გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და... - მთავრობები და მათი დანატოვარი მემკვიდრეობა საქართველოს - კვირის პალიტრა

გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და... - მთავრობები და მათი დანატოვარი მემკვიდრეობა საქართველოს

"სახელმწიფოს ვერ დაერქმევა დემოკრატიული, როცა მთავრობა დამოუკიდებელი არ არის, როცა ხელისუფლება ერთი პირის შემყურეა"

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. აქამდე, ორ ვადაზე მეტი ხნით ხელისუფლებაში არც ერთი ძალა არ დარჩენილა. მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა მმართველი ძალა, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ როგორც "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ საქმეებს, ისე - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თითოეული მმართველის მემკვიდრეობას, როგორც დადებითს, ისე - უარყოფითს.

მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, პეტრე მამრაძე kvirispalitra.ge-ს პრეზიდენტების: ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის პერიოდების შესახებ ესაუბრება. მისი თქმით, პირველი მათგანის დროს საქართველოში უმთავრესი რაც მოხდა, საზოგადოების ეროვნული იდეის გარშემო კონსოლიდაცია და დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო, ხოლო უარყოფითი - რადიკალიზაცია და პოლარიზაცია საქართველოს შიგნით. პეტრე მამრაძე

"მოხდა ისე, რომ ეროვნული მოძრაობა, დაწყებული ასეთი ენთუზიაზმით და ინტელიგენციის მონაწილეობით, სულ ცოტა ხანში შეიცვალა და მოხდა მისი მწვავე რადიკალიზაცია. გაისმა ლოზუნგები ეთნიკური ნაციონალიზმის მხრივ, როგორიც იყო "საქართველო ქართველებისთვის. ისეთი ხსენება უმცირესობების, რომ ახლა ენა არ მომიტრიალდება, გავიმეორო... 9 აპრილი საბოლოო რადიკალიზაციის ნიშანსვეტი იყო და იმიტომ მოხდა, რომ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერების სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან მწვავე კონკურენციაში იყო, თუ ვინ აიღებდა ძალაუფლებას ხელში - ეს უფრო ადარდებდათ, ვიდრე ერის, ხალხის ინტერესები; ისეთი ადამიანები, როგორებიცაა ელდარ შენგელაია, ნოდარ ნათაძე და ა.შ., ხალხის მტრებად გამოცხადდნენ - რატომღაც, ბევრი მათგანი "კაგებეს" აგენტებად იყო "მონათლული".

თუმცა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს ხომ ჩვენი, მთელი თაობების ოცნება იყო - იყო კონსოლიდაცია, რომ ამიერიდან გვექნება საკუთარი სახელმწიფო, ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის და უნდა განვვითარდეთ...

ზვიად გამსახურდია

საგარეო კუთხით გამსახურდიას დროს სრული კოლაფსი გამოიკვეთა, ამერიკა და დასავლეთი გაოგნებული იყვნენ იმით, რაც აქ ხდებოდა და ამას არც მალავდნენ. პრეზიდენტმა ბუშმა უფროსმა დიპლომატიური დელიკატურობით თქვა, რომ როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, გამსახურდიამ კი უპასუხა: "ბუშს დაავიწყდა, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან" და უფ! ეს იყო მთელი აღტკინება საქართველოში - "როგორ უპასუხა!.."

ამას პუჩტი უნდა დავამატოთ, როდესაც საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა აღმოჩნდა, სადაც პრეზიდენტმა პუჩტისტების დავალება შეასრულა და ეროვნული გვარდია დაშალა, რის შედეგადაც მერე უკვე დაიწყო დაპირისპირება იარაღით; საქართველოს სამოქალაქო ომი კადრების საკითხი - გაფლანგვისთვის ძებნილებიდან ზოგიერთი მათგანი, ვინც გაქცეულები იყვნენ, მინისტრად დაინიშნა. კიტოვანთან დაკავშირებით გამსახურდია ქვეყანამ გააფრთხილა, რომ ეს ნაციხარი ადამიანი, "შავი ელემენტია" და შენ მას ეროვნული გვარდიის უფროსად როგორ ნიშნავო?! დანიშვნების მრავალი სხვა ასეთი მაგალითი იყო... ეკონომიკაშიც არ იყო არავითარი ძვრა... მთლიანად მოიშალა ქვეყნის მომარაგება და რუსულ რუბლზე ვიყავით დამოკიდებულები", - აღნიშნავს მამრაძე.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა, ქვეყანაში სრული განუკითხაობა იყო; აფეთქებული ვითარება ცხინვალის რეგიონში, სისხლისღვრა, ურთულესი ვითარება აფხაზეთში, განიარაღებული პოლიცია, თბილისისა და საერთოდ, საქართველოს ქუჩებში ჯავშნიანი მანქანების - "ბეტეერების" თარეში. რა მემკვიდრეობა დატოვა პრეზიდენტმა, რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე მართა ქვეყანა? მამრაძის თქმით, მისი მმართველობის დანატოვარია ის, რომ ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო, მსოფლიოში აღიარებული ქვეყანა თავისი საერთაშორისო ფუნქციით, ევროპის საბჭოს წევრი, თავისი ღია განცხადებით, რომ აკაკუნებს ნატო-ს კარზე, ამასთან, სახელმწიფო რუსეთთან დაბალანსებული მოქმედებით და ნავთობსადენების თუ გაზსადენების მასშტაბური პროექტებით; უარყოფითი კუთხით კი მამრაძე ტოტალურ, მასობრივ კორუფციაზე მიუთითებს.

"ნამდვილი პროფესიონალები - ექსპერტები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ყოველთვის გამოჰყოფენ იმას, რისი გაკეთება შეეძლო ხელისუფლებას და რა აღემატებოდა მის შესაძლებობებს. ამ მხრივ შევარდნაძის დროს, - ამას აღიარებდნენ მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი გერი ბეკერი და სხვები, - დაახლოებით 1999 წლის ჩათვლით საქართველო საბაზრო ეკონომიკის რეფორმის გატარების კუთხით ნამდვილი ჩემპიონი იყო - როგორც მოხდა გადასვლა კომუნისტური, ტოტალიტარული, ე.წ. ადმინისტრაციული მბრძანებლური ეკონომიკიდან პრივატიზაციაზე და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ცნობილი მეცნიერები, როგორიცაა მედლოკი, "წარმატების ისტორიაში" აღნიშნავს, რომ შეუძლებელი გაკეთდა - საქართველოში, სადაც სრული ქაოსი და ანარქია იყო, "რაღაცა მანქანებით" ამ ადამიანმა შეძლო, რომ 1995 წელს უკვე დამყარებული იყო წესრიგი, კონსტიტუცია იქნა მიღებული და ა.შ. ინსტიტუტებს საფუძველი არა მარტო ჩაეყარა, არამედ, 1999 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა ლიდერი, სააკაშვილი აცხადებდა ფილარმონიის გატენილ დარბაზში, რომ ჩვენ, შევარდნაძეს დავუდექით გვერდში, რომლის წყალობითაც აშენდა სახელმწიფო, გვყავს სასამართლო, შსს, ნამდვილი პოლიცია და შევარდნაძის სახელი სამარადჟამოდ დარჩება, რომ ასეთი სახელმწიფო აშენდაო.

ჩახედულ ადამიანებს გვესმოდა, რომ შევარდნაძე კი არა, ბევრი შევარდნაძე რომ ჩამოსულიყო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტებს სრულად ვერ ჩაახშობდა.

თუმცა, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო დაიწყო კორუფცია, ეკონომიკამ მასობრივად დაიწყო ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლა. ტოტალურმა კორუფციამ, განსაკუთრებით, 2001 წლიდან, გაუსაძლის დონეს მიაღწია, უკვე შლიდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მაგრამ მის წინააღმდეგაც ვერაფერი გაკეთდა. რატომ არ მიდიოდა? "რომ წავიდე, ყველა მეუბნება, რომ ეს ახალგაზრდები როცა მოვლენ (გულისხმობდა სააკაშვილი-ჟვანიას გუნდს), მალე დაკარგავენ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც სამარადჟამოდ".

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გახსნა

შევარდნაძის და მისი გუნდის ისტორიული მიღწევა იყო ის, რომ საქართველომ შეიძინა საერთაშორისო ფუნქცია. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ამუშავდა, შენდებოდა დიდი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენი; ორიენტირება თანმიმდევრულად იყო დასავლეთისკენ, - ფილიგრანული დიპლომატიური ტექნიკით, რომლის შედეგადაც რუსეთის ხელისუფლება იმ დღეში იყო ჩაყენებული, რომ თვითონ აწერდა ხელს - ვინ მოაწერა ხელი, რომ რუსული ბაზები საქართველოს დატოვებდა? პირადად პრეზიდენტმა ელცინმა. შეძლო შევარდნაძემ, აეხსნა, რომ ეს რუსეთისთვისაც უკეთესი იყო", - აღნიშნავს მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი.

პროდასავლური ახალგაზრდების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე kvirispalitra.ge-ს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრება. მისი თქმით, სააკაშვილის პერიოდის გაყოფა ორ ეტაპადაა შესაძლებელი - როცა ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო და მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ. ალექსანდრე თვალჭრელიძე

"ეს არის ორი სხვადასხვა მიხეილ სააკაშვილი... ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობის დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ის სააკაშვილს თარეშის საშუალებას არ აძლევდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი პრეზიდენტი ფაქტობრივად, უაღვირო ცხენად გადაიქცა.

პირველი დღიდანვე რამდენიმე საინტერესო რეფორმა გატარდა. დადებითი მხარეები იყო, რაც მთავარია, პოლიციის რეფორმა, ქართული ჯარის შექმნა და ევროპეიზაცია, ინფრასტრუქტურული პროგრამები, შუქის პრობლემის მოგვარება, გზების მშენებლობის დაწყება, ავტომაგისტრალების მშენებლობა და ა.შ... მაგრამ მისი ძირითადი ამოცანა სახელმწიფოზე სრული კონტროლი და ელიტური კორუფციული ჯგუფების შექმნა იყო. საქართველოში წვრილი კორუფცია მოისპო და მხოლოდ ელიტური კორუფცია დარჩა. სააკაშვილმა ბიზნესმენების ციხეში ჩასმა დაიწყო, ფულის გამოძალვა... შეიქმნა აბსოლუტურად ელიტური კორუფციული სქემები - შენობების, ბიზნესების წართმევა და ა.შ. მიდიოდა რევანშიზმი - ანგარიშსწორება ადამიანებთან, რომელიც მას არ უყვარდა.

რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, პროდასავლური კურსი არა მან, არამედ - შევარდნაძემ დაიწყო. ამასთანავე, კონსტიტუცია შევარდნაძის დროს შეიქმნა, ლარი შევარდნაძის დროს გაჩნდა, პირველი ელჩებიც შევარდნაძის დროს დაინიშნა, პირველი უდიდესი კონტრაქტორი შევარდნაძის დროს იყო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი შევარდნაძის დროს აშენდა, რეფერენდუმი - "გინდათ თუ არა ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება?" შევარდნაძის დროს ჩატარდა და ა.შ", - აცხადებს თვალჭრელიძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება ბოლო 8-წლიან, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ამ დროს უმთავრესი "ქვეყნის საერთო განვითარება" გახდა, ყველაზე დიდ ნაკლად კი - სასამართლო სისტემის არასწორი რეფორმა გამოიკვეთა.

"როცა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ბევრი რამ გაკეთდა. მნიშვნელოვანი იყო კოჰაბიტაციის პერიოდი - ბევრი ადამიანის ზრახვები არ გამართლდა და ეს სწორია, რადგან არ შეიძლებოდა რევანშიზმის დამყარება და ყველა საჯარო მოხელის სამინისტროებიდან გაყრა.

ამუშავდა პროექტი "აწარმოე საქართველოში" და ბევრი სხვა. მინუსებს, ჩემი აზრით, მიეკუთვნება არასწორი სასამართლო რეფორმა - სასამართლოსი ადამიანს უნდა სჯეროდეს... ადრე თუ ის მოსამართლეები, ვინც ახლა არიან, ჯერ შევარდნაძეს ემსახურებოდნენ, მერე სააკაშვილს, ახლა ემსახურებიან "ქართული ოცნების" მთავრობას. არ შეიძლება სასამართლო სისტემაში ასეთი ადამიანების გაჩერება, ის აუცილებლად დამოუკიდებელი ადამიანებით უნდა დაკომპლექტდეს და ამის საკმაოდ მძლავრი რესურსიც არსებობს. ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე რუსეთს რაც შეეხება, რა ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან? ეს ყველაფერი ხომ მონაჭორია. სტრატეგიული ბიზნესები სააკაშვილმა გადასცა რუსეთს, თუნდაც, "ენგურჰესი", "ყაზტრანსგაზი" (რომელიც გამოისყიდეს) და ა.შ. არ მჯერა, რომ ივანიშვილი პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებს. არც დიდად პროდასავლურ ძვრებს ვხედავთ. თუმცა, პროდასავლურობას რაც შეეხება - ლამის აშშ-ს ელჩი მართავს ქვეყანას", - აღნიშნავს თვალჭრელიძე.

საინტერესოა, თითოეული მმართველობის პერიოდი როგორ ფასდება ისტორიკოსის გადმოსახედიდან. Kvirispalitra.ge-სთან დიმიტრი შველიძე მათ მემკვიდრეობაზე საუბრობს. გამსახურდიას პერიოდიდან ის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, გარდამავალ პერიოდსა და დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გამოჰყოფს.

"ზვიად გამსახურდიას მმართველობა შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე, პირველ რიგში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით აღინიშნა 1991 წლის 9 აპრილს - ამას წინ უძღვოდა 20-წლიანი გარკვეული დისიდენტური ჯგუფის აქტივობა, რაც მერე ეროვნული მოძრაობის აღმავლობით დამთავრდა. გამსახურდიამ და მისმა ჯგუფმა დამოუკიდებლობის იდეა პირველმა გაახსსენა ქართველ საზოგადოებას, რომელსაც საერთოდ აღარ ახსოვდა ეს იდეა... მან მობილიზება გაუკეთა საზოგადოებას ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო და მერე საყოველთაო სახალხო გახადა ის - იგულისხმება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის იდეას დაუჭირა მხარი.  1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი

რადიკალიზმი იმდროინდელი მსოფლიოს პროცესების თანმდევი იყო და არანაკლები რადიკალები იყვნენ ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; ამასთანავე, რადიკალური ჯგუფების ლიდერობა ეროვნულ მოძრაობაში იმან გამოიწვია, რომ ჩვენმა ინტელიგენციამ, რომელიც ბევრად ზომიერი იყო, ვერ გაბედა ეროვნული მოძრაობის ლიდერობა. პირიქით, გამსახურდიამ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 1990 წლის 14 ნოემბერს, თავის, როგორც არაკომუნისტური ლიდერის პირველ გამოსვლაში გამოაცხადა ე.წ. გარდამავალი პერიოდი, რაც ნიშნავდა 2-3-წლიან პერიოდს, როცა უნდა მომზადებულიყო რესპუბლიკა სამართლებრივად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისთვის - მანამდე საქართველოს რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობაში რჩებოდა. ეს არსებითი მომენტია, მისი მმართველის პირველი პერიოდი ზომიერი იყო. თუმცა გაჩნდნენ პოლიტიკურ სპექტრში ბევრად უფრო რადიკალური და შეურიგებელი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი რადიკალიზმი საკუთარი მთავრობის, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენეს. მაგრამ მთავარი მემკვიდრეობა გამსახურდიას მმართველობის - ეს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო.

შემდეგ საქართველო ფაქტობრივად, შეიარაღებული ოპოზიციის ქაოსის ქვეშ მოყვა და ამას მოჰყვა გამსახურდიას მმართველობის ზოგი არაადეკვატური ნაბიჯი საგარეო პოლიტიკაში. ის დაუპირისპირდა კიდეც აშშ-ს, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს იყო რაღაც იძულებითი, შევიწროვებული ხელისუფლების არაადეკვატური ნაბიჯი და არ ნიშნავდა ანტიამერიკულ პოზიციას.

შეცდომითაა მიჩნეული, თითქოს სხვა ხელისუფლებებმა დაიწყეს დემოკრატიზაცია - არა, დემოკრატიული საზოგადოებისკენ პირველი ნაბიჯები სწორედ გამსახურდიას დროს გადაიდგა, კერძოდ, ამ დროს კანონიერად დაფუძნდა მრავალპარტიულობა საქართველოში; მის დროს დაიწყო საუბარი საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე და ა.შ. რაც შეეხება ფრაზებს, რომ ის "დიქტატორია" და ა.შ. ეს ზღაპრებია და დრომ უკვე გააქარწყლა", - აღნიშნავს შველიძე.

შევარდნაძეზე საუბრისას ისტორიკოსი ევროსაბჭოში გაერთიანებას, ნატო-ს კარზე დაკაკუნებას, ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით წასვლას, ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტებს, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე შეთანხმებას იხსენებს.

"შევარდნაძემ, როგორც თვითონ ამბობდა, პირველმა დააკაკუნა ნატო-ს კარზე და დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში; მან საქართველოს დაუბრუნა საერთაშორისო ფუნქცია, როგორც ხიდის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; ხორცი შეასხა პროექტს ნავთობსადენ ბაქო-თბილისი ჯეიჰანს - რაც უმნიშვნელოვანესი საქმე იყო, ეს რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგა და ამ პროექტით დასავლეთი დააინტერესა; დააყენა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენი; ამ პროექტებმა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, გახადა დასავლეთისთვის საინტერესო და ეკონომიკურად მიმზიდველი. აღარ ვლაპარაკობ იმ ურთიერთობებზე, რაც მას ჰქონდა დასავლეთის ლიდერებთან...

მანვე მოამზადა პოლიტიკური ახალგაზრდა თაობა, პროდასავლურად განწყობილი გუნდი, რომელმაც მის შემდეგ აიღო ხელისუფლება ხელში. მისი დანატოვარი იყო ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლაც, მიუხედავად რევოლუციური სიტუაციის შექმნისა; ამასთანავე, ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური სტაბილიზაციის შექმნა, მეტ-ნაკლები მშვიდობის დამყარებაც საზოგადოებაში, დამსახურება იყო, რადგან ქვეყანა ამ "მხედრიონისა" და შეიარაღებული ჯგუფების ქაოსიდან გამოიყვანა. ევროსაბჭოში გაერთიანებაც და საერთაშორისო დიპლომატიის წინაშე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პრინციპული დაყენებაც მის დროს მოხდა.

შევარდნაძის, როგორც დიპლომატის ნიჭი უარყოფით კონტექსტშიც გამოვლინდა - ის რომ ცდილიყო, გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გადატრიალებას არ დაუშვებდა. დოკუმენტურად თითქმის ვერ დაამტკიცებ, რადგან ამაში მონაწილეობის დოკუმენტური კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ფაქტია, რომ გადატრიალების ლიდერები მასთან განუწყვეტლივ დადიოდნენ მოსკოვში, რეკომენდაციებს იღებდნენ და ეს გადატრიალება მისი მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა", - აცხადებს ისტორიკოსი.

დიმიტრი შველიძე აფასებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებსაც და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია სწორედ მან დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში და "ამის უარყოფა უბრალოდ სიბრმავეა". მიხეილ სააკაშვილი

"სააკაშვილმა პროდასავლური, დემოკრატიული ხასიათის რეფორმები რადიკალურად გაატარა: რეფორმა განათლების სისტემაში ეროვნული მისაღები გამოცდების სახით, რომელმაც კორუფციას გადაუკეტა გზა განათლების სისტემისკენ; პატრულის, პოლიციის რეფორმა - ადრე, შევარდნაძის დროს პოლიციელებს "ძაღლებს" ეძახდნენ, სააკაშვილის მმართველობაში კი პატრული მოსახლეობისთვის მისაღებ ინსტიტუტად და მეგობრულ ძალად იქცა. ამასთანავე, მისი დანატოვარი იყო: ეკონომიკური რეფორმები - მიმდინარეობდა ბიზნესის დევნა და გამოძალვა, მაგრამ საერთოდ, კანონის ფარგლებში გაათავისუფლა ბიზნესი რეკეტისგან, რომელიც შევარდნაძის პერიოდში კატასტროფული მასშტაბების იყო; მშენებლობა, ეკონომიკური და ფინანსური წინსვლა, ბიუჯეტის შევსება, რომელიც უღარიბესი, უღატაკესი იყო შევარდნაძის დროს; ქურდული სამყაროს, მე ვიტყოდი, თითქმის სრული განეიტრალება; ინვესტიციების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და თანხების მოზიდვა ქართულ ეკონომიკაში ჩასადებად.

თუმცა, ეს ახალგაზრდების გუნდი იყო, ისინი ჩქარობდნენ, ბევრი რამ უშლიდათ ხელს და ერთ მშვენიერ დღეს მათ გადაწყვიტეს, რომ ის, რაც არ გამოდიოდა მშვიდობიანი გზით, ძალისმიერი გზითაც გაეკეთებინათ. ეს იყო მათი ყველაზე სერიოზული შეცდომა, რომელიც რიგ შემთხვევაში დანაშაულშიც გადაიზარდა. ამან გამოიწვია მათი ხელისუფლებიდან წასვლა, თუმცა აქაც იყო დადებითი, რომ ნებაყოფლობით წავიდნენ", - ამბობს შველიძე.

დიმიტრი შველიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მემკვიდრეობაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, შეგვიძლია შევაფასოთ ის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში.

"ამ ხელისუფლებამ დემოკრატიული პრინციპები აღადგინა და პირველ წლებში დასძლია, დაგმო წინა ხელისუფლების ავტორიტარული სტილი და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა; ასევე, აირჩია ე.წ. კოჰაბიტაციის გზა, რომელიც მარტივი დემოკრატიული მოვლენაა და ითვალისწინებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებას დევნა არ უნდა გამოუცხადოს; მეტ-ნაკლებად მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის მინიმალური სტაბილიზაცია, თუმცა ეს მაინცდამაინც დიდი მიღწევა არ არის და სამწუხაროდ, გრძელდება დაძაბულობა, ოკუპაცია და აგრესიული ბორდერიზაცია;

დემოკრატიულ პრინციპებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ სახელმწიფოს ვერ დაერქმევა დემოკრატიული, როცა მთავრობა დამოუკიდებელი არ არის, როცა ხელისუფლება ერთი პირის შემყურეა, არაფორმალურის, არალეგიტიმურის, თუნდაც ის იყოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე - პარტიის თავმჯდომარე ერთია, ხელისუფლების ლიდერი კი სულ სხვაა. აქედან გამომდინარეა მთელი რიგი უარყოფითი მომენტები, რაც ჩვენს დემოკრატიას აზარალებს და ვრცელდება მთელ რიგ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, მაგალითად, შეუწყნარებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, შეუწყნარებლობა ოპოზიციური აქციების მიმართ, არასამართლიანი სასამართლო და სხვა, მაგრამ არ მსურს, დეტალურად ჩამოვთვალო - ეს უბრალოდ ის ყველაფერია, რაც დემოკრატიულ პრინციპებს აზიანებს და არასრულყოფილს ხდის..." - აღნიშნავს შველიძე kvirispalitra.ge-სთან.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)