"ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ" - ვისთან ერთად მივიდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე - კვირის პალიტრა

"ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ" - ვისთან ერთად მივიდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე

მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

"დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თვისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას მივეცი. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანზე მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მე-10 მოწვევის პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით, დაახლოებით 100 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

"ჩვენ მუდამ კველევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. "ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს ორი მანდატი", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო