კვლევების ომი ანუ სპეცდანიშნულების ეგზიტპოლები?! - კვირის პალიტრა

კვლევების ომი ანუ სპეცდანიშნულების ეგზიტპოლები?!

"ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ შემთხვევაში ემზადებოდა იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა. არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ამაზე უარესი შედეგიც მიეღოთ"

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" - 48%-იანი, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27%-იანი მხარდაჭერა მიიღო. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი ასე ნაწილდება: "ევროპული საქართველო" - 3.78%; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.14%; "სტრატეგია აღმაშენებელი"  - 3.15%; "ლელო" - 3.15%; "გირჩი" - 2.89%; "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" - 1.33%;"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1,1%. თბილისის ყველა და რეგიონის რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარება იქნება საჭირო. ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგები გაყალბებულია, გაისმის მოწოდებები, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, ვინც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, უარი თქვან მანდატებზე. საპროტესტო აქცია გაიმართა 1-ლ ნოემბერს პარლამენტის შენობასთან, ოპოზიცია პერმანენტული პროტესტით იმუქრება. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

სანდრო თვალჭრელიძე

- ჩემი აზრით, ეს არის ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები. ვფიქრობ, რიგ ოპოზიციურ ძალებს დაელაპარაკებიან ევროპელი კონსულტანტები და მოუწევს ნაწილს მაინც პარლამენტში შესვლა. მართალია, ოპოზიცია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევას ცდილობს, მაგრამ ვერ ვხედავ ამის შექმნისთვის ობიექტურ საბაბს. გამოქვეყნებული კვლევებისა და ეგზიტპოლების მიხედვითაც, "ქართული ოცნება" იყო და არის ლიდერი. მაინცდამაინც "მთავარი არხის" დაკვეთილ ეგზიტპოლს რატომ უნდა ვენდოთ ან მაგათი ნდობა როგორ შეიძლება?!"ამ ლოგიკით, საზოგადოება ოთხ ნაწილად უნდა იყოს გაყოფილი, რადგან ოთხი სხვადასხვა ეგზიტპოლი ვიხილეთ.

საოცარია ეს ეგზიტპოლების ომი. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე საზოგადოებაში ჩატარებული კვლევები ასეთ სხვაობას იძლეოდეს. ეს ხომ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერია დამკვეთიც და ჩამტარებელიც. ვფიქრობ, მაინც ყველაზე ობიექტური "ფორმულის" ეგზიტპოლი იყო. ფაქტობრივად, იგივე აჩვენა "სამართლიანი არჩევნების" პარალელურად ჩატარებულმა დათვლამაც.

ყველაფერი ჰგავს წინასწარ დაგეგმილ სცენარს - მოამზადო "გამარჯვების" ეგზიტპოლი და შემდეგ, თუ არ დაემთხვა, მასზე დაყრდნობით, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადო მიშას და გვარამიას ეგზიტპოლი კი სპეციალურად იყო გაკეთებული არეულობისთვის. ეს ყველაფერი პროცესების რევოლუციური განვითარებისთვის საფუძვლის შექმნის ცდაა, მაგრამ არ გამოუვათ. დღეს არეულობა არავის სჭირდება, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას სიმშვიდე სურს. არ სჭირდებათ საქართველოში არეულობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, ისედაც მძიმე ვითარებაა რეგიონში.

კი იმუქრება ოპოზიცია აქციებით, მაგრამ ხომ ნახეთ, რა თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კენჭისყრის მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არ არისო. რას ვიზამთ, პოლიტიკური კულტურის კვლავ იმ ეტაპზე ვართ, რომ ყველას თავი გამარჯვებული ჰგონია და დამარცხების აღიარება არავის სურს. ყოველივე ამის ორკესტრირებას უკრაინიდან ცდილობს მიხეილ სააკაშვილი თავისი "მთავარი არხით". არჩევნების დამთავრების შემდეგ, როდესაც შედარებით სიმშვიდე იყო, სწორედ ნიკა გვარამიამ მოუწოდა ოპოზიციას ქუჩაში გასვლისკენ, გასაგებია, ვისი დავალებითაც. პირველ რიგში, გამოეხმაურნენ 1%-იანი პარტიები, რომლებიც წესით, თავის თავზე უნდა ყოფილიყვნენ გაბრაზებულები, რომ ასეთი შედეგი აჩვენეს. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ არხსაც გამოიყენებს ისე, როგორც 2003 წელს გამოიყენა "რუსთავი 2", მაგრამ აღარ გამოუვა - შეუძლებელია კიდევ რევოლუციის დადგმა, ამისთვის არც საზოგადოებაა მზად და სახელმწიფო ინსტიტუტებიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2003 წელს იყო. არც ის მგონია, ქვეყანაში არსებობდეს რევოლუციური სცენარის გათამაშების რესურსი, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ახლა რევოლუცია დააქცევს ქვეყანას. "ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ შემთხვევაში ემზადებოდა იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა. არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ამაზე უარესი შედეგიც მიეღოთ.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა "ქართული ოცნების" გამარჯვება?

- შეიძლება ითქვას, "ქართულმა ოცნებამ" წკიპზე გაიმარჯვა. ძალიან ბევრი მეორე ტური იქნება, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატიულობის გზაზე ნელა, მაგრამ წინ მივდივართ. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებასაც" არა აქვს საზეიმო. ეს მისთვის კარგი გაკვეთილია, რათა უფრო მოუსმინოს ხალხს. მის გამარჯვებაში კვლავაც ოპოზიციის შეცდომებმა და "ნაციონალური მოძრაობის" მიუღებლობამ შეასრულა დიდი როლი, თორემ ამომრჩეველში აღარც "ქართული ოცნება" აღიქმება უკვე პოზიტიურ ძალად.

"შეცდომები "ოცნებამაც" უნდა გაიაზროს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე არ ასახულა.

აუცილებლად უნდა გაძლიერდეს მესამე, შუალედური ძალა, რომელიც არც ერთ ამ პოლუსთან არ იქნება ასოცირებული. სხვა შემთხვევაში ეს ორპოლუსიანი განხეთქილება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ქვეყნის განვითარებას კარგა ხანს შეაფერხებს. ხომ ნახეთ აჭარაში რა მოხდა? იქ მხოლოდ ეს ორი პარტია გავიდა. ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებაში უფრო გაიზარდა პოლიტიკური კულტურა, ვიდრე პოლიტიკურ სპექტრში. ხალხი ეძებს გამოსავალს ამ 2 ძალის დაპირისპირებიდან, მაგრამ ჯერ ვერ პოულობს.

გამიკვირდა "გირჩის" წარმატება, თუმცა რომ ვაანალიზებ, ამ ორგანიზაციას სწორი გათვლები აქვს - ისინი ახალგაზრდებზე მუშაობენ, სწორად ჰყავთ შერჩეული სამიზნე სეგმენტი და სხვა ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, სამოქმედო გეგმაც სწორად დასახეს.

მცდარი კამპანია და სტრატეგია ჰქონდათ იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ევროპულ ფლანგზე მოიაზრებიან და თითქოს ნაკლებად რადიკალური არიან. ისინი რადიკალური განცხადებებითა და ხელისუფლების კრიტიკით ჩაეწერნენ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში. შესაბამისად, მათი აღქმა მესამე დამოუკიდებელ ძალად ამომრჩეველს გაუჭირდა. ამან განსაკუთრებით "ლელო" დააზარალა. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო იმის გამოცხადება და რაღაც შეთანხმებების გაფორმება, რომ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, არ შექმნიდნენ კოალიციას. ამომრჩევლის 56% მივიდა საარჩევნო ურნებთან, 44% კი არის აბსოლუტურად გაწბილებული ამომრჩეველი - მას არც "ქართული ოცნება" სურს, არც "ნაციონალური მოძრაობა" და თან ვერავითარ შუალედურ ძალას ვერ ხედავს. ნუ დავაბრალებთ ამას პანდემიას. ეს არის ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის მიმხრობა და გააქტიურება ოპოზიციამ ვერ შეძლო, სამწუხაროდ...

რაც შეეხება მეორე ტურებს, 1-2 ოლქის გარდა, ისევ "ქართული ოცნების" კანდიდატები გაიმარჯვებენ. ძალიან გამიხარდებოდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის გამარჯვება, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ, რადგან ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ "ქართული ოცნების" კანდიდატებს.

- ესე იგი, კვლავ ორპოლუსიანობამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი? - რასაკვირველია. საქართველოში იდეოლოგიურად გამოხატული 2 პარტია არსებობს: "ნაციონალური მოძრაობა", რომლის იდეოლოგია ასეთია - ჯერ სახელმწიფო და მერე ადამიანი; და "ქართული ოცნება" იდეოლოგიით - ჯერ ადამიანი და მერე სახელმწიფო. ჩვენ თავისუფალი ცხოვრების მოყვარული ხალხი ვართ და ამიტომაც უფრო მისაღებია "ქართული ოცნების" იდეოლოგია. მიუხედავად სიდუხჭირის, უმუშევრობისა თუ პანდემიისა, ჩვენ ძალიან გვიყვარს ღრმად და თავისუფლად სუნთქვა, თანაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმდენი ადამიანი გაამწარა, თუ სრულად არ შეიცვალეს სახელიც და ლიდერებიც, არ მიატოვეს მიხეილ სააკაშვილი, გამარჯვების შანსი კარგა ხანს არ მიეცემათ.

ვიმეორებ, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გამარჯვება არ მოუპოვებიათ, ეს "ფეიერვერკები" იმისთვის გაუშვეს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. არჩევნებს აკვირდებოდა ბევრი შიდა თუ გარე დამკვირვებელი, მოვისმინეთ პირველი შეფასებებიც, ითქვა, რომ იყო ხარვეზებიც, მაგრამ ადამიანის არჩევნის თავისუფლად გამოხატვისთვის პირობები დაცული იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ მხოლოდ ოპოზიციის უაზრო განცხადებების გამო რევოლუცია ვერ მოხდება. ცხადია, პატარ-პატარა ექსცესები იქნება, შეეცდებიან პროვოკაციებს, მაგრამ ეს შედეგს ვერ შეცვლის. ასე რომ, 4 წელი კიდევ განწირული ვართ "ქართული ოცნების" მმართველობისთვის. საუბედუროდ, არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა.

- როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებდა წლევანდელ საარჩევნო პროცესს წინა არჩევნებისგან? - უპირველესი განსხვავება ის არის, რომ აბსოლუტურად სხვა საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რამაც პირველად მისცა საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, საზოგადოების ფსონი ამ არჩევნებზე გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა არჩევნებზე იყო. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნები ჩავატარეთ ორგანიზებულად, რაც ნამდვილად მახარებს. ამ პანდემიის დროს ეს არ იყო ადვილი, რასაც ყველა უცხოელი დამკვირვებელი აღნიშნავს.

წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც სხვა არჩევნების წინ, იყო რადიკალური, მაგრამ ნაკლები შეხლა-შემოხლითა და აურზაურით სავსე. ჩემი აზრით, ოპოზიციის შედეგი განაპირობა კრიტიკულად მძიმე შეცდომებმა. უპირველესად იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც იბრძოდნენ. ამით განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაანაწყენეს, ისინი, ვინც აქტიურად იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში ჩართული. ამით ქართულმა ოპოზიციამ თავისი არათანამიმდევრულობა და დესტრუქციულობა აჩვენა. დღეს ვინმე ლაპარაკობს კიდევ გიორგი რურუაზე? - არც არავინ, აღარც ახსოვთ, არადა, საკუთარი იმიჯი გადააყოლეს. რა თქმა უნდა, რურუა არ იყო მათი გადაწყვეტილების მიზეზი, უბრალოდ, ოპოზიციას სურდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ჩავარდნილიყო და "ქართული ოცნება" გაშავებულიყო, რაც არ გამოუვიდა.

შეცდომა იყო ოპოზიციის დამოკიდებულება პანდემიისადმი. მაშინ, როცა საზოგადოება ხედავდა და ხედავს ხელისუფლების ძალისხმევას, თავი გაართვას როგორმე კორონავირუსის შემოტევას და ავად თუ კარგად ეს გამოსდის, ამ დროს ოპოზიციის დაუსაბუთებელი კრიტიკა, განსაკუთრებით ის, რასაც გაზაფხულზე ვისმენდით, საზოგადოებას ძალიან აღიზიანებდა, მით უფრო, რომ ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში - ბევრ ძლიერ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესი ვითარება გვაქვს დღესაც. ამ დროს კი ოპოზიციური ძალები, ნაცვლად იმისა, მოეძებნათ რაიმე გზები, რათა თანადგომა ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, მხოლოდ უსაგნო ლაპარაკით გამოირჩეოდნენ.

ვფიქრობ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა ასევე შეცდომა, როცა სიაში პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე შეიყვანა. რა უნდა გააკეთოს მან პარლამენტში?! ქარიზმატული კაცია, კარგად მღერის, მაგრამ მისი პარლამენტარობა იგივეა, მე რომ გამიშვან კონსერვატორიაში და ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა მომთხოვონ.

ალბათ, შემთხვევითი შეცდომა იყო ასეთი ანტიდასავლური პარტიის აქციაზე რუსულად ნამღერი "თბილისო", ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ამანაც დააზარალა.

როგორც უკვე ვთქვი, მიუღებელი და მცდარი იყო ოპოზიციის განცხადებებიც, რომ კოალიციას "ქართულ ოცნებასთან" არ გააფორმებდნენ. არადა, ეს ის ხალხია, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა. გამოდის, ფუნდამენტურად არ ესმით პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, შეხლა-შემოხლა იყო, მაინც მგონია, რომ დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა საარჩევნო პროცესმა.

ოპოზიცია ცდილობს არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, მაგრამ ვერაფერს დაამტკიცებს, რადგან დარღვევების თაობაზე დაწერილ 300-მდე ოქმში უმეტესად მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზეა ლაპარაკი და არა მნიშვნელოვან გადაცდომებზე.

- უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში, მძიმეა ეპიდემიური ფონიც. როგორ ფიქრობთ, შეძლებს "ქართული ოცნება" ასეთი მყიფე გამარჯვების შემდგომ მძიმე პრობლემებთან გამკლავებას? - ძნელად სათქმელია. მართლაც მძიმე ვითარებაა, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" არ შეცვალა და გიორგი გახარია დატოვა პრემიერად, ვნახავთ საკმაოდ ხისტ და ქმედით ნაბიჯებს. ის კარგი მენეჯერი და ეკონომისტია, პოლიტიკური ინტრიგები სულ არ აინტერესებს, საქმის კაცია და რაც შეუძლია, აკეთებს. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად მოახერხა როგორც ეპიდემიასთან გამკლავება, ასევე ლარის "დაჭერაც". შეხედეთ სხვა ქვეყნებს, საშინელი ინფლაციაა, თურქეთსა და ირანში ეროვნული ვალუტის კატასტროფული დევალვაციაა, შვედეთშიც კი მნიშვნელოვნად გაუფასურდა კრონი. პანდემიის გამოც არ ველი სრულ ლოკდაუნს, მაგრამ იქნება უფრო ქმედითი წერტილოვანი შეზღუდვები. მეტის ფუფუნების უფლებას ჩვენ თავს ვერ მივცემთ, ვეღარ გავუძლებთ.

თუ ამ აქციებმა არ გამოიწვია აფეთქება, ვფიქრობ, პანდემია საქართველოში პროფესიულად იმართება. ჩემი აზრით, პირბადეების ტარებისა (მათ შორის ქუჩაშიც) და სოციალური დისტანციის დაცვის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. პირდაპირი ჯარიმებია საჭირო, პოლიცია სულ ქუჩაში უნდა იყოს.