"არ არის გამორიცხული, ორმა დიდმა მოთამაშემ რეგიონი გაიყოს და მივიღოთ რუსულ-თურქული კორპუსი" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ორმა დიდმა მოთამაშემ რეგიონი გაიყოს და მივიღოთ რუსულ-თურქული კორპუსი"

"ევროპელ ლიდერებს ბევრის არც არაფრის გაკეთება შეუძლიათ, აგრესიის შეწყვეტის მოწოდების გარდა"

"ყარაბაღის ომი ცხადყოფს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება", - ვკითხულობთ გერმანულ რადიოსადგურ "დოიჩე ველეს" ვებგვერდზე რუსი პოლიტოლოგის ფიოდორ კრაშენიკოვის სტატიაში. მიმომხილველის აზრით, მოსკოვში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმის დემონსტრირებაა, რომ კრემლის საგარეო-პოლიტიკური ამბიციები არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ზეგავლენის მოსახდენად. სანამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდებოდა და შემდეგ დაირღვეოდა, ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ყარაბაღის ომი რუსეთის ინსპირირებული, მართული და კონტროლირებადი იყო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დღეიდან მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით.

შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში.

რა პროცესები შეიძლება განვითარდეს კავკასიაში, რა როლს ითამაშებენ ამ პროცესში რუსეთი, თურქეთი, ირანი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.

- ყარაბაღის კონფლიქტის ინსპირირება კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგის გამოძახილია, თუმცა ფაქტია, დღეს რუსეთს მართვის სადავეები გაექცა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განვითარებული პროცესები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ვითარება ხელიდან გაგექცეს, როცა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობ კრიზისის შენარჩუნებასა და მართვას.

ოფიციალური მოსკოვისგან ბაქო ყოველწლიურად 2-3 მილიარდი დოლარის იარაღს ყიდულობდა, პარალელურად კრემლი ერევანსაც უწევდა სამხედრო დახმარებას. ასეთი მიდგომით ის აზერბაიჯანისა და სომხეთის მილიტარისტულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ორი დაპირისპირებული, ენდემური კონფლიქტის მქონე საზოგადოების მილიტარიზაციის საბოლოო შედეგი შეიარაღებული დაპირისპირებაა.

- აზერბაიჯანს, თუნდაც თურქეთიდან ზურგგამაგრებულს, შეეძლო ეს კონფლიქტი რუსეთთან შეუთანხმებლად წამოეწყო? - თურქეთის დახმარების იმედისა და რუსეთისგან მწვანე შუქის გარეშე, არა მგონია, ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.

- გასაგებია, რომ რუსეთს აწყობს კავკასიაში მცირემასშტაბიანი კონფლიქტები, თუმცა რას შეიძლება გამორჩეს ფართომასშტაბიან დაპირისპირებას, რომელშიც შესაძლოა თურქეთი და ირანიც კი ჩაერთონ? - არ არის გამორიცხული, მოსკოვი 90-იანი წლების სცენარს იმეორებდეს. მაშინაც ორივე მხარეს დაეხმარა, ორივე განსაზღვრულ სტატუს კვომდე მიუშვა და შემდეგ ჩაერია. საბოლოოდ, ყარაბაღში გამარჯვებამ გეოპოლიტიკურ მძევლად აქცია და დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან სახმელეთო იზოლაციაში მოაქცია არა მარტო სომხეთი, მთლიანად რეგიონი. მაშინ ყარაბაღის კონფლიქტმა კავკასიის რეგიონს მსხვილი საერთაშორისო აქტორების თვალში ღირებულება დაუკარგა, შემცირდა ნატოსა და ევროკავშირის ინტერესები. შესაბამისად, ხელსაყრელი გარემო შეიქმნა რუსული დღის წესრიგისთვის. თუმცა დღეს რუსეთს რეგიონში კონკურენციას უწევს ხან მოკავშირე და ხან მტერი თურქეთი. ეს კონფლიქტს რეგიონული დაპირისპირების სახეს აძლევს. ერთ მხარეს რუსეთის ინტერესია, მეორე მხარეს - თურქეთის. გრძელვადიან პერსპექტივაში არც ირანის ინტერესი უნდა გამოვრიცხოთ. შედეგად, რეგიონი მსხვილი აქტორების ინტერესთა გადაკვეთის მწვავე არეალად გადაიქცევა.

- როგორი შეიძლება იყოს თურქეთის პოზიცია, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული როლის შესრულებაზე აქვს პრეტენზია? - არ არის გამორიცხული, სამხრეთით გაზრდილი რუსეთი და თურქეთი მივიღოთ... ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ანკარა ბაქოს დარწმუნებას სამხედრო აგრესიის შეწყვეტის აუცილებლობაში. რა სურს რუსეთს? სურს საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაარწმუნოს, რომ რეგიონში რუსი სამშვიდობოების გარეშე სტაბილურობა შეუძლებელია. როგორც უნდა წარიმართოს მოვლენები ყარაბაღში, თუნდაც იმ ნაწილში, რომელსაც სომხეთი შეინარჩუნებს, რუსეთი შეეცდება თავისი საჯარისო ნაწილები ჩააყენოს. ეს გაამყარებს სამხრეთ კავკასიაში მის გავლენას, ხოლო სომხეთს მიანიშნებს, რომ რუსული ორბიტის იქით გზა არა აქვს. სხვათა შორის, სომხეთი ბოლო წამამდე იკავებდა თავს კონფლიქტში ჩართვისგან და ახლაც დიდი სიფრთხილით ეკიდება რუსი სამშვიდობოების გამოჩენას. იცის, რომ ეს ნიშნავს სტატუს კვოს ძალზე ცუდ ფორმაში გაყინვას, რაც პერსპექტივაშიც კი გამორიცხავს გრძელვადიან სრულფასოვან სამშვიდობო პროცესს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ "მუშაობენ" რუსი სამშვიდობოები აფხაზეთსა და ცხინვალში - სამშვიდობო მანდატს არასდროს იცავენ და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობენ. ასეთი რეალობა ხანგრძლივად დაამაგრებს სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც მოსკოვის ორბიტაზე.

- თურქეთს დეკლარირებული აქვს ოსმალეთის იმპერიის აღდგენა და აზერბაიჯანის რუსეთის ორბიტაზე დამაგრებას შეეგუება? - სწორედაც არ შეეგუება. თავის მხრივ, თურქეთიც ცდილობს პოზიციის გამყარებას. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ამ ორმა დიდმა მოთამაშემ რეგიონი გაიყოს და საბოლოოდ მივიღოთ რუსულ-თურქული კორპუსი - თურქული აზერბაიჯანის მხარეს, ხოლო რუსული - სომხურ მხარეს. ეს საქართველოსთვის არ იქნება სახარბიელო სცენარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი საერთაშორისო არენაზე სტაბილური განვითარების სივრცედ იქნეს აღქმული. ჩვენ დასავლური კურსით ვცდილობთ რუსული საფრთხის დაბალანსებას. ასეთი გარემოს შექმნა ძალიან სახიფათოა. არსებობს კიდევ ერთი რისკი - თუ ომი გაგრძელდა, დაბრკოლება შეგვექმნება სომხეთსა და აზერბაიჯანში ტვირთების გადაზიდვაში, ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია და ომის თითოეული დღე ქართული ეკონომიკისთვის გრძელვადიანი დანაკარგია.

- ერთმნიშვნელოვნად მივაკუთვნეთ სომხეთი რუსულ მხარეს. რატომ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული? - იმიტომ, რომ სომხურ პოლიტიკურ ელიტას არჩევანი არა აქვს. სომხეთი თავისმა ისტორიულმა მეხსიერებამ და კიდევ ბევრმა გარემოებამ ვითარების მძევლად აქცია და დღეს არა აქვს იმის ფუფუნება, ბოლომდე სუვერენული იყოს. დღეს სომხეთის პოლიტელიტა კავკასიის რეგიონში ყველაზე მეტად იცავს დემოკრატიულ პრინციპებს. ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა სომხების დახმარების თხოვნას წაუყრუა, ისიც არის, რომ კრემლისთვის მიუღებელია დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მისთვის აზერბაიჯანის ავტორიტარული მმართველობა უფრო ახლობელია.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რუსეთი ფიქრობდეს, ერთი მხრივ, სომხეთს აზერბაიჯანელების განადგურებისგან გადაარჩენს (სომხეთში მუსირებს აზრი, რომ თურქეთს სურს აზერბაიჯანელების საშუალებით 1915 წელს დაწყებული გენოციდი ბოლომდე მიიყვანოს), მეორე მხრივ, აზერბაიჯანს მისცემს საშუალებას, დაიბრუნოს ყარაბაღის ნაწილი და ამით ბაქოსა და ანკარასთან ქულებს ჩაიწერს. რაც შეეხება თურქეთის დეკლარირებულ განაცხადს ოსმალეთის იმპერიის აღდგენის შესახებ, ქართველი და სომეხი ექსპერტების ნაწილის აზრით, პანთურქიზმი რეალური პრობლემაა რეგიონში, მაგრამ თურქეთს ამის ხორცშესხმისთვის რესურსი არა აქვს.

წესით, არც უნდა სურდეს. თავის დროზე, ოსმალეთის იმპერია სწორედ თავისმა სიტლანქემ შეიწირა. ამ რიტორიკას ერდოღანი შიდა პოზიციის განსამტკიცებლად, ეროვნული იდეოლოგიის შესაქმნელად და ჭრელი თურქი საზოგადოების კონსოლიდირებისთვის იყენებს. იმპერია, თურქული იქნება, რუსული თუ ბიზანტიური, ბევრ განსხვავებულ კულტურას აერთიანებს. თურქული პანოსმანიზმი მაინცდამაინც ტერიტორიულ ექსპანსიას კი არ ნიშნავს, ეს შეიძლება გამიზნული იყოს სხვადასხვა ერის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებისთვის.

- ეს ერთი იდეა ხომ შესაძლებელია ისლამისტური რელიგია იყოს? ფრანგულ პრესაში უკვე ხშირად იბეჭდება სტატიები, რომ თურქეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიანურ რესპუბლიკებში, კერძოდ, ჩეჩნეთში, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. - ამას თურქეთი 90-იან წლებშიც აკეთებდა, თუმცა არა იმდენად ჩეჩნეთში, რამდენადაც ჩერქეზული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებში.

კავკასიაში ისლამიზმის რეკანონიზაცია 90-იანი წლებიდან იწყება. თურქეთს ამის პოტენციალი აქვს და თუ დასჭირდება, გამოიყენებს.

- იყო მოლოდინი, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გააქტიურებას ირანის კონტრრეაქცია მოჰყვებოდა, თუმცა დღემდე მხოლოდ გამაფრთხილებელ განცხადებებს ვისმენთ. - ირანი ჩაერთვება იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობს, რომ მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება და მასთან დაპირისპირებული ძალები სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებენ. მართლაც იყო მოლოდინი, რომ ირანი თურქეთის გააქტიურებას უპასუხოდ არ დატოვებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ თურქეთი და ირანი, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში, გარკვეულწილად ფრონტის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. მაშინ როცა თურქეთსა და არაბულ სამყაროს (სპარსეთის ყურეს ვგულისხმობ) შორის ურთიერთობა მკვეთრად უარესდება და ამ ქვეყნებს ირანთანაც რთული ურთიერთობა აქვთ, შესაძლოა თურქეთმა და ირანმა საერთო მეტი გამონახონ, ვიდრე გამყოფი.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ დროს დასავლეთი დაბნეულია. - ასეც არის, რადგან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია - ერთი მხრივ, ყველას სურს რეგიონში მშვიდობა, მეორე მხრივ კი დასავლეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, აზერბაიჯანი კი საკუთარ ქვეყანაში აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს და მას ღია აგრესიაში ვერ დაადანაშაულებ, ვერც სანქციას დაუწესებ შესაჩერებლად. ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი ჩათვლის, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რაც განაპირობებს აზერბაიჯანული და თურქული ღერძის გაძლიერებას. აქედან გამომდინარე, ევროპელ ლიდერებს ბევრის არც არაფრის გაკეთება შეუძლიათ, აგრესიის შეწყვეტის მოწოდების გარდა.

იხილეთ ასევე: "მგიმო"-ს ლექტორი ალიევი ჟურნალისტ ფაშინიანის წინააღმდეგ... შეუძლიათ თუ არა ერთმანეთთან მოლაპარაკება?" - რას წერს რუსული გამოცემა?

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)