"თითოეული პარტია თავის "მახეს" აგებს, რომელშიც სურს, ამომრჩეველი მოაქციოს და ეს მახეები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება" - კვირის პალიტრა

"თითოეული პარტია თავის "მახეს" აგებს, რომელშიც სურს, ამომრჩეველი მოაქციოს და ეს მახეები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება"

"პარტიებს თვითონ არ უფიქრიათ ამდენი თავიანთ სტრატეგიაზე, ჩვენ რომ ვფიქრობთ"

კარზე მოდგა არჩევნები, პოლიტიკური დუღილი პიკს აღწევს, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმაც გვაჩვენა. ამ ფონზე ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს ნაირ-ნაირი სლოგანებით აწონებს თავს, პარალელურად კი, თავისი კონკურენტებისგან საფრთხობელას ქმნის, რითაც ამომრჩეველს შიშის გარემოს უქმნის. როგორც ჩვენი რესპოდენტი გვეუბნება, ჩვენს რეალობაში ისე არის ამღვრეული პოლიტიკური ველი, ამ ვითარებაში რთულია ნათელი ხედვა და პოლიტიკოსების გზავნილების სწორად შეფასება, ისე, რომ ამომრჩეველი მათ დაგებულ "მახეში" არ მოხვდეს.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი - საზოგადოების დაშინება-დაშანტაჟების თემა ყოველთვის და ყველგან მუშაობს, ამის საფუძველი თუ არსებობს. ავიღოთ თუნდაც  ტრამპი და ბაიდენი, რომლებიც ამომრჩევლის დაშინებაზე არიან ორიენტირებულები. ჩვენთანაც იგივეა - თუ არის იმის შანსი, მოაბას კუდი, კონკურენტი მოაბამს ამ კუდს და დაიძახებს (იძახის კიდეც) - "მიშა ჩამოდის", "9 წელი", "სისხლიანი რეჟიმი"... ნაცებიდან - "ქვეყანა ინგრევა", "ქვეყანა ჩამოიშალა", "შიმშილით მოკვდებით" და ა.შ. ადრეც, მიშას დროსაც იყო მსგავსი საფრთხობელები - აი, კორუფცია წალეკავს ყველაფერს, მუდმივად იყო პრორუსულითა და პროდასავლურით მანიპულირება. ასე რომ, ერთის (პოლიტიკური ძალის) შიში შეიქმს მეორის სიყვარულს - რუსთაველის ფორმულა აქ ასეთი ვარიანტით გამოგვადგება. თუმცა ხალხი არც ტყუვდება. მაგალითად, "ნაციონალების" აშკარა მომხრე გარკვეული პროცენტია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ამომრჩეველი ერთი და იგივეა. ეს დაშინებები და საფრთხობელები მათზე არ მოქმედებს, მათ რახანია გაკეთებული აქვთ არჩევანი.

- აბა, ვის აშინებს ამ შემთხვევაში თითოეული მხარე?

- გარდა იმ კონტიგენტისა, ვინც არჩევანში ორჭოფობს, ორივე ძალის შემთხვევაში, მათ თავიანთ ამომრჩეველთანაც უნდა ითამაშონ ის როლი, რომლისთვისაც ის მას ირჩევს. მაგალითად, "ნაციონალებს" მიაჩნიათ, რომ უფრო შეუპოვარი, აგრესიული და ა.შ. უნდა იყვნენ, თუ არა და, ამომრჩეველს დაკარგავენ. აუცილებელია მუდმივად იმუშაონ ამაზე და ფხიზლადაც იყვნენ.

- ყველა არჩევნების წინ გვესმის "არიქა, მიშა მოდის", "მოვდივარ"... არის მითქმა-მოთქმა, რომ "ოცნება" და ენმ სინქრონში და კოორდინირებულად მუშაობენ და ამ ფორმით აშანტაჟებენ ამომრჩეველს. - ამით ორივე ძალას თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია უნდა. მგონია, მიშას ის ამოცანაც აქვს, რომ უკან დაიბრუნოს მისი ამომრჩეველი - თავისმა ყოფილმა პარტიებმა, განაყოფებმა რაღაც პორცია "ნაცების" ამომრჩეველი ხომ წაიყოლეს? ჰოდა, ის ამომრჩეველიც სჭირდებათ "ნაციონალებს". ამიტომ ახლა იმის ჩვენებაა საჭირო, მიშასთან ყველაზე ახლოს რომელი პარტიაა.

- სხვა პოლიტიკური ძალების "საფრთხობელები" როგორ გამოიყურება?

- ქვეყანა ეკონომიკურად ჩამოიქცევაო, - ამას ყველა პოლიტიკური ძალა ამბობს იმიტომ, რომ ეს რომ არ თქვა, მაშინ რა გინდა, პოლიტიკაში რომ მოდიხარ? ადრე, როცა "ოცნება"  მოდიოდა, სამართლიანობის აღდგენაზე აპელირებდა და ამით მოხიბლა ამომრჩეველი. ახლა ეს თემა ეკა ბესელიასთან ჟღერდება, ამ ნიშნით საფრთხობელა მან გააკეთა. "ლელო" "აწვება" ეკონომიკას, ალეკო ელისაშვილი და შალვა ნათელაშვილი არსენა მარაბდელის ვარიანტებია (მდიდარს ართმევენ და ღარიბებს ურიგებენ - თემა). "ევროპული საქართველოც" "ნაციონალების" მსგავსად ქვეყნის დაქცევა-დანგრევით გვაშინებს და ა.შ. ისე, მგონი, პარტიებს თვითონ არ უფიქრიათ ამდენი თავიანთ სტრატეგიაზე, ჩვენ რომ ვფიქრობთ.

- როგორი იქნება 20/20-ის არჩევნების ეპილოგი?

- სინდისი არ მაძლევს უფლებას, ამ საკითხებში არ მივყვე სოციოლოგიას, რომელიც გვეუბნება, რომ გაიმარჯვებს "ოცნება", მაგრამ გვექნება ისევ ორპოლუსიანობა - დაახლოებით 20%-ს წაიღებს "ნაცმოძრაობა" და შევა პარლამენტში. სხვებიც შევლენ, მაგრამ "ნაცები" - უფრო ძლიერი გუნდით, და იქნება რია-რია.

ამავე თემაზე kvirispalitra.ge-ს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში გეშტალტ თერაპიული ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი ნადირაშვილი ესაუბრება:

- წინასაარჩევნო ველის თვალსაზრისით, საქართველოში ძალზე დაძაბული სიტუაციაა და დუღილის ტემპერატურა მაღალია. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, სხვაგანაც ხდება მსგავსი რამ, მაგ. აშშ-ში, სადაც ძალიან დაძაბულია სიტუაცია. ერთი მხრივ, მასმედია, მეორე მხრივ - პარტიები და დაინტერესებული მხარეები დიდ აქცენტებს აკეთებენ ჩვენს რეალობაზე, რაც კიდევ უფრო ამღვრევს ველს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ამ ვითარებაში ნათელი ხედვა რთულია.

თითოეული პარტია თავის "მახეს" აგებს, რომელშიც სურს, ამომრჩეველი მოაქციოს  და ეს მახეები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ორი ძლიერი პარტიის გზავნილები ("ოცნების" და მისი მთავარი კონკურენტის – "ნაციონალური მოძრაობის") ფსიქოლოგიურად რომ შევადაროთ, "ოცნების" ფსიქოლოგიური გზავნილი და მახე ისე გამოიყურება, რომ "ყველაფერი კარგად არის, შეიძლება ისე კარგად არა, მაგრამ შეიძლება ესეც დაკარგოთ". ანუ ისინი აქცენტს დანაკარგზე აკეთებენ. ფსიქოლოგიაში ძალიან მწვავედ განიცდება დანაკარგი, ასე რომ, ეს დანაკარგი ძალიან სწორად აქვს არჩეული "ოცნების" ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, ეს ხერხი რამდენჯერმე გამოიყენა წინა არჩევნებში, ეს კვლავაც ჭრის, რადგან საზოგადოებას დრამატულად ახსოვს ის პერიოდი, რომელშიც იყო გახვეული ჩვენი საზოგადოება. მართლაც, დიდი ტრავმები აქვს მიყენებული კონკრეტულ საზოგადოებრივ ფენებს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მძიმეა, ესეც რომ არ დაიკარგოს, ამასაც უფრთხილდება ჩვენი საზოგადოება.

- ასევე წარმატებით მუშაობს – "მიშა მოდის" გზავნილიც, არა?

- მიშა მოვა და დატრიალდება ზუსტად იგივე ტრაგედია - ეს გზავნილი ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილში საკმაოდ მძიმედ აღიქმება და დარწმუნებული ვარ, ეს ნაწილი მივა და კვლავ "ოცნებას" მისცემს ხმას. შეიძლება პარალელურად ჰქონდეს უკმაყოფილება ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მიაჩნდეს, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრება, ამაზე უკეთესი ჩვენ არ შეგვიძლია და დაკმაყოფილდეს იმ ეკონომიკური, კულტურული მდგომარეობით, რაც გვაქვს - არც კონფლიქტების გადაჭრის მიმართულებით დიდი ძვრები, არც ძვრები ევროპისკენ, არც რუსეთთან მიმართებით და სხვა.

- "ნაციონალების" მთავარი გზავნილი და ხაფანგი რა არის?

- მათი მთავარი გზავნილი არის ცვლილებები. "ოცნების" "დანაკარგს" რომ შევადაროთ, ცვლილებები ფსიქოლოგიურად უფრო ნაკლებად მუშაობს და არცთუ სწორად გათვლილი მესიჯია. როგორც ჰერაკლიტე ამბობს, ჩვენს რეალობაში რაც გარდაუვალია, ეს არის ცვლილება. ყველაფერი იცვლება, მაგრამ რადგან ცვლილება მოხდა, არ ნიშნავს, რომ პროგრესი გარანტირებულია. ბევრჯერ გვინახავს, რომ ცვლილების საბაბით მოსულა უფრო უარესი ხანა – მაგ. 1990-იანი წლები, როცა მივიღეთ მშიერი, დაბნელებული, კორუმპირებული და უპერსპექტივო ქვეყანა და ეს ცვლილებები არცთუ ისე კეთილად მუშაობს ჩვენს მეხსიერებაში. ამიტომ ეს საკმაოდ საკამათო მესიჯია, მით უფრო - საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ნეიტრალურია და მათ ასეთი ცვლილებები შეიძლება ნეგატიურადაც აღიქვან.

ეს მესიჯი ერთმნიშვნელოვნად გათვლილია მხოლოდ ენმ-ის ელექტორატზე, დანარჩენ მასაზე ეს არ მუშაობს, მაგ. მათზე, ვისაც არ გადაუწყვეტია, საით წავიდეს. ისინი უნდა დააჯერო, ეს ცვლილება კონკრეტულად რას მოუტანს მათ ცხოვრებას. ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვისზე გააკეთოს არჩევანი, ასეთი ლოზუნგი "ნაცმოსთვის" არ მიაცემინებს ხმას. მით უფრო - იმ საზოგადოებაში, რომელიც ნეგატიურად არის განწყობილი მათ მიმართ და მათი ცვლილებები ახსენებთ იმ ეპოქის დაბრუნებას, როდესაც დიქტატურა და უსამართლო რეჟიმი იყო ჩვენს საზოგადოებაში და მთელი სახელმწიფო ამ პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. "ლელო", ელისაშვილის, ვაშაძის თუ სხვა პარტიები რომ ერთმნიშვნელოვნად მიემხრენ "ნაცმოს" ფრთას და არა - ხელისუფლებას, ეს ნამდილად დააზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას, ვინაიდან უამრავ პარტიასთან მოუწევს გამკლავება იმ იმედით, რომ მათი ხვედრითი წონა მცირეა.

- ყველაზე სწორი ფსიქოლოგიური გზავნილები ვის აქვს წინასაარჩევნოდ?

- პატარა პარტიებს ვიწრო ხედვა აქვთ და ის მიმართულია ვიწრო ელექტორატზე. ასევეა "პატრიოტთა ალიანსის" დიდი ლაშქარი, რომელიც აქცენტს აკეთებს ეროვნულ მიმართულებაზე, თუმცა ისეთ არაავთენტურ მესიჯებს გზავნის, რომ ერთმანეთში ირევა, არადამაჯერებელია და ჰგავს მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკს.

ეროვნული იდეოლოგიის პარტიები ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგვანან. მათ არ აქვთ პრეტენზია დიდ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე, სწორხაზოვნად მიმართულები არიან თავიანთ მცირე ელექტორატზე, რომელთა ხმები მათ შეიძლება მოიპოვონ ვიწროპარტიული აქცენტებით.

ჩვენი ფუნდამენტური პრობლემები მიუთითებს იმას, რომ ქართული პოლიტიკა ვერ უმკლავდება იმ მწვავე ამოცანებს, რომელიც ჩვენ წინაშე დგას - სიღარიბე, გაუნათლებლობა, საგარეო პრობლემები და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი დეპრესიაა და იმედის მომცემი ნათელი სხივიც არსად ჩანს. ამიტომ ესეც დიდ კვალს დაამჩნევს არჩევნებს და, დეპრესიისა და პანდემიის ფონზე, არჩევნებზე დიდი რაოდენობის ამომრჩევლის მიუსვლელობა ჩვენს რეალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს. ამ მხრივ საჭიროა საზოგადოების გამხნევება და ინფორმირება, რომ ეს პერიოდიც ჩვენვე უნდა გადავიტანოთ.

(სპეციალურად საიტისთვის)