ქართულმა არმიამ არჩევნებში მხარი ხელისუფლებას დაუჭირა - კვირის პალიტრა

ქართულმა არმიამ არჩევნებში მხარი ხელისუფლებას დაუჭირა

"რაც უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, უდავოა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების მკვეთრმა გაუმჯობესებამ დადებითი შედეგი გამოიღო..."

საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის უბნებიდან ორი ავღანეთში - მაზარი-შარიფსა და ბაგრამში იყო, სადაც ხმა თითქმის 900-კაციანმა ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მისცა. ერთი შეხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ასიათასობით ხმისთვის იბრძვიან, მაინცდამაინც საინტერესო არ უნდა იყოს ათასზე ნაკლები ხმის ბედი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, ძირითადად როგორი განწყობაა საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაში ხელისუფლება-ოპოზიციის მუდმივი დაპირისპირების დროს.

2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროში 40 646 საშტატო თანამდებობა იყო, საიდანაც 37 893 თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე მოდიოდა. ცხადია, ყველა საშტატო ერთეული შევსებული არ გახლდათ, მაგრამ დაახლოებით მაინც რომ განვსაზღვროთ, ავღანეთში მყოფი 900-მდე სამხედრო თავდაცვის ძალების რაოდენობის მხოლოდ 2,5%-მდეა, თუმცა ეს მაჩვენებელიც კმარა იმის განსაზღვრისთვის, ძირითადად ვის მისცა ხმა ქართულმა არმიამ. საბედნიეროდ, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არსებობს სხვა დახურული საარჩევნო უბნები, სადაც მხოლოდ თავდაცვის ძალების დანაყოფების პირადი შემადგენლობა მივიდოდა და სადაც მათ შესაფერისად "მოამზადებდნენ" საჭირო კანდიდატისთვის ხმის მისაცემად.

ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ავღანეთში 808 სამხედრომ ხმა მისცა სახელისუფლებო პარტიას, ხოლო 37-მა - ოპოზიციურ პარტიებს. შეიძლებოდა ასეთივე სურათი ყოფილიყო თავდაცვის ძალების სხვა სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემისას, თუმცა კონკრეტული ნიუანსებით. მაგალითად, სამეგრელოს რეგიონში "ნაცმოძრაობას", ტრადიციულად, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს მოსახლეობაშიც და იქ დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში მომსახურეთა შორისაც.

"ოცნებისთვის", ცხადია, ძალიან სასიხარულო იქნება ავღანეთში ორივე საარჩევნო უბანზე ამდენი ხმის მიღება, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ ორი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, სახელისუფლებო პარტია სწორედ ამ უბნებზე დამარცხდა. 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე 875 სამხედროდან სალომე ზურაბიშვილს მხარი 397-მა დაუჭირა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - 261-მა. ეს ხელისუფლებისთვის ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი იყო, მაგრამ რაც მეორე ტურში მოხდა, სრული ფიასკო აღმოჩნდა მთავრობისთვის - ზურაბიშვილს ხმა მხოლოდ 362-მა სამხედრომ მისცა, ოპოზიციონერ ვაშაძეს კი - 452-მა. ეს დღემდე მწარედ ახსოვს "ქართულ ოცნებას", ამიტომაც წელს გამარჯვება ანგარიშით 808:37-ზე მშვენიერი რევანში გახლავთ.

რამ განაპირობა ასეთი წარმატება არა მარტო ავღანეთის სამხედრო კონტინგენტში, არამედ, სავარაუდოდ, მთელ თავდაცვის ძალებში? ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ერთი წლის წინ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლა დასახელდეს. რაც უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილს, უდავოა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების მკვეთრმა გაუმჯობესებამ დადებითი შედეგი გამოიღო.