"სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის საიდუმლო... ვინ მფარველობდა ექსპრეზიდენტს" - რას წერს რუსული გამოცემა?
"სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის საიდუმლო... ვინ მფარველობდა ექსპრეზიდენტს" - რას წერს რუსული გამოცემა?
რუსულ ყოველდღიურ გაზეთ "მოსკოვსკი კომსმოლეც"-ში ("Московский комсомолец") გამოქვეყნებულია ინტერვიუ ქართველ პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან სათაურით - "სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის საიდუმლო // ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს ერთად ძარცვავს", სადაც იგი ჟურნალისტ მარინა პერევოზკინასთან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შუქჩრდილებზე ლაპარაკობს.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ამჟამინდელი საპარლამენტო არჩევნების მთავარი თავისებურება ის არის, რომ მმართველ პარტიას - "ქართულ ოცნებას", პირველად დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, შეუძლია მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. ასეთი შედეგი ჯერ არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ჰქონია -
არც შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირს" და არც სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას".

გარდა ამისა, როგორც პეტრე მამრაძე მიუთითებს, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ფული ისეთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც - არასდროს. არ არის პარტია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ფინანსური ინტერესი არ აქვს. არცერთ მათგანს არ აინტერესებს თავიანთი პროგრამები ქვეყნის კეთილდღეობისთვის განახორციელოს.
მათი მიზანია პარლამენტში მოხვედრა და საკუთარი მატერიალური ინტერესების წინა პლანზე დაყენება.

პეტრე მამრაძე ლაპარაკობს ქართველ ამომრჩევლებში მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" შელახულ ავტორიტეტზეც:

"პირველი - როცა 2012 წელს "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილეობდა, მოსახლეობას სჯეროდა, რომ მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, ისევე ააყვავებდა საქართველოს, როგორც-  საკუთარ სოფელს, მაგრამ იმედგაცრულებული დარჩა - დაპირებები არ შესრულდა. თავიდანვე ნათლად ჩანდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით "ჭორვილისებური სამოთხის" შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ხალხი მაინც ილუზიებში იყო. მეორე იმედგაცრუება იმით გამოიხატა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მთავრობამ ჯეროვნად არ დასაჯა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრები, ვინც სისხლიანი დანაშაულებები ჩაიდინეს. დიახ, მათ დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ საბოლოოდ იმ ადამიანებმა თავისი ეკონომიკური პოზიციები შეინარჩუნეს და დღესაც უზრუნველად ცხოვრობენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკურ ინტერესებში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან გარიგდნენ და ხალხის ძარცვით მიღებულ მატერიალურ დოვლათს ერთმანეთში იყოფენ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ვინ უფრო უკეთესია? მაგრამ ცუდი ის არის, რომ ყველა დანარჩენი - უარესია", - ამბობს პეტრე მამრაძე.

პოლიტოლოგი დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის მეცენატურ საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირველ ეტაპზე და აღნიშნავს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის რეფორმების უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფული ტრიალებდა. "ეს სრულიად უნიკალური ვითარება იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, როცა ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს საქართველოში არანაირი შემოსავლები არ ჰქონდა, მაგრამ უცხოეთში მიღებული თავისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს მაინც საქართველოს ახმარდა. "დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით "ნაციონალებმა" ხელი კარგად მოითბეს, არადა, ახლა მას კრემლის აგენტად მოიხსენიებენ".

როგორც პეტრე მამრაძე მიიჩნევს, "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში აყვავდა ელიტური კორუფცია. დღეს მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე - გიგა ბოკერია, მისი ცოლი და სხვა პარტიული ლიდერები მილიონერები არიან. გიგი უგულავა, თბილისის მერი, რომელმაც ასობით მილიონი მოიპარა, ლას-ვეგასში იჯდა და იქ ფანტავდა ხალხის ფულს, ამერიკული მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში კი ამბობდა, რომ აქ იმიტომ ჩამოვედი, კარგი ნაგავმზიდი მანქანა უნდა შევარჩიო თბილისისთვისო.

კითხვაზე, "რატომ არ დაისაჯნენ "ნაციონალები" ქვეყნის გაძარცვისთვის, განა მათ ამერიკელები მფარველობდნენ?", - პეტრე მამრაძე ამბობს: "არა, ამერიკელები მიხეილ სააკაშვილს არ მფარველობდნენ... როდესაც იგი საქართველოდან გაიქცა, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტები რუსული კომპანიებისთვის იყო გადაცემული... როცა საქართველოს რუსეთთან ომი ჰქონდა და სააკაშვილი, ვითომ, რუსეთს აგინებდა, ბიძამისი თემურ ალასანია და ბენდუქიძე ჩუმად რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ.

- აბა, მაშინ რატომ მისცეს მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან წასვლის შესაძლებლობა და რატომ მოექცნენ ლოიალურად მის თანამოაზრეებს?
- ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველად ძალიან ეკლექტური გუნდი შექმნა, სადაც ბევრი ყოფილი "ნაციონალი" აღმოჩნდა. ისინი მას არწმუნებდნენ, - მიხეილ სააკაშვილს ხელი არ უნდა ახლო, თორემ დასავლეთს ეწყინებაო. არადა, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა წერილი გამოგზავნა, რომლის თანახმად, წინა რეჟიმის დროს დანაშაულის ჩამდენები აუცილებლად უნდა დასჯილიყვნენ... ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანია. საკადრო საკითხებში იგი არაადეკვატურია. მას თანამდებობზე ისეთი ადამიანების დანიშვნა შეუძლია, რომ ხალხი გაკვირვებული რჩება.

- მაგრამ მაინც ყველა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის უკან ამერიკელები დგანან. თქვენი აზრით, ისინი არასწორად ფიქრობენ?
- თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილს ამერიკელები  მხარს არ უჭერდნენ. მე ორჯერ ვესაუბრე ჯეიმს ბეიკერს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს. აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ოპოზიციას ასე განუცხადა: არჩევნების შედეგების გაპროტესტება თქვენი საქმეა, მაგრამ თუ ედუარდ შევარდნაძეზე ზეწოლას განახორციელებთ იმ მიზნით, რომ იგი ვადაზე ადრე წავიდეს თანამდებობიდან, მაშინ ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნებაო. "კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები", - უთხრა მათ ელჩმა, - "თქვენ უფრო ცუდად დაასრულებთ მმართველობას, ვიდრე შევარდნაძე, თუ იგი ახლა პოსტიდან გადგება".

რიჩარდ მაილსი ჩემი კარგი ნაცნობია. მას "ფერადი რევოლუციების" რეჟისორობას მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში მაილსს მიხეილ სააკაშვილი არაფრად ეპიტნავებოდა. სხვათა შორის, ჩემს წიგნში ჯორჯ ბუში-უმცროსის ნათქვამი მაქვს დაწერილი სიტყვა-სიტყვით, რაც მან 2008 წელს ნიკოლა სარკოზის უთხრა: "ფრთხილად იყავი, ვიდრე თბილისში ჩახვალ, იქ უკვე შეიძლება რუსული ტანკები იყვნენ. ამ იდიოტმა [სააკაშვილმა] მაინც დაიწყო ომი". აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამერიკელებს.

- აბა, ვინ იდგა მიხეილ სააკაშვილის უკან?
- მისი დაფინანსება ქართველმა საქმოსანმა მილიონერებმა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყეს. მე მათ პირადად ვიცნობ. ამ პიროვნებებს შევარდნაძის მმართველობის დროს "საკვებურთან" ახლოს არ უშვებდნენ, რადგან პრეზიდენტის ნათესაობას ჰქონდა ხელში ჩაგდებული. მართალია, პირადად ედუარდ შევარდნაძეს კორუფციასთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ მის ირგვლივ საშინელება ტრიალებდა. ჰოდა, უკმაყოფილო ბიზნესმენთა ნაწილი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ ფსონი მიხეილ სააკაშვილზე დაედო. ჯერ ვითომ ზურაბ ჟვანიაზე ფიქრობდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ იგი ვერ "გაქაჩავდა". შემდეგ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, დაელაპარაკნენ და ის დათანხმდა, რომ მათ მიერ დასახულ მიზნებს შეასრულებდა. ასე ფინანსდებოდა იგი ყოველგვარი ამერიკის გარეშე. მე ყველაფერი ვიცი - ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილს პირველი 20 ათასი დოლარი და შემდეგ ვინ ჩაერთო...

საქართველოში მუდამ ასე იყო: ელიტა ყველაფერს წყვეტს. ასე იყო 1990-იან წლებში, როდესაც თენგიზ კიტოვანს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ "წითელი დირექტორები" - საბჭოთა ქარხნების ხელმძღვანელები დაეხმარნენ. მე იმ დროს პარლამენტში ვიყავი და მათი გარჩევები მესმოდა - ერთი ამბობდა, - მე "ცხიმკომბინატიდან" ამდენი ფული დავდეო... მეორე აწყვეტინებდ, - ჩემზე მეტი "ელმავალმშენებლიდან" არავის დაუდიაო და ასე შემდეგ. ყველას კორუფციული შემოსავლები ჰქონდა, ჩრდილოვანი ეკონომიკა ჰყვაოდა. სწორედ იქიდან ფინანსდებოდა კიტოვანი და მისი მომხრეები, რომლებმაც საქართველოს ბედი გადაწყვიტეს".
მოამზადა სიმონ კილაძემ

? !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
28 ოქტომბერი 2020 20:39
პეტრე მამრაძე - საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი; 1995-2003წწ. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; 2003-2008წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ე რ თ ი ა ნ ი ნ ა ც ი ო ნ ა ლ უ რ ი მ ო ძ რ ა ო ბ ა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები