"არჩევნების წინ რაღაც ძალიან სკანდალურს ველი..." - კვირის პალიტრა

"არჩევნების წინ რაღაც ძალიან სკანდალურს ველი..."

"ოპოზიცია ქმნის აგრესიულ ველს და ცდილობს ხალხს ნამდვილი შოუ მოუწყოს"

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიები თითქმის ყოველთვის შიშის დათესვითა და აგრესიით იყო გაჯერებული. რა ხდება ამჯერად?! წინ გვაქვს არჩევნები კოვიდის თანხლებით და ეს მართლაც რაღაც ახალია... რას სთავაზობენ პოლიტპარტიები ელექტორატს და როგორია ამა თუ იმ ძალის სტრატეგია, ამ საკითხებზე ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გვესაუბრა.

- ამჯერად ოპოზიცია გაერთიანდა და მხოლოდ ერთ ძალას უპირისპირდება. ბევრ მათგანს ერთმანეთი არ მოსწონს, რადიკალურად განსხვავებულებიც არიან, მაგრამ ამ საკითხში გაერთიანება შეძლეს. ეს მახსენებს იმ პერიოდს, როდესაც ივანიშვილმა შემოიკრიბა სხვადასხვა ძალა (ოღონდ შერჩევის პრინციპით) და ისე დაუპირისპირდა "ნაცმოძრაობას". რაც შეეხება საარჩევნო კონიუნქტურას, ისევ ისეთია - ის იგებს, ვინც უფრო აგრესიულია! თუმცა, ერთ ამბავს გავიხსენებ: ვიდრე ბალტიისპირეთი საბჭოთა კავშირიდან გავიდოდა, ამ ქვეყნების ეროვნულ მოძრაობაში აქტიურობდა ორგანიზაცია "საუდისი", რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ - არასწორი სტრატეგია გაქვთ, ამბობთ, რომ ყველაფერი საბჭოური უნდა დაინგრეს, მოისპოს, გადაშენდეს, განადგურდეს, ჩვენ კი ვაპელირებთ იმაზე, რომ გვინდა მეტი თავისუფლება, პროგრესი, უკეთესი ცხოვრება! ანუ მათი პროტესტი უფრო პოზიტიური იყო... ჩვენ ვაწყობთ სტრატეგიას იმაზე, თუ რა არ გვინდა და არა იმაზე, რა გვინდა, რომ მივიღოთ. ეს სტრატეგია ახლაც იგრძნობა - პარტიები ამა თუ იმ თემით ტეხენ აჟიოტაჟს და გამოირჩევიან აგრესიით...

- პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ხელისუფლება კოვიდთან ერთად კომფორტულად მოკალათდა ნავში და ახლა მისი საშუალებით ცდილობს ნაპირზე გაღწევას. ვირუსის თემა ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს? - ვერ ვიტყვი, რომ ასეა... კოვიდი იქნება თუ სხვა თემა, არა აქვს მნიშვნელობა. თუკი რაიმე კარგს გააკეთებს ხელისუფლება, ოპოზიცია მასში მაინც ეჭვს შეიტანს, თუ ვერ გააკეთებს, მუდმივად წამოაძახებს!..

- არსებობს მოსაზრება, რომ "ქართულ ოცნებას" აწყობს, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთთან... არ ფიქრობთ, რომ ვირუსის გამო ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არ გამოცხადდება უბნებზე? - რატომ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი შეშინდება და არ მივა არჩევნებზე?

- უფრო სავარაუდოა, რომ "ოცნებაზე" გაბრაზებული ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და ხმა ოპოზიციას მისცეს, ნეიტრალური ამომრჩეველი კი კოვიდის შიშით შინ დარჩეს... - გეთანხმებით, რომ მოსალოდნელია, ამ შიშს პოლიტიკური თემებისადმი გულგრილობა ახლდეს, თუმცა ვფიქრობ, მაინც საერთო ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გვაქვს საქმე და ვვარაუდობ, რომ არჩევნებზე არმიმსვლელთა რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება სხვადასხვა პარტიისა თუ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებზე.

- როგორ გამოიყურებიან პოლიტიკური ძალები, რას სთავაზობენ ამომრჩეველს და თქვენი აზრით, ვინ უფრო აგრესიულია? - "ქართული ოცნების" სამიზნე ისევ და ისევ წინა ხელისუფლებაა და ის "ნაცმოძრაობისა" თუ მისი დანაყოფების დისკრედიტაციით არის დაკავებული. სხვა დანარჩენი, აგრესიულია ყველა... ოპოზიცია ქმნის აგრესიულ ველს და ცდილობს ხალხს ნამდვილი შოუ მოუწყოს. მათ პოლიტიკური სახელმძღვანელოდან აღებული აქვთ მოქმედების შემდეგი სქემა:

1. თუ ხარ ოპოზიციაში, ყველაფერი უნდა იღონო, რომ ხელისუფლება დააცილო ხალხს; 2. მუდმივად უნდა იძახო, რომ ხელისუფლება ხალხის ფულით ცხოვრობს და აჩვენო ვიზუალური მასალაც, როგორ გადმოდის მდიდარი ჩინოვნიკი ბოლო მოდელის ავტომობილიდან ან რესტორნიდან გამოდის დანაყრებული, პარალელურად კი აჩვენო კადრი, როგორ იქექება მშიერი ადამიანი ნაგვის ურნაში; 3. მუდმივად უნდა იძახო, რომ ხელისუფლებაში მყოფები არიან რეტროგრადები და წარსულის ნაწილი, საკუთარ ძალას კი "რეფორმატორი" და "მომავალი" უწოდო...

ასეა თუ ისე, "ნაცმოძრაობას" ჰყავს ფანატთა ჯგუფი, რომელიც ხმას აუცილებლად მას მისცემს. "ოცნებას" ნაკლებად ჰყავს ფანატები, თუმცა მას მხარს უჭერს "ნაცმოძრაობის" ანტიფანატთა ჯგუფი, რომლებიც აყოლილი არიან მოწოდებას: "ოღონდ ისინი არ მოვიდნენ!.." "ევროპულ საქართველოს" თემატურად კარგი პოზიცია აქვს - არც "ნაცები" მოსწონთ და არც "ქოცები", თუმცა "დამძიმებული" არიან წინა ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებით. "ლელოს" ცალკეული პირები და პოლიტიკური სახეები მეტ-ნაკლებად მისაღები არიან, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, როგორია ამ ძალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება. შესაძლოა ახალ სახეებს აკლდეთ პოლიტიკური გამოცდილება, ძველებს კი რეიტინგი. "სტრატეგია აღმაშენებელი" რიგ საკითხებს თითქოს კონსტრუქციულად უდგება, კარგ დაპირებებსაც იძლევა, თუმცა ხშირად უჭირს ახსნა, როგორ შეძლებს ამის შესრულებას. ამასთან, სარეკლამო სმს-ებს ჭარბად აწვდის მოსახლეობას, რაც ცოტა მომაბეზრებელია...

- არ ფიქრობთ, რომ "მიშა მოდის" ძახილით ადრე უფრო ეფექტიანი იყო ამომრჩევლის შეშინება?

- შესაძლოა, თუმცა ეს მაინც მოქმედებს მოსახლეობის დიდ ნაწილზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ "ოცნება" ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუმცა პარლამენტში შევლენ სხვა პოლიტიკური ძალებიც და ის ჭრელი იქნება. მოგეხსენებათ, 15 ათასმა ამომრჩეველმა უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალას ხმა, რომ მან პარლამენტში ერთი ადამიანის გაყვანა შეძლოს. შესაბამისად, ამის შანსი ბევრს ექნება. ასე რომ, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ყველაზე საინტერესო პროცესები წინ არის. მთავარი პოლიტიკური თამაშები უკვე პარლამენტში დაიწყება...

- და ბოლოს, როგორ აფასებთ ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვის ფაქტს, რამდენად სწორად იმოქმედა ხელისუფლებამ? - მძევლად აყვანის შემთხვევაში არის ოთხი კონცეფცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს. 1. ისრაელის მოდელი. იქ თუ ვინმემ მძევალი აიყვანა, მძევლიანად განადგურდება; 2. ამერიკული კონცეფცია. ხელისუფლებამ მკაცრი მიდგომა უნდა გამოიჩინოს, მაგრამ საბოლოო გასროლამდე მოლაპარაკების შანსები უნდა გამოიყენოს; 3. ეს კონცეფცია შედარებით ნაკლებ სიმკაცრეს გულისხმობს და უფრო მძევლის სასარგებლოდ იხრება; 4. კონცეფცია, რომლის მიხედვით - "ოღონდ მძევალს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს და ყველაფერზე თანახმა ვართ".

ადრე ფსიქოლოგებიც ჩართული ვიყავით ამ კონცეფციების შერჩევაში და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის უფრო მისაღები იყო ამერიკული მოდელი, რადგან ქართველთან ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება, ქართველ კრიმინალს აქვს ეს თავისებურება... თუმცა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ იმოქმედა მოდელით: "ოღონდ მძევალს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს..." რა თქმა უნდა, მათი უვნებლად გათავისფლება დიდი სიხარული იყო, თუმცა, ამ ფაქტმა შესაძლოა სტიმული მისცეს სხვას, რომ შანტაჟის ენით ესაუბროს ხელისუფლებას.

- საუბარია იმაზეც, რომ მძარცველმა არა 500.000 დოლარი, გაცილებით დიდი თანხა წაიღო... - დიახ, თუმცა არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინა დღეებში მძარცველი დააკავოს და ამით ოპოზიციას 10:0 მოუგოს. სიმართლე გითხრათ, არჩევნების წინ რაღაც ძალიან სკანდალურს ველი...

(სპეციალურად საიტისთვის)