"31 ოქტომბერს მოვა ხალხი, არ შეუშინდება არც მათ დაშინებას, არც კორონავირუსს, ხელისუფლებას პანღურს ამოკრავს და პოლიტიკურ სანაგვეზე გადააგდებს" - კვირის პალიტრა

"31 ოქტომბერს მოვა ხალხი, არ შეუშინდება არც მათ დაშინებას, არც კორონავირუსს, ხელისუფლებას პანღურს ამოკრავს და პოლიტიკურ სანაგვეზე გადააგდებს"

8 წელია ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადატრიალებას აწყობს, ერთი საბურავი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე? - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ამომრჩეველმა ისტორიული არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ "ქართველმა ერმა მშვიდობიანი სამამულო ომი მოუგოს პუტინის მეხუთე კოლონას ჩვენს ქვეყანაში."

"არანაირი ამბოხი, 8 წელი ამ ამბოხს იკვლევენ, თითქოს საბურავებს ვაგროვებდით, ხან რას ვაკეთებდით, ხან რას. 8 წელია ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადატრიალებას აწყობდა, ერთი საბუთი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი საბურავი ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე? უბრალოდ, არიან ისტერიკაში და ეს ყველაფერი არის გათვლილი იმ საზოგადოებაზე, რომელსაც, რასაც ჩასძახებ, ყველაფერს იწებებს, ყველანაირ სისულელეს, აბსურდს, სიბინძურეს რომ დაიჯერებს", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია, რადგან ქართველი ხალხის რისხვის ეშინია, თუმცა, ეს რისხვა მშვიდობიანად იქნება გამოხატული.

"ესენი უბრალოდ, შეშინებული ავადმყოფები არიან, საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ეშინიათ, ქართველი ხალხის რისხვის ეშინიათ და ეს რისხვა იქნება მშვიდობიანად გამოხატული, 31 ოქტომბერს მოვა ხალხი, არ შეუშინდება არც მათ დაშინებას, არც კორონავირუსს, მოვა და გამოხატავს თავის აზრს, ამათ პანღურს ამოკრავს და პოლიტიკურ სანაგვეზე გადააგდებს, ეს იციან და ამის ეშინიათ. ჰგონიათ, რომ რაღაც უბედურება დაემართებათ, არა ბატონებო, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენზე შურისძიებას, არ გვეცლება ამისთვის, ეს ჩვენი - პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ იქნება. არავინ აპირებს მათზე შურისძიებას და ეშმაკებზე თუ ალქაჯებზე ნადირობას", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამგვარ ფორმას მიმართავენ. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

"ინტერპრესნიუსი"