"ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს"

ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მშვიდად წარიმართა ოპოზიციის მხრიდან გარემოს გაუარესების მცდელობების მიუხედავად.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და შვილებისთვის. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვიცით რა ომების მძიმე ფასი, გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა ეტაპზეა გადასული, იმაზე ძლიერია ვიდრე 4 ან 8 წლის წინ. მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი კამპანია იყო ზოგადად ქვეყანაში წარმართული ჩვენი ოპონენტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საარჩევნო ფონი გაუარესებულიყო, დამკვიდრებულიყო არასწორი განცდები. მათი ეს მცდელობა მიღწეული ვერ იქნა და ვერ იქნება მიღწეული ის პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან ეს პერიოდი გვესმოდა. სახელმწიფო დღეს ძლიერია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მომავალი კიდევ უფრო ძლიერი იყოს",- განაცხადა მინისტრმა.

ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

"თუ რომელიმე სუბიექტი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.