხვების შედეგებში

საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მოწმობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, წინ რთული პრობლემები ელოდება. დღეისათვის ლიდერობს "ქართული ოცნება“, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პარტია მეორე ადგილზეა..

ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა და შესაბამისად, ითვლება, რომ რუსეთთან საქმიან კავშირებს ისევ ინარჩუნებს. ამის გამო მისი ზოგიერთი კრიტიკოსი ეჭვობს, რომ ოლიგარქს კრემლთან მჭიდრო კონტაქტები აქვს. რასაკვირველია, ამ ბრალდებას "ქართული ოცნების“ ლიდერი უარყოფს. გასახსენებელია რამდენიმე მომენტი:

გასული წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში მიიწვია რუსეთის დელეგაცია, რომლის მეთაური პარლამენტის ტრიბუნიდან რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა. ამ ფაქტმა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაცია გამოიწვია;

ცოტა ხნის წინათ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვით, რუსეთის "გრუ“-ს თანამშრომლები მთელ მსოფლიოში განხორციელებულ კიბერშეტევებში არიან დადანაშაულებულნი. ისინი ეჭვმიტანილები არიან აგრეთვე 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ კიბერდანაშაულშიც, როცა სამთავრობო სტრუქტურების საიტებზე მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი და ფრაზა "მე დავბრუნდები“ გამოჩნდა.

აგვისტოს თვეში დევნილი რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის კუთვნილმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, კრემლი პირდაპირ მართავს და აფინანსებს პარტია "პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიას. ბუნებრივია, პარტიის ლიდერმა ეს ინფორმაცია უარყო.

"რუსეთი აქტიურად იყენებს რიგ პოლიტიკურ ძალებს და სხვა უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებს კრემლის ფეიკური ინფორმაციების გასავრცელებლად, რითაც საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას თესავს სასურველი მიზნის - საქართველოს დესტაბილიზების მისაღწევად“, - განუცხადა "ვაშინგტონ პოსტს“ არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Georgia-ს დირექტორმა ეკა გიგაურმა, - ქვეყნის მთავრობა კი, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს“.

ბიზინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასა“ და მიხეილ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გამართული ჭიდილზე გავლენას ახდენს აგრეთვე მეზობლად, აზერბაიჯანში არსებულ სომხურენოვან ანკლავში - მთიან ყარაბაღში მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომი: მართალია, საქართველოს ოფიციალურად ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი მხარის პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ იგი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად თვლის.

კორონავირუსის ფაქტორი

დღეისათვის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო ფაქტორად "კოვიდ-19“-ის - კორონავირუსის პანდემია ითვლება.
"ქართული ოცნების“ პოპულარობამ მნიშვნელოვნად იმატა კორონავირუსის თავდაპირველი გამოვლენის დროს, როცა მთავრობამ ინფექციური დაავადების ეფექტური მართვა განახორციელა, მაგრამ ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს: თუ პირველ სექტემბერს მხოლოდ 1510 დაავადებული და 19 გარდაცვლილი იყო, 21 ოქტომბრისათვის მათმა რაოდენობამ უკვე 20 ათას დაავადებულს და 158 გარდაცვლილს მიაღწია.

"კოვიდ-19“-ის გავრცელების პირველ ეტაპზე მიღებული მკაცრი ამკრძალავი ზომების ეკონომიკური შედეგები უმუშევრობის მკვეთრ ზრდაში და ქართული ვალუტის - ლარის კურსის რეკორდულ დაცემაში გამოიხატა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგმო მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ბათუმური მიტინგი და ის "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედებად“ შეაფასა - იმიტომ, რომ იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს არც პირბადე ეკეთა და არც სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ. და ეს მოხდა იმ რეგიონში, სადაც ბოლო დროს ყველაზე მეტი კორონავირუსით დაინფიცირებულია ქვეყნის მასშტაბით.

ამასობაში კი წვრილ პარტიებს იმედი აქვთ რაღაც სარგებელს ნახავენ იმით, რომ მოსახლეობა ამგვარი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ბევრია "ქართული ოცნებით“ იმედგაცრუებული და იმავდროულად ბევრ ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაც არ სურს. "მუშტი ბიძინას, იდაყვი - მიშას“, - ეს ლოზუნგი პარტია "ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ

29 ოქტომბერი 2020 06:03
წალეკვა ლეკი იგივე ლექი ნალექი.... ლეკიანში სამი ძმანი მუშაობდნენ ყანასა....
ალექს
27 ოქტომბერი 2020 06:20
გამორიცხეთ ყოველგვარი რევოლუცია და და კანონიერი თუ უკანონო გზით ნაშოვნის ექსპროპრიაცია , ყველას ყველაფერი , რის დეკლარირებასაც მოახდენს აქაც და რაც გარეთ გაიტანა, იმისაც, დაუკანონდეს უნდა და იხადოს გადასახადი, შექმნას სამუშაო ადგილი, არავითარი ოფშორი, იყიდონ პანამაქს ტევადობის გემები და კი ბატონო , ყავდეთ ოფშორში, ბოინგებიც შეიძლება,ორივენაირი ! იახტები ბათუმში დაარეგისტრირონ , ვერტმფრენებიც და 12 ადგილამდე ტევადობის თვითმფრინავებიც ! მორჩა სოჩა , აღარაა ჩვენი, ქვედრულას მივხედოთ , არ ადიდდეს, წაგვლეკავს ! რა საინტერესოა სიტყვა წალეკვა ლეკისგან მოდის ?!
სიმართლე.
26 ოქტომბერი 2020 09:54
ამ ქვეყანაში, შევარდნაძიდან მოყოლებული, ყველაფერი გათამაშებული როგორ უნდა იყოს.

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები