"საქართველო გავლენიანი პოლიტიკოსების გავლენით "იჩაგრება" - როგორ ეხმაურება არჩევნების მიმდინარეობას უცხოური მედია
"საქართველო გავლენიანი პოლიტიკოსების გავლენით "იჩაგრება" - როგორ ეხმაურება არჩევნების მიმდინარეობას უცხოური მედია
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დაწყებას უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, შეიძლება ითქვას, მობილიზებულები შეხვდნენ: რუსულმა და ევროპულმა გამოცემებმა დილიდანვე გაავრცელეს მასალები, რომლებშიც ასახულია როგორც ამომრჩეველთა და განწყობა-პოზიციები, ასევე მოცემულია გარკვეული პროგნოზიც.

-----------------

რუსული და აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები - "რია ნოვოსტი", "ინტერფაქსი", "ტრენდი" და "აზერტაჯი" ხაზს უსვამენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო, ნორმალურად მიმდინარეობს. მასალებში განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა საქართველოს ხელმძღვანელების - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ხმის მიცემის დროს, საარჩევნო ყუთებთან, რომლებშიც აღნიშნულია: "ხმა
მივეცი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, დემოკრატიულ ფასეულობებს, ძლიერ საქართველოს". იქვე მოცემულია ოპოზიციური პარტიების ლიდერთა განცხადებებიც. (წყარო)

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური აქვეყნებს ვრცელ მასალას სათაურით "არჩევნები საქართველოში: "ქართული ოცნების" მმართველობის მესამე ვადა თუ ხელისუფლების ცვლა?", რომელშიც განხილულია ახალი ქართული საარჩევნო სისტემის თავისებურებები, კორონავირუსისა და არჩევნების
ურთიერთკავშირი, არჩევნების სავარაუდო შედეგები (ქვესათაურით "მესამე ვადა თუ კოალიცია"), ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ("დუნე პროდასავლურობა), რევოლუციის შესაძლებლობა ოპოზიციის მხრიდან ("გამარჯვება თუ რევოლუცია").

"ანალიტიკოსების აზრით, კორონავირუსის პანდემიამ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტიურობა მნიშვნელოვნად შეამცირა. პანდემიის ფაქტორის გავლენა აისახა ხელისუფლების პოლიტიკურ იმიჯზეც: კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის წარმატებები მთავრობისთვის საამაყო იყო, მაგრამ დღეს ეფექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. და მაინც, ამომრჩევლთა დიდი ნაწილი, ალბათ, ინერციით ხმას მაინც მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას" მისცემს.
პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ არჩევნების ფავორიტს ბიძინა ივანიშვილის პარტია წარმოადგენს. შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩეს. ამ მხრივ ოპოზიციურ პარტიებს ნაკლები შანსები აქვს: მმართველ პარტიაზე მეტ ხმებს ვერცერთი ვერ მოაგროვებს".

დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო პარლამენტში შესაძლოა ის პარტიებიც მოხვდნენ, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ქვეყნის მიერ არჩეულ პროდასავლურ კურსს, მაგრამ პოლიტოლოგები თვლიან, რომ ისინი თბილისის საგარეო პოლიტიკური კურსისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ: გარგრძელდება ის დუნე პროდასავლური პოლიტიკა, რომელსაც მმართველი პარტია დღემდე ახორციელებს.
არჩევნების წინ მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ოპოზიცია სიტუაციის დესტაბილიზებისთვის ემზადება, თუმცა ეს ბრალდება ოპოზიციამ უარყო. ექსპერტები ეთანხმებიან ოპოზიციის განცხადებას და ამბობენ, რომ დღეისათვის არაფერი არ მოასწავებს მასობრივი გამოსვლებისა და არეულობების მომზადებას. საქართველოში ტრადიციულად, არჩევნების წინ, ასეთი განცხადებები ხშირად კეთდება, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან მოსახლეობას საარჩევნო ინსტიტუტებისადმი ნდობა ნაკლები აქვს. (წყარო)

"ევრონიუსის" მიერ გამოქვეყნებული მასალაში ვკითხულობთ: "საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის უახლეს ისტორიაში - არამარტო იმიტომ, რომ ხმის მიცემა გლობალური საფრთხის - კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობს, არამედ იმიტომაც, რომ დღევანდელი არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით ტარდება, რაც პოლიტიკური ხმების ფართო სპექტრს გულისხმობს. ეს ცვლილება საყურადღებოა იმიტომაც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკა მხოლოდ ორ ძირითადი პოლიტიკური ბანაკის - "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ პოლარიზდება. ამასთან, ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული პარლამენტი "პოლიფონიური" უნდა იყოს და არა "კაკაფონიური".

მას სემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, 1991 წლიდან, ქართულ პოლიტიკაში მსხვილმასშტაბიანი პიროვნებები დომინირებდნენ, რომელთა შორისაც დღევანდელი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპლინით იმედოვნებს უკრაინიდან ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს მიხეილ სააკაშვილია - საქართველოს ყველაზე სკანდალური ექს-პრეზიდენტი.

საქართველო გავლენიანი პოლიტიკოსების გავლენით "იჩაგრება": ჯერ იყო ედუარდ შევარდნაძე, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ახლა ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამ გავლენიანი პოლიტიკოსების გამო არიან ამომრჩევლები გაყოფილნი, ვიდრე პოლიტიკით და პოლიტიკური პარტიებით. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს კეთილმსურველი მოყვარეები და ცუდისმსურველი მტრებიც: ბევრს იგი დაამახსოვრდა როგორც პოზიტიური მიღწევებით, ასვე ავტორიტარული ტენდენციებით. ოპოზიციურ სპექტრში ბევრს არ მოეწონა "ნაციონალების" ნაბიჯი პრემიერ-მინისტრად ექს-პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების სახით: შესაძლოა ამ გარემოებამ წამგებიანი როლი შეასრულოს ხმების მიღებაზე.
ქართულ პოლიტიკაში სტატუს-ქვოს (ანუ ამჟამინდელი მმართველი ძალის) შენარჩუნება, ალბათ, კრემლის მხრიდან [თავშეკავებულ] ნეგატიურ ემოციას გამოიწვევს. საქართველო დასავლურ კურსს გააგრძელებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთს დღეს თავისი უამრავი პრობლემა აქვს, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ რუსეთმა კავკასიაში მზერა ისევ საქართველოს მოაპყროს - მთიანი ყარაბაღის ომის გამო დაკარგული კაპიტალის აღდგენის მიზნით". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები