"ივანიშვილს აუცილებლად ექნება პარტიებთან ვაჭრობის მცდელობა... ოპოზიციას ორი გზა აქვს..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს აუცილებლად ექნება პარტიებთან ვაჭრობის მცდელობა... ოპოზიციას ორი გზა აქვს..."

"ლიდერი ასე არ იქცევა, ის ხდება გამაერთიანებელი, ივანიშვილმა კი ყველაფერი ააგო სიძულვილზე, დაპირისპირებაზე და შუღლზე. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია"

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3847-ვე საარჩევნო უბანი.

ყველა უბნის პირველადი მონაცემებით, "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" 48.15 %-იანი, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 27.14%-იანი მხარდაჭერა აქვს.

დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია:

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.78%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.14% , "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15% , "ლელო" - 3.15% , "გირჩი" – 2.89% , "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" - 1.33 % , "ლეიბორისტული პარტია" – 1%, "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" -0.85%.

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ისინი ცესკოს მონაცემებს აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, რომ არა ტოტალური გაყალბება, "ქართული ოცნება" ვერ შეძლებდა უმრავლესობის მოპოვებას. ისინი მიუთითებენ შანტაჟზე, მოსყიდვასა და გადაწერილ ოქმებზე.

როგორც ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, ამ სახის საარჩევნო ადმინისტრაციის შენარჩუნება ყველა პარტიის ინტერესშია და თუ ცესკო არსებითად და კომპეტენციითაც არ შეიცვალა, მისი ობიექტურობა სულ ეჭვქვეშ იქნება.

- ოქმები მხოლოდ ხელმოწერები არ არის. თუ გახსოვთ, 2003 წელსაც ხელმოწერებზე იყო აქცენტი. ოქმზე ხელმოწერები კი არა, მასში მონაცემები უნდა იყოს რეალური და დალუქულთან შესაბამისი. ამ ოქმებს კანონით განსაზღვრული მონაცემები თუ არ აქვს, ის არ არის სამართლებრივად სწორი და უნდა გადამოწმდეს. არსებობს ამის პროცედურები - თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება, საკუთარი ინიციატივით გადამოწმება და სასამართლოში გასაჩივრება. რომც არ გასაჩივრდეს, საარჩევნო ადმინისტრაციაც ვალდებულია, ოქმები შეამოწმოს და თვითონ სუბიექტებმაც უნდა გააკეთონ ეს. ამის შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა იმაზე, ლეგიტიმურია თუ არა, საიდან მოხვდა ეს ოქმები და რას აკეთებს საარჩევნო ადმინისტრაცია. ერთი ვარიანტია ის, რომ მათ ან არითმეტიკა არ იციან და ამ უცოდინარ ხალხს ჩვენი ჯიბიდან ვაძლევთ ხელფასს (ეს უკეთესი ვარიანტია), ან ისინი არ ემორჩილებიან კანონს და არღვევენ მას. ამაში მოიაზრება მოსყიდვაც და შანტაჟიც. ამ სახის საარჩევნო ადმინისტრაციის შენარჩუნება ყველა პარტიის ინტერესშია. გავიხსენოთ, 2003 წლიდან დღემდე რაზე კამათობენ - ვის რამდენი ჰყავდეს კომისიაში, დამოუკიდებელი წევრი ვისი იყოს, რა იყოს და როგორ იყოს... 10 წელია ვამბობ, ჩვენ საერთო ეროვნული, მინიმუმ 2 არჩევნები თუ არ გვეყოლა აპოლიტიკური, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ისე ჩვენთან საარჩევნო პროცესი ვერ გაჯანსაღდება.

როცა ასეთი დისბალანსია, რა მონაცემებიც იდება, შეიცვლება და მათ კორექტირებაზე თვითონ ცესკოც იმსჯელებს, მითუმეტეს, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების ფონზე. პოლიტიკურმა პარტიებმა, კეთილი ინებონ და წარმართონ სამართლებრივი პროცესები, მათ აქვთ ამის რესურსი. 2003 წელი რატომ გავიხსენე იცით? თუ კი რომელიმე უბანზე არ ეძლეოდათ უბნის ოლქის მონაცემების გაყალბების საშუალება, ეუბნებოდნენ ასლებს გადავიღებთ და მოგცემთო. დალუქული პაკეტები გზაში იხსნებოდა და შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად იცვლებოდა. ჩვენ თუ გვეყოლება დამოუკიდებელი და საერთაშორისო ქოლგის ქვეშ და საზოგადოების წინაშე ვალდებული საარჩევნო ადმინისტრაცია, მსგავსი რაღაცეები წარმოუდგენელია. ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაცია არსებითად და კომპეტენციითაც თუ არ შეიცვალა, მისი ობიექტურობა სულ ეჭვქვეშ იქნება".

თენგიზ ფხალაძე, პოლიტოლოგი:

- ცესკომ ნება უნდა იბოძოს და გასაგებად ახსნას, რა არითმეტიკით ხელმძღვანელობს, როდესაც ელემენტარული ციფრები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და, ელემენტარულად, ამომრჩეველი იმსახურებს იმას, რომ საარჩევნო კომისიის იმ წევრებმა, რომლებიც ხელს აწერენ იმ ოქმებს, სადაც ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა, აგვიხსნან, რას გულისხმობდნენ ამ რებუსებში. ამის მერე შეიძლება ვილაპარაკოთ ზოგადად სურათზე. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ცესკოს და იმას, რომ მან თავისი ვალდებულება სწორად შესარულოს. დარღვევა თუა, ამას სჭირდება რეაგირება და პოლიტიკოსების ამოცანაა ის, რომ ყოველგვარი მანიპულაციის და კითხვის ნიშნების გარეშე უზრუნველყონ ხმების სწორად დათვლა და დაცვა. ეს მნიშვნელოვანია არა ვინმეს გამარჯვებისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოსთვის და პატივისცემაა საკუთარი მოქალაქის მიმართ, რომ მისი ხმა არ იკარგება, ესაა მთავარი.

"ოცნება" რომ პირველ ადგილზეა, გასაგებია, მაგრამ რამდენ მანდატს გულისხმობს, ეს გაუგებარია. როგორც ვიცი, საკმაოა მეორე ტურების რაოდენობაც. ასე რომ, ჯერ საუბარი იმაზე, თუ ვის ექნება მყარი უმრავლესობა, მაინც ნაადრევად მეჩვენება იმიტომ, რომ დღევანდელი ციფრებით 50+1 ჯერ არავის აქვს. მესმის, რომ პარტიებს აქვთ სურვილი ჰქონდეთ მეტი ადგილი, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას და გვაძლევდნენ იმ სურათს, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რა ხდება რეალურად. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, ეს ყველაფერი საბოლოოდ დამოკიდებულია საბოლოო შედეგებზე. მთავრობის დაკომპლექტება და კოალიციის ჩამოყალიბება თუ ვერ მოხდა, მაშინ ავტომატურად დგება ეს საკითხი. წინ მეორე ტურებია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე.

ქუჩის პროცესის აპოლოგეტი არ ვარ, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ დგანან სათანადო დონეზე და არ მინდა, რომ ამ ვითარებაში ვიხილო ქვეყანა. ვინმეს თუ აქვს იმის ცდუნება, რომ ამომრჩევლის ხმებით დაიწყოს ვაჭრობა, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის სერიოზული შეურაცხყოფა, რასაც შესაბამისი შედეგები მოაქვს პოლიტიკოსისათვის.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ მომავალ პარლამენტში მოხდება გადაულახავი კრიზისის ფორმირება და მაღალი ალბათობით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი შეიქმნება. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიებთან ვაჭრობა დაიწყოს.

- არაფერი ახალი არ გვინახავს, უბრალოდ, ეს არ დამთავრდა და დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ის მანკიერი ტექნოლოგია, რაც მაიმუნობის და მამაძაღლობის სახით იქნა მოგონილი ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში. "ოცნებამ" არაფერზე უარი არ თქვა, რითაც, ფაქტია, ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა ფორმით – პროპაგანდის, მოსყიდვის, შანტაჟის ფორმით იძალადა. მან ყველაფერი გამოიყენა და, შესაბამისად, სურათი დამახინჯდა - ისევ სიმბიოზური "ნაცქოცური" ნარატივი ვიხილეთ. მათი ერთგვარი სიმბიოზი ჩამოყალიბდა, რომელიც ერთმანეთს კვებავს და აძლიერებს, შედეგად - ისევ გახლეჩილი საზოგადოება. ლიდერი ასე არ იქცევა, ის ხდება გამაერთიანებელი, ივანიშვილმა კი ყველაფერი ააგო სიძულვილზე, დაპირისპირებაზე და შუღლზე. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ვფიქრობ, ასეთი სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში, "ოცნებას" გაუჭირდება ოთხწლიანი ციკლის ბოლომდე ჩატარება. ფონი არის ძალიან მძიმე როგორც პანდემიასთან, ისე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, მათ რაოდენობრივი უპირატესობა, მეორე მხრივ, ოპოზიციას მეტი პოლიტიკური წონა ექნება, ეს პარლამენტი ფუნქციონალური ვერ იქნება.

ხელისუფლებამ უკვე გადაკვეთა რუბიკონი და გასაგებია, ის როგორც მოიქცევა, ოპოზიციას რაც შეეხება, ორი გზა აქვს - შეუძლია არ აღიაროს შედეგები, უბრალოდ, არ შევიდეს პარლამენტში და ამ შემთხვევაში, არ შედგება პარლამენტი (ფაქტია, 100 დეპუტატი არ ეყოლება და შესაბამისად, სხდომას ვერ გახსნიან). ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ან მეორე – შევიდნენ პარლამენტში და დაიწყოს პრობლემები, რაც რაღაცით დამთავრდება. სტაბილური პოლიტიკური განვითარება უახლოეს პერიოდში, სამწუხაროდ, არ გვიწერია და ეს ხდება მძიმე ეკონომიკური და ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე, რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ივანიშვილს აუცილებლად ექნება პარტიებთან ვაჭრობის მცდელობა. სამწუხაროდ, ამ მხრივ ცუდი გამოცდილება გვაქვს და ოპოტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები.

(სპეციალურად საიტისთვის)