"საქართველოს პროდასავლური კურსის შესუსტება შეიძლება პეკინისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე მოსკოვისათვის" - რას წერს იაპონური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"საქართველოს პროდასავლური კურსის შესუსტება შეიძლება პეკინისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე მოსკოვისათვის" - რას წერს იაპონური გამოცემა?

იაპონიის ინგლისურენოვან გაზეთ "ნიკეი აზიის" («Nikkei Asia») 29 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით "საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: გავლენის მაგალითი // ჩინეთი მოიგებს, თუ ამომრჩევლები დასავლურ კურსს უარყოფენ". მასში გაანალიზებულია სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა (ავტორი - ენდრიუ ნორტი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

"აეროპორტიდან თბილისის ცენტრისკენ მიმავალ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახელი ჰქვია. ეს სიმბოლურია და მოწმობს იმას, რომ საქართველო აშშ-ისადმი ღრმა და მტკიცე პატივისცემას გამოხატავს. ამით აისახება ქართველების ნატოში გაწევრების დიდი ხნის სურვილი. ამასთან, საარჩევნო კამპანიის ფონზე, აშკარად იგრძნობა ქართული პოლიტიკის წყალქვეშა დინებები, რომელიც ქვეყნის ყოფილი სიუზერენის - რუსეთის მცდელობებით არის გამოწვეული.

მოსკოვს სურს, საქართველო კვლავ თავის ორბიტაზე დაიტოვოს, ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ. 31 ოქტომბრის არჩევნებით გაირკვევა, ისევ აქტიურად გააგრძელებს საქართველო დასავლურ კურსს თუ - შეანელებს. მაგრამ, ბედის ირონიით, საქართველოს პროდასავლური კურსის შესუსტება შეიძლება პეკინისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე მოსკოვისათვის", - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში.

სტატიაში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მმართველი "ქართული ოცნების" პერსპექტივაა განხილული: "ხელისუფლების თავდაპირველი წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში, ერთი შეხედვით, მმართველ პარტიას კარგ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ "კოვიდ-19"-ით დაავადებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა საარჩევნო კამპანიაში უკვე ნეგატიურად დომინირებულ როლს ასრულებს. ისეთი ვითარებაა, რომ ზოგიერთები, მიღებული ხმების სავარაუდო რაოდენობაზე ლაპარაკისას, უკვე კოშმარულ შედეგებს წინასწარმეტყველებენ".

არჩევნებს თან ახლავს საკმაოდ უცნაური კონკურენციაც "ქართული ოცნების" და მისი მთავარი მოწინააღმდეგის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის. ბიძინა ივანიშვილი - ყოფილი პრემიერი და მილიარდერი, რომელსაც "[ქვეყნის] მძღოლის" ადგილი უკანა სავარძელში აქვს, საქართველოშია, ხოლო ის პიროვნება, რომელსაც მისი დამხობა სურს - ამერიკანოფილი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი - უკრაინაში იმყოფება და იქაურ ხელისუფლებაში მუშაობს. მათი დიდი ხნის მტრობა  ქართული პოლიტიკის კიდევ ერთ მთავარ წყალქვეშა დინებას წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან შვიდი წლის წინ გაიქცა - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პარტია მოვიდა. ამ უკანასკნელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს და მართლაც, ექსპრეზიდენტს, თანამდებობის ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, სასამართლომ  თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.

მართალია, ექსპრეზიდენტი ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ დღეს სოციალური დისტანცირება მისთვის - მოუსვენარი პოლიტიკოსისთვის - რამე დაბრკოლებას არ წარმოადგენს. გამოკითხვების თანახმად, მისი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს. პარტია აკონტროლებს ერთ-ერთ ცნობილ ტელეარხს, რომლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილი შორიდან, რონალდ რეიგანის სტილით, ცდილობს, წარმატებით ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.

მართალია, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეეცადა რუსეთთან დაძაბულობისა და კონფრონტაციის შესუსტებას, რისთვისაც მან ოპოზიციისგან "კრემლის პუდელის" მეტსახელი მიიღო, თუმცა მოსკოვს, ამის მიუხედავად, საქართველოს მიწის მითვისების პროცესი არ შეუჩერებია. მოსკოვის ირიბი გავლენა იგრძნობა, აგრეთვე, მცირე პარტიებისადმი მხარდაჭერასა და სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიებით.

ბევრი ექსპერტი "კრემლის ხელს" შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობის შეჩერებაშიც ხედავს - იგი რუსეთის გვერდის ავლით რეგიონულ სატრანსპორტო კვანძად უნდა ქცეულიყო. საინტერესოა, რომ ამ პროექტს საქართველოს მთავრობა თავდაპირველად მხარს უჭერდა, შემდეგ კი უარი განაცხადა. ამ ფაქტმა ქვეყნის იმიჯი დასავლეთის თვალში საკმაოდ შელახა. ამის პარალელურად კი, სწრაფი ტემპით მატულობს ჩინური კომპანიების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში - პეკინი მხარს უჭერს იმ მსხვილი პროექტების განხორციელებას, რომელთა ტენდერებში ჩინურმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, მაგალითად, საავტომობილო მაგისტრალების მშნებლობას.

საქართველოში პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რაც მთავრობას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. ამასთან, ქვეყანა კვლავ რჩება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სწორედ გასული წლის საპროტესტო დემონსტრაციებმა მისცა ბიძგი საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად პოლიტიკაში "გირჩებიც" კი შეიძლება მოვიდნენ", - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს აცნობს იმ საკმაოდ ღიმილისმომგვრელ და უცნაურ საარჩევნო ტრიუკებს, რომელსაც არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, მაგალითად, გირჩი" მიმართავს (ავტომანქანების ლატარიის გათამაშება, საარჩევნო შტაბებში ბორდელების შექმნის მცდელობა და ა.შ.). წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ