"ივანიშვილი მთავრობას "უხილავი ძაფებით მართავს" თავისი ვრცელი სასახლიდან,რომელიც თბილისს ზემოდან გადმოყურებს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი მთავრობას "უხილავი ძაფებით მართავს" თავისი ვრცელი სასახლიდან,რომელიც თბილისს ზემოდან გადმოყურებს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ბრიტანული "ფაინენშელ თაიმსი" («Financial Times») აქვეყნებს თავისი მოსკოველი კორესპონდენტის ჰენრი ფოის მიერ მომზადებულ სტატიას, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარალამენტო არჩევნების შემდგომი სიტუაცია, მასში ასევე საუბარია ქვეყნის პერსპექტივაზეც. პუბლიკაციის სათაურია "მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას აცხადებს, ოპოზიცია კი ხალხს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებს"// "ქართული ოცნება~, როგორც ჩანს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებაში ზედიზედ მესამე ვადით მოდის".

გთავაზობთ შემოკლებით:

"საქართველოს მმართველმა პარტიამ, შაბათს გამართული საპრლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმები ყველაზე მეტი რაოდენობით მიიღო. ამასთან, ოპოზიციამ უარყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები და მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლებისაკენ მოუწოდა, პროტესტის ნიშნად.

"ქართული ოცნება", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი - რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი - ხელმძღვანელობს (მას ოფიციალურად რაიმე სამთავრობო თანამდებობა არ უკავია), როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებაში მესამე ვადით მოდის. ცესკოს განცხადებით, პარტიამ ხმების 49% მოაგროვა (ბიულეტენების 66%-ის დათვლის შემდეგ), თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ოცნება უმრავლესობას პარლამენტში

ბოლო დროს მმართველი პარტიის პოპულარობამ მნიშვნელოვნად იკლო. ამის მიზეზია მისი ხისტი რეაგირება ქუჩის გამოსვლებზე და კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, რომელმაც კრიზისი და ზარალი გამოიწვია.

შაბათს გამართული არჩევნები საქართველოს რეპუტაციის ერთგვარ კრიტიკულ გამოცდასაც წარმოადგენს - არის თუ არა ჭეშმარიტი დემოკრატია იმ პოსტსაბჭოთა რეგიონში [კავკასიაში], სადაც ავტოკრატები დომინირებენ და პოლიტიკური კორუფცია ბატონობს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მთავრობას "უხილავი ძაფებით მართავს" თავისი ვრცელი სასახლიდან, რომელიც ბორცვზეა აშენებული და თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს.

ოპოზიციური პოლიტიკოსები ბევრს საუბრობენ აგრეთვე ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მჭიდრო კავშირებზე რუსეთთან - და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს უკვე აქვს წინასწარი თანხმობა ნატოში გაწევრიანებაზე და ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.

ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 26% მოაგროვა, არჩევნები "არალეგიტიმურად" ჩათვალა და თავის მომხრეებს კვირას ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოსვლისაკენ მოუწოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულია "ჩხუბისთავი" ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2013 წელს საქართველოდან გაიქცა და ახლა უკრაინის მთავრობას უწევს კონსულტაციებს.

ოპოზიციის ნეგატიურმა რეაქციამ არჩევნების შედეგების მიმართ შეიძლება გრძელვადიანი მღელვარების პროვოცირება გამოიწვიოს იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს, თურქეთს და ირანს შორისაა "ჩაჭედილი" და რომელიც 2004 წლიდან კავკასიაში პროდასავლური საყრდენის როლის შესრულებას ცდილობს.

საქართველოს მოსკოვთან დაძაბული დამოკიდებულება აქვს. სწორედ რუსეთის მიზეზით დაკარგა ქვეყანამ თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ომის შემდეგ, რომელიც თბილისმა პრორუსი სეპარატისტების გამო ჩრდილოელ მეზობელთან დაიწყო 2008 წელს. ბოლო დროს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ კიბერშეტევებშიც არის დადანაშაულებული.

"ქართული ოცნება" რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასაც ცდილობს - განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, მაგრამ უარყოფს [ოპოზიციის ბრალდებებს], რომ კრემლთან მიმართებით თითქოსდა რბილ პოლიტიკას ატარებს.

შაბათს გამართული არჩევნები პირველია იმ მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემაში განხორციელდა გასულ წელს ქუჩის მასობრივი გამოსვლების გამო. ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, შემცირებულია ერთმანდატიანი (მაჟორიტარული) საარჩევნო ოლქები პროპორციული (პარტიული) სიების სასარგებლოდ. ასეთმა სიახლემ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს პარლამენტში ძალთა განლაგება და არაა გამორიცხული, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წინამძღვრები შეიქმნას.

"იმის დამოუკიდებლად, თუ ვინ შექმნის კოალიციურ მთავრობას, საეჭვოა ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები მოხდეს", - ამბობს ზახარ ვიტლინი, პოლიტიკური რისკების შემსწავლელი კონსალტინგური კომპანიის Eurasia Group-ის უფროსი ანალიტიკოსი, - "უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ არასტაბილური მთავრობის სამომავლო ოთხწლიანი საქმიანობა რისკების შემცველი იქნება. მუდმივად იარსებებს კითხვა - იმუშავებს თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლება აწყობილად და თანმიმდევრულად". წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ