"პირველი ნოემბრიდან ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტები აღმოიფხვრება" - კვირის პალიტრა

"პირველი ნოემბრიდან ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტები აღმოიფხვრება"

"ქართული მარში" არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანას "ქართული ოცნება" მართავს, -ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი რუსთავის გზატკეცილზე მომხდარ ფაქტს, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა" და "ქართულ მარშს" შორის დაპირისპირება მოხდა.

სალომე სამადაშვილის თქმით, პირველი ნოემბრიდან ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტები აღმოიფხვრება.

"დღეს ჩვენ ქვეყანაში "ქართული მარში" არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის რომ ქვეყანას "ქართული ოცნება" მართავს. "ქართული ოცნების" ხელშეწყობით მოქმედებენ ეს ჯგუფები. ამიტომ პირველი ნოემბრიდან, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტები აღმოიფხვრება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ პირველ ნოემბერს ქართველი ხალხი რუსი ოკუპანტის დამარცხებას იზეიმებს.

შეგახსნებთ, ენმ-ს ლიდერის, გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, "ქართული მარშის" წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის რუსთავის გზატკეცილზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

როგორც გიორგი ბარამიძე აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიმართ პროვოკაციები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"