"ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებ უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები" - კვირის პალიტრა

"ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებ უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები"

მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გლობალური პანდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც იზრდება ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ყველას მოგვეხსენება, რომ ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, საარჩევნო უბნებზე სრულად იქნება დაცული რეგულაციები.

„ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგიების მიერ იყო დადგენილი. ჩვენ ყველამ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება საქართველოში”, - აღნიშნა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"