"გახარიას დღეს პრემიერად იმიტომ აღიარებს უმრავლესობა, რომ მას აღიარებს ივანიშვილი. როგორც კი ამას აღარ გააკეთებს, გახარიას იგივე ბედი ეწევა, რაც..." - კვირის პალიტრა

"გახარიას დღეს პრემიერად იმიტომ აღიარებს უმრავლესობა, რომ მას აღიარებს ივანიშვილი. როგორც კი ამას აღარ გააკეთებს, გახარიას იგივე ბედი ეწევა, რაც..."

"ივანიშვილსა და სააკაშვილს ქარიზმა უკვე აღარ გააჩნიათ, რაც ჰქონდათ ქარიზმატული, ამოწურეს"

თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, არჩევნებში გამარჯვებაზე ლაპარაკობს და ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში წასვლას ურჩევს. ზოგიერთი ლიდერი მას უკვე ოპოზიციაში ხედავს. წარმოსახვაში ყველაფრის დაშვება შესაძლებელია, რეალურად კი ეს სცენარი აბსურდად მიაჩნია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს, "შესაძლებლად ვუშვებ იმას, რომ დავუშვათ, "ოცნებიდან" ვინმემ დაიწყოს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა ივანიშვილის ფარული თანხმობით. დაახლოებით იმ სცენარზე ვლაპარაკობ, როდესაც თავის დროზე ჟვანია-სააკაშვილმა "მოქალაქეთა კავშირი" დატოვეს და შევარდნაძეს დაუპირისპირდნენ. ასეთი სცენარი შესაძლებელია, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებაში დატოვოს გუნდი და თვითონ ახალი გუნდის შექმნა დაიწყოს, არარეალურია. მარცხს რაც შეეხება და ამ გზით ივანიშვილის გაოპოზიციონერებას, ესეც არარეალურია, ვინაიდან პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევნებში "ოცნება" პირველ ადგილზე გავა და მას ყველაზე მეტი პროცენტი ექნება", - ამბობს kvirispalitra.ge-სთან ვახტანგ ძაბირაძე.

- როდესაც ოპოზიცია ამას ამბობს, გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილს "ქართული ოცნების" მარცხის შემთხვევაში ოპოზიციაში იხილავს, თორემ "ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ივანიშვილი გაბრაზდეს და წავიდეს ოპოზიციაში“ - ეს აბსურდია. ერთ დროს ივანიშვილი მითოსური ფიგურა იყო, უზღვავი ქველმოქმედების წყარო, გამოვიდა ასპარეზზე და შექმნა პარტია, ჰქონდა თავისი იმიჯი და ის გამოიყენა. ხელისუფლებიდან წამოსული ივანიშვილი რა პოლიტიკური იმიჯის მატარებელი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური ძალა შექმნას? ვინმე დაიჯერებს იმას, რომ "ოცნებას" დღეს აკონტროლებს გახარია, კობახიძე ან ორივე ერთად და - არა ივანიშვილი?

ჩვენი დღევანდელი პრობლემა ზოგადად ის არის (შესაძლოა, არც არის პრობლემა და კარგიც არის), რომ პოლიტიკურ ასპარეზზე არის ორი, ყოფილი ქარიზმის მქონე პიროვნება – ივანიშვილი და სააკაშვილი, მაგრამ მათ ეს ქარიზმა უკვე აღარ გააჩნიათ, რაც ჰქონდათ ქარიზმატული, ის ამოწურეს. არავინ არის პოლიტიკურ სპექტრში ისეთი, ვინც მათ გაუსწორდება, მაგრამ არც არაფრის მომტანი არიან საზოგადოებისთვის და არც რაღაც იმიჯის შემქნელები. ორივე არის ქარიზმისგან განძარცვული.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის გარეშე "ოცნება" სიცოცხლისუნარიანი იქნება, თუ საერთოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან? - ივანიშვილის გარეშე "ოცნება" იმ შემთხვევაში იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუკი ლიდერი გამოიკვეთება. ივანიშვილი თავის შემცვლელს თუ დატოვებს, მაშინ კი, ბატონო, მაგრამ ქუდს თუ დაიხურავს და ისე წავა, არავის შეატყობინებს, პარტიის შიგნით, გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს შორის წავა ბრძოლა ლიდერობისთვის, ეს გამოიწვევს პარტიის დაყოფას, გახლეჩას ან მთლიანად გაქრობას. მაგრამ თუ პარტიის შიგნით ჩამოყალიბდება სტრუქტურა (და თავად ივანიშვილი შექმნის ასეთ სტრუქტურას), რომელიც ამ თემებს დაარეგულირებს, მაშინ შეიძლება რაღაც ნაწილმა კი დატოვოს პარტია, მაგრამ ის მთლიანობას მაინც შეინარჩუნებს. მაგ. სააკაშვილი ინარჩუნებს ლიდერობას და დღეს მას უჭირავს პარტია, მაგრამ რა იქნება ენმ მის გარეშე, რომელიც ერთხელ უკვე რამდენიმე პარტიად დაიყო? იქაც ის პრობლემაა, რომ მიშას გარდა ლიდერი არ არის. ორივეს იმდენად არ უნდა პარტიის სტრუქტუირება, რომ "ნაცმოს" სიის პირველი ნომერიც კი არ ჰყავს, მომღერალი ჰყავს და არა - პოლიტიკოსი, ანუ მიშამ პირველი ადგილი ცარიელი დატოვა, მეორედან დაიწყო სიის ათვლა და რაზეა ლაპარაკი?

- სამაგიეროდ, "ოცნებას" ჰყავს პრემიერი. გიორგი გახარიას პირველნომრობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ლიდერია? - კი ბატონო, გახარია პირველი ნომერია, მაგრამ მის ზემოთ დგას ივანიშვილი. ლიდერი რომ იყო, უნდა გყავდეს უმრავლესობა. საპარლამენტო სიის უმრავლესობა არ არის გახარიას უმრავლესობა. გახარიას დღეს პრემიერად იმიტომ აღიარებს უმრავლესობა, რომ მას აღიარებს პარტიის ლიდერი. როგორც კი ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, გახარიას იგივე ბედი ეწევა, რაც მის წინამორბედებს. 2016 წელს კვირიკაშვილი კი შეეცადა, თავისი მცირე გუნდი შეექმნა, მაგრამ ეს გუნდი დარჩა ულიდეროდ. ასეთ პარტიებში ხდება ხოლმე კარის გადატრიალება, მაგრამ ამას, მინიმუმ, შევარდნაძის ნიჭი უნდა.

- განხეთქილება ახსენეთ და, ისედაც ლაპარაკობენ "ოცნებაში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, გუნდის სამზარეულოს ამბები გარეთ არ გამოვიდეს. მაგ. ბოლო დროს სიასთან დაკავშირებით ყოფილა დიდი შეხლა-შემოხლა "ლიდერშიფში"... - ასე ხდება, როცა პარტიაში არ არის შიდა დემოკრატია. საქართველოში ასეთი პარტია, ფაქტობრივად, არ არის, ყველა პარტია ითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, ოღონდ, არა - მის პარტიაში. როცა სტრუქტურა ღია და გახსნილი არ არის, იქ ასეთი შიდა დაპირისპირებების არსებობა ძალიან რეალურია. ეს მარტო ჩვენთან არაა. რომელი ჯგუფიც უნდა გამოვიდეს ასპარეზზე, გამოდის, რომ ის სხვა ჯგუფს კი არა, ისევ ივანიშვილს უპირისპირდება. პარტიაში შიდა დინებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ თვითონ პარტიული სტრუქტურა იძლევა იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ჯგუფები ნამდვილად იქნება ამ პარტიაში. პარტიის ლიდერი უნდა იყოს პარტიის წევრთა მხრიდან აღიარებული და ისეთ პარტიებში, სადაც ერთგან ლიდერს ნიშნავენ, მეორეგან კი ეშინიათ, ლიდერი არ გაჩნდეს და სიის პირველ ნომრად მომღერალი მოჰყავთ, დემოკრატიაზე ლაპარაკი ცოტა რთულია.

- ორ დღეში არჩევნები ჩატარდება და რას იტყვით, მივიღებთ მრავალფეროვან, მრავალპარტიულ პარლამენტს, თუ ისევ - ორფეროვანს?

- მრავალპარტიული პარლამენტი ნამდვილად იქნება, რომელშიც, მინიმუმ, 10 პოლიტიკური პარტია მოხვდება გარდაუვლად, 1%-ან ბარიერს ბევრი გადალახავს. მეორე – არ მგონია, "ოცნებამ" 60% აიღოს. ალბათობა იმისა, რომ მას შემდეგ, რაც მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება, "ოცნება" კოალიციის მთავრობას სხვა პარტიების გარეშე დააკომპლექტებს, ნამდვილად არსებობს, მაგრამ ისიც არ მჯერა, რომ პროპორციულ არჩევნებში 50%-ს მიიღებს. ის სადღაც, 40-45%-ის ფარგლებში იქნება. პოლიტიკურ პარტიებს შორის პირველ ადგილზე გავა "ოცნება" და მას ყველაზე მეტი პროცენტი ექნება. 25-30% ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", სადღაც 5%-ის ფარგლებში ექნება "ლელოს", "პატრიოტთა ალიანსს", "სტრატეგია –აღმაშენებელს" და "ევროპულ საქართველოს". დანარჩენები გაიყოფენ დარჩენილ პროცენტებს, არჩევნებზე კი მილიონ რვაასიდან - 2 მილიონამდე ამომრჩეველი მივა.

- მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე ლაპარაკობს. გჯერათ და რეალურად გეჩვენებათ ეს?

- ეს არის ისევ და ისევ შუას გაკრეფის მცდელობა. ეს პიარია და უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მარტო სააკაშვილი არ აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ "ქართული ოცნებიდან" წამოსული ამომრჩეველი ისევ "ოცნებას" დაუბრუნდეს და მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე, აი, არასტაბილური გარემო და რევოლუცია გელითო. იგივე სცენარი აწყობს "ნაცმოს", რადგან სრულიად გაუგებარია იმის დაანონსება, რომ 31-ში რუსთაველზე უნდა შეიკრიბონ და 8 საათის მერე დაიწყონ მიტინგი, რაც, ჩემი აზრით, ისევ და ისევ "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ვარიანტი უფრო მგონია, ვიდრე რევოლუციური სცენარი. იცით, საქმე რა არის? ქვეყანაში საპროტესტო ტალღა რომ აგორდეს და რევოლუციური სცენარი განვითარდეს, თუნდაც ისეთი მოვლენები, როგორიც დღეს ბელარუსში ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი მუხტი მოსახლეობაში, რაც ქვეყანაში არ არის. ამის მეტი რა გამოგვივლია 30 წლის განმავლობაში? მეტსაც გეტყვით, მედიას თუ გათიშავთ, ქვეყანაში საერთოდ არ იგრძნობა, არჩევნები თუ მოდის. ასეთ ვითარებაში ვიღაცამ რომ თქვას, საპროტესტო ტალღას ავაგორებო, ეს არის ილუზია და აბსურდი.

(სპეციალურად საიტისთვის)