მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

(ამონარიდი 2080 წლის "კვირის პალიტრიდან", ანუ მოდელირებული ფიქრები)

გვიამბობს კობა სუბელიანი (დიდი კობა სუბელიანის შთამომავალი): "ამ ფოტოს ჩვენს საოჯახო ალბომში ყოველთვის საპატიო ადგილი ეკავა. მას ბაბუაჩემიც და მამაჩემიც სათუთად ინახავდნენ. მასზე  XXI საუკუნის დასაწყისის სამი ყველაზე დიდი მამულიშვილია გამოსახული. მარცხნიდან პირველი, იცანით, ალბათ, დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო მმართველი, მიხეილ სააკაშვილია. მარჯვნიდან პირველი მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების ყველაზე ამოუცნობი წევრი, აკაკი, იგივე კაკო ბობოხიძეა. ამ ფოტოზეც ყველასგან გამოირჩევა - ცალი მუხლითაა ჩაჩოქილი. დაჩოქილსაც კი ეტყობა ვაჟკაცური სული, ხოლო შუაში ბაბუაჩემს, დიდ კობა სუბელიანს მოუყრია მუხლი. მისი სულის სიღრმეს წინ წამოგდებული ღიპიც ვერ ფარავს. ღიპიც სწორედ იმიტომ გაეზარდა, რომ ბევრს ნერვიულობდა და ამ ნიადაგზე ბევრს ჭამდა. დეპრესიას სცოდნია თურმე ასე. დეპრესია კი მას დევნილების უმადურობამ მოჰგვარა.

მოგეხსენებათ, იმ დროს იგი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო. ჰოდა, სწორედ ამ განსახლებას გადაჰყვა კინაღამ საცოდავი ბაბუაჩემი. მას ხომ დევნილებისთვის მხოლოდ კარგი სურდა. დევნილებმა კი მადლობის მაგივრად, მისი სამინისტროს წინ კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. რაც უფრო იზრდებოდა მოშიმშილეთა რაოდენობა, მით მეტად ღრმავდებოდა ბაბუაჩემის დეპრესია.

ამან შეარყია მისი ჯანმრთელობა. ნერვიულობისგან აღარ იყო კაცი. თუმცა ბაბუაჩემის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკან არ დაუხევია, ბოლომდე უერთგულა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებას და დევნილების თბილისიდან გადასახლების საქმე ბოლომდე მიიყვანა. ამ საქმეშიც ის დახმარებას ყოველთვის ღმერთს სთხოვდა. ასე იქცეოდა იმ მთავრობის ყველა წევრი. ღვთის ხსენების გარეშე ისინი ნაბიჯს არ დგამდნენ. ეს ფოტოც ამის ნათელი გამოხატულებაა და კარგად ჩანს სამი უდიდესი მამულიშვილის თავმდაბლობა და ღვთისმოსაობა. მათ სწორედ იმ დღეს შესთხოვეს ღმერთს, მოგვეცი საშუალება, სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ სამშობლოსო.

როგორ ჩავარდა საფრანგეთის ელჩი დეპრესიაში

სამშაბათს "ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ჩრდილოვანი ანგარიშის მოსმენის შემდეგ საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დეპრესიაში ჩავარდა. ანგარიში შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა და მასში შეფასებული იყო, რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ 2010 წლის განმავლობაში”"ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

მასში მოთხრობილი იყო, რამდენად დამოუკიდებელია მედია, რამდენად შეესაბამება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ცვლილებები კონსტიტუციაში და რა ნაბიჯები იდგმება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. ასევე ის, თუ როგორ სრულდება ეკონომიკური სექტორის რეფორმა. ალბათ, უკვე გასაგებია, რატომაც ჩავარდებოდა დეპრესიაში ფრანგი დიპლომატი. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, მან ასეთი რამ ბრძანა: "თქვენი მოსმენის შემდეგ მე, როგორც ევროპელ დიპლომატს, ტოტალური დეპრესია დამეუფლა". ალბათ, სწორედ ამ დეპრესიის ბრალი იყო, რომ მან მთლიანად დაივიწყა დიპლომატიური სტილი და მწვავე რიტორიკას მიმართა. არ გჯერათ? აბა, წაიკითხეთ მისი სიტყვები, რომელსაც ისევ რადიო "თავისუფლება" ავრცელებს:

"გამოდის, ევროკავშირის მცდელობა ქვიშაზე დაღვრილი წყალია, რომელიც უკვალოდ იკარგება. არავითარი პროგრესი არ არის იმ მიმართულებით, რასაც ევროპული ფასეულობები ჰქვია. არ არსებობს თავისუფალი მედია, სრული უნდობლობაა პროფკავშირის მიმართ, არ შეინიშნება პროგრესი ეკონომიკაში... ეს კატასტროფაა. თქვენი გამოსვლების შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამიწერეს ახალი ბოლშევიკური სახელმწიფო". მოკლედ, ფაქტია: ეს კაცი დეპრესიაში ქართველებმა ჩავაგდეთ და ახლა როგორმე იქიდან ჩვენვე უნდა გამოვიყვანოთ, თორემ არ აგვცდება დიპლომატიური სკანდალი - საფრანგეთი თავისი ელჩის დეპრესიაში ჩაგდებას არავის აპატიებს. ისე, საინტერესოა, პირველად შეხვდა ეს კაცი არასამთავრობო ორგანიზაციებს? თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია...

მე დავიბენი, თქვენ?

ამ ოპოზიციამ სულ დამაბნია. მოგეხსენებათ, დღეს ქართული ოპოზიცია ორ ნაწილად იყოფა: რევოლუციონერები და რევოლუციის მოწინააღმდეგეები. რევოლუციონერები თავისთავად ორ ქვეჯგუფად იყოფიან, ბურჯანაძისტები (როგორც მათ ხუმრობით შეარქვეს, ბურჯალოსნები) და გრეჩიხისტები. ბურჯანაძისტებმა შეფიცულები შექმნეს, გრეჩიხისტებმა - "ჯარი". რაც მთავარია, ისინი ერთმანეთთან გაბუტული არიან და რევოლუციის მოწყობას ცალ-ცალკე აპირებენ. ეს როგორ მოხდება, ჯერ არავინ იცის. არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა კიდევ გაგონილა და გვინახავს, მაგრამ რევოლუციის ცალ-ცალკე მოწყობა მსოფლიოში ჯერ არავის უნახავს. ისე, რატომ არ უნახავთ? რუსეთში 1917-ში ხომ დაახლოებით ასე იყო: ჯერ მენშევიკებმა დაამხეს მეფე, შემდეგ, რამდენიმე თვეში, ბოლშევიკებმა მენშევიკები გადმოაყუდეს. იქნებ ჩვენც წინ ორი რევოლუცია გველოდება?! მოკლედ, ახლა ყველაფერი დასწრებაზეა.

ამ დროს რა ხდება რევოლუციის მოწინააღმდეგეთა ბანაკში? ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესს ხავსივით ებღაუჭებიან და თან რევოლუციის მომხრეებზე ილაშქრებენ. "ილაშქრებენ" ის სიტყვა არაა. უკვე მუქარაზეც კი გადავიდნენ. აი, რა უთხრა ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსს":

"ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მცდელობას, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს ძალაუფლება და ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მცდელობას, ძალადობით მოვიდეს ხელისუფლებაში, "თავისუფალი დემოკრატები" დაუპირისპირდებიან და აღკვეთენ".”აქამდე, როდესაც რევოლუციის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, ჩვენ რევოლუციას მხარს არ დავუჭერთო, ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ საინტერესოა, რას ნიშნავს, რომ რევოლუციის ყველა მცდელობას აღკვეთენ. როგორ უნდა აღკვეთოს ოპოზიციურმა პარტიამ რევოლუციის მცდელობა. ბურჯანაძე რომ პარლამენტის ან პრეზიდენტის სასახლისკენ წავა, მას წინ ალასანია გადაუდგება და ეტყვის, მხოლოდ ჩემს გვამზე თუ გადაივლიო თუ როგორ მოხდება ნეტავ ეს?