"ამას უპასუხოდ არ დავტოვებ..." - რას ამბობს ნინო ბურჯანაძე რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სააკაშვილზე, ივანიშვილსა და რუსეთზე
"ამას უპასუხოდ არ დავტოვებ..." - რას ამბობს ნინო ბურჯანაძე რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სააკაშვილზე, ივანიშვილსა და რუსეთზე
რუსული პოპულარული გაზეთის - "იზვესტიის" («Известия») დღევანდელ, 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან სათაურით - "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს თავის ტკივილის გარდა, სხვას არაფერს მოუტანს", სადაც პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ქვეყნის პარლამენტის ექსსპიკერი ლაპარაკობს  წინასაარჩევნო ფონზე და  სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის - რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებზე.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- აქვს თუ არა რუსეთთან დიალოგისთვის მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პარტია
იქნება ხელისუფლებაში - ივანიშვილის "ქართული ოცნება" თუ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა"?
- ხელისუფლებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო ყოფნას ვერ წარმოვიდგენ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სხვათა შორის, არც "ოცნება" და არც "ნაციონალები" [რუსეთთან მიმართებით] რაიმე ცვლილებისთვის რადიკალური ნებას არ ამჟღავნებენ. გასაგებია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას "გორდიას
კვანძი" და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი უნდა დავიწყოთ - პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ყველა მიმართულებით უნდა ვეცადოთ ჩვენი ინტერესების დაცვას, მათ შორის - რუსეთთან დიალოგის მეშვეობითაც, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ ბედავს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა...

- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არჩევნების შემდეგ თქვენ არ ელოდებით მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის გაუმჯობესებას?
- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ძალთა განლაგება პარლამენტში. თუ ხმების იმ რაოდენობას მივიღებთ, რომ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, მაშინ ყველაფერს გავაკეთებ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. თუ ასეთი შესაძლებლობა არ მექნება, მაშინ პროცესი, უკეთეს შემთხვევაში, ერთ ადგილზე "იბუქსავებს". იმედი მაქვს, რომ გაუმჯობესება მაინც იქნება და შევძლებთ ჩვენი ურთიერთობის აწყობას.
---------------
- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, დატოვოს თავისი უკრაინული კარიერა და სამშობლოში დაბრუნდეს. რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის მისი შესაძლო დაბრუნება?
- იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. მას ჭირდება აბსოლუტური გარანტიები, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ იგი [ამ გარანტიებს] ვერ მიიღებს. გარდა ამისა, თუ გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს და მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ქვეყნის პრემიერად ოფიციალურად წარადგენს, მას ხმას არ მივცემ. მზად ვარ მხარი დავუჭირო სხვა კანდიდატებს ოპოზიციური პარტიებიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს - არავითარ შემთხვევაში. იგი საქართველოს, თავის ტკივილის გარდა, კარგს არაფერს მოუტანს. თუ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" გადაწონის, მაშინ, რასაკვირველია, პარლამენტში მეტი წილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება, თუმცა [ვიმეორებ], რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

- ანუ თქვენთვის სხვა ოპოზიციური კანდიდატის განხილვა შესაძლებელია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია, ხომ?
- დიახ, ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან არ მომწონს, ფაქტი ფაქტად რჩება: "ერთიან ნაცმოძრაობას" მეტი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ამ გარემოების იგნორირება არასწორი იქნებოდა. "ქართულ ოცნებას" რომ სწორი პოლიტიკა გაეტარებინა, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო ადგილი ექნებოდა. ბიძინა ივანიშვილი ჩემს პარტიას ყველანაირი მეთოდებით ებრძოდა. მართალია, იგი მიხეილ სააკაშვილივით არ მოქმედებს - ჩემი პარტიის წევრებს არ იჭერს და ფიზიკურ ძალას არ იყენებს, მაგრამ ზეწოლას ახდენს ფინანსურად, პოლიტიკურად, მორალურად... ჩვენი პარტიის წევრები სამსახურის გარეშე არიან დარჩენილები: მათ ეუბნებოდნენ, რომ დასაქმდებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიას დატოვებდნენ.

- შეძლება თუ არა, რომ მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ანუ მხოლოდ ორმა გადაწყვიტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკითხი?
- 2016 წლისთვის "ქართულმა ოცნებამ" მშვენივრად მოახდინა "ნაციონალებთან" კოოპერირება, ორივემ ბიზნესი გადაინაწილა. ჩვენ იმ პერიოდისთვის მესამე ძალა ვიყავით - საპრეზიდენტო არჩევნებში 11% მოვაგროვე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგდნენ და ჩემი ხმები "პატრიოტთა ალიანსს" ჩაუთვალეს, დაეხმარნენ ბარიერის გადალახვაში. თუ ახლაც ასე მოხდება, ამას უპასუხოდ არ დავტოვებ... ცხადია, არის იმის რისკი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხმების სერიოზულ რაოდენობას მიიღებს და შეიძლება ამ დროს "ქართულმა ოცნებამ" ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახლა "ნაციონალებმა" ძალა იგრძნეს და ბიძინა ივანიშვილს არ გაურიგდებიან. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები